
მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ენერგობაზარზე რაიმე დიდი კრიზისი ან მასშტაბური შოკი არ იკვეთება, ნავთობკომპანიები შექმნილ ვითარებას მაქსიმალური მოგების მისაღებად იყენებენ. მიწოდების ჯაჭვებში არსებული მცირე შეფერხებები, იქნება ეს სუეცის არხის მუშაობის ხარვეზები თუ რეგიონული დაძაბულობა, რეალურად არ არის იმის საფუძველი, რომ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის დეფიციტი შეიქმნას. პარალელურად, რუსულ ნავთობზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნამ და გამოცხადებულმა 60-დღიანმა მორატორიუმმა, წესით ბაზარი უნდა დაასტაბილუროს, თუმცა ფასი მიუხედავად ამისა, მაინც მზარდია.
ფასების ზრდადობის ტენდენცია, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე განსაკუთრებით გასულ კვირას დაფიქსირდა და ნედლი ნავთობის ფასმა ბოლო ექვსი თვის მაქსიმუმს მიაღწია. უკვე ერთი კვირაა "ბრენტის" ფასი 115 დოლარის ფარგლებშია. ამ დროს გეოპოლიტურ და სამხედრო ესკალაცია გაზრდილი არ არის.
იმისთვის, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე ადგილობრივი ბაზარი დაცული იყოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების მკაცრი და ქმედითი რეაგირება. როგორც ექსპერტი ნიკა შენგელიამ „ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციები და ადგილობრივი კომპანიების ქცევა სრულიად სხვა რეალობაზე მიუთითებს.
„გლობალურად სტაბილიზაციის მოლოდინი არ გვაქვს. ვითარება კვლავ დაძაბულია და არსებული შეთანხმებები პრაქტიკაში არ მოქმედებს. ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ბაზარი მიმდინარე პროცესებს აკვირდება, ამიტომ ფასი მნიშვნელოვნად არ დაიწევს. მეტიც, თუ ნავთობის ფასმა იკლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ოქრო გაძვირდება და მისი ღირებულება 5500 დოლარსაც გადააჭარბებს.
რაც შეეხება საქართველოს, ნავთობის მცირედი გაიაფება ადგილობრივ ბაზარზე ვერ აისახება. იმისათვის, რომ ცვლილება შევამჩნიოთ, საჭიროა ფასის სტაბილური და ხანგრძლივი, თუნდაც ერთთვიანი კლება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ტენდენცია ეტაპობრივად, დაახლოებით 15-20 თეთრით. ზოგადად კი ძველ ნიშნულს ჩვენ ვეღარ დავუბრუნდებით და არსებული მაღალი ფასი კვლავ შენარჩუნდება.
კომპანიებს რაც შეეხება, კონკურენციის სააგენტომ მათი მხრიდან სპეკულაციის ფაქტები არაერთხელ გამოააშკარავა და დააჯარიმა კიდეც, თუმცა ისინი მაინც აგრძელებენ მაღალი მარჟების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში დაკისრებულ ჯარიმებსაც იხდიან. ამ ფონზე კარგად უნდა გავითავისოთ, რომ სპეკულაცია მანამ არ დასრულდება, სანამ სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო ნება არ იქნება,“ - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ.
გლობალური შოკები ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახება, თუმცა მთავარი პრობლემა არა თავად ფასების ცვლილება, არამედ მისი მართვის მექანიზმები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოა. როგორც ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძე აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო ფასების ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
"ნავთობის გაძვირება ზრდის იმპორტირებული საწვავის ღირებულებას, რაც საბოლოოდ ბენზინისა და დიზელის ფასებზეც აისახება. მაგრამ გავლენა ამით არ შემოიფარგლება: ძვირდება გადაზიდვა, იზრდება ლოგისტიკური ხარჯები და დამატებითი ფინანსური წნეხი ექმნება სოფლის მეურნეობას, ვაჭრობასა და მომსახურების სფეროს.
შედეგად, საწვავის გაძვირება შესაძლოა, გადაიზარდოს სურსათისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასების ზრდაში, ანუ ინფლაციაში. განსაკუთრებით მტკივნეული ეს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვისაა, რადგან მათი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კითხვა, რამდენად სამართლიანად აისახება საერთაშორისო ფასების ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე. თუ ნავთობი ძვირდება, იმპორტიორების ხარჯებიც, როგორც წესი, იზრდება. თუმცა, როდესაც საერთაშორისო ფასი მცირდება, მნიშვნელოვანია, ეს ცვლილება მომხმარებელთანაც გონივრულ ვადაში მივიდეს. ფასების ზრდისა და შემცირების ტემპებს შორის ხანგრძლივი სხვაობა მოითხოვს დამატებით ანალიზს.
აუცილებელია საწვავის იმპორტის, ტრანსპორტირების ხარჯების, ადგილობრივი საცალო ფასებისა და სავაჭრო მარჟების სისტემური შედარება. ეს საშუალებას მოგვცემდა დაგვენახა, ფასების ცვლილება რეალური ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული თუ ბაზარზე კონკურენციის პრობლემებიც არსებობს", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ცუცქირიძემ.
ცუცქირიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ არსებულ რისკებზე რეაგირება, არამედ გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც შეამცირებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას, უზრუნველყოფს საწვავის ბაზრის სრულ გამჭვირვალობას და გამორიცხავს ნებისმიერ არაკონკურენტულ ქმედებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლობალური კრიზისების მთელი სიმძიმე კვლავ რიგითი მომხმარებლისა და ადგილობრივი ბიზნესის მხრებზე გადაინაცვლებს.
,,მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილიზაცია, არამედ მათი გავლენის მართვაა. საქართველოს სჭირდება კონკურენტული და გამჭვირვალე საწვავის ბაზარი, იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია და ეფექტიანი ზედამხედველობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან, რათა გლობალური კრიზისის ტვირთი მომხმარებელს გაუმართლებლად არ დააწვეს", - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.