
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, მოსკოვში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ წინადადება წარადგინა, - ინფორმაციას „აქსიო" ამ საკითხზე ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რეტკლიფის ვიზიტის მიზანი ნაწილობრივ იმის დადგენა იყო, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ უკრაინასთან აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები განახლებულიყო.
„აქსიო" წერს, რომ პარასკევს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის მიაწოდეს ინფორმაცია რეტკლიფის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებისა და სამმხრივი სამიტის წინადადების შესახებ. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს იდეა წარსულშიც წამოჭრა. ზელენსკიმ მხარი დაუჭირა, თუმცა პუტინმა უარყო.
დონალდ ტრამპმა „აქსიოს" განუცხადა, რომ რეტკლიფის ვიზიტი „სტანდარტული სამუშაო" ხასიათის იყო და არ ისახავდა მიზნად რუსეთის გაფრთხილებას - თავს არ დაესხას ნატო-ს ტერიტორიას. წყაროების ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის უთხრეს, რომ რეტკლიფმა მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობაც განიხილა.
რეტკლიფი მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრე ბორტნიკოვს შეხვდა.
„ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, რეტკლიფმა ბორტნიკოვთან ომის მდგომარეობა პესიმისტურად შეაფასა და მოუწოდა, რუსეთმა შეთანხმებას სიტუაციის გაუარესებამდე მიაღწიოს. „აქსიოს" წყაროების ცნობით, რეტკლიფი ბორტნიკოვს კონსტრუქციულ მოთამაშედ მიიჩნევს, რომელსაც დიპლომატიური ძალისხმევის განახლებაში დახმარება შეუძლია.
ანალიტიკოსების შეფასებით, რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი და სამმხრივი სამიტის შეთავაზება გვიჩვენებს, რომ ვაშინგტონი ცდილობს დიპლომატია სპეცსამსახურების „უკანა კარებიდან" გაააქტიუროს, რადგან ოფიციალური დიპლომატიური არხები გაჭედილია. აშშ-ის მხრიდან ბორტნიკოვთან ომის პესიმისტურ სურათზე ხაზგასმა იყო მცდელობა, კრემლის შიდა წრესთვის დაენახებინათ, რომ ომის გაჭიანურება საბოლოოდ რუსეთისთვისვე იქნება მძიმე შედეგების მომტანი.
რაც შეეხება თავად ტრამპი-პუტინი-ზელენსკის შეხვედრას, ექსპერტები ამ იდეას ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ზელენსკის მხრიდან თანხმობის დაფიქსირება ბუნებრივია, რადგან კიევს სურს აშშ-ის უშუალო ჩართულობა, თუმცა პუტინისთვის ასეთი ფორმატი მიუღებელია - კრემლს არ სურს ზელენსკისთან თანაბარ პირობებში დაჯდომა და ვიდრე ფრონტზე საკუთარ უპირატესობას ხედავს, რეალურ დათმობებზე წასვლის მოტივაცია არ აქვს.