
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე, მათ შორის - ლიბანის, თურქმენეთის, პაკისტანის, იემენის, ბელარუსის, უზბეკეთის, რუსეთის, კამერუნის, ინდოეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის და თურქეთის მოქალაქეები.
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.