რეზონანსი
26.10.2026

სერბეთის გამარჯვება არის ერისა და დემოკრატიის გამარჯვება ავტოკრატიის წინააღმდეგ და მაგალითი იმისა, რომ ხალხის ნებას ვერ აღუდგება ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც სერბეთში ვუჩიჩის დამარცხებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სერბეთი საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე ტრადიციული და მჭიდრო მოკავშირე იყო და ვუჩიჩის დამარცხება და სერბეთის დემოკრატიული გამარჯვება, ნიშნავს “ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებას, კორუფციის დაძლევას და კანონის უზენაესობის დამყარებას”.

“მსურს სრულიად სერბ ერს მივულოცო ბრწყინვალე გამარჯვება ვუჩიჩის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეიდან მსოფლიოში ერთით ნაკლები “ქოცი” იკავებს მმართველობის სადავეებს. ბოლო დროს რუსეთი დამარცხდა; უნგრეთში, მოლდოვაში, რუმინეთში, სომხეთში და ახლა უკვე სერბეთშიც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე ტრადიციული და მჭიდრო მოკავშირე იყო მთელ რეგიონში. სწორედ ასევე დამარცხდება რუსეთი საქართველოშიც. სერბეთის დემოკრატიული გამარჯვება ნიშნავს; სერბეთის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებას, კორუფციის დაძლევას და კანონის უზენაესობის დამყარებას. ყველაფერ იმას, რასაც რუსეთი და მისი სატელიტი რეჟიმები ასე ძალიან ემტერებიან. ეს მხოლოდ სერბეთის გამარჯვება არ არის, ეს არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სჯერა, რომ სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს და არა ერთ ადამიანს, ერთ პარტიას ან ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებულ კორუმპირებულ სისტემას. უნგრეთის შემდეგ, სერბული გამარჯვებაც ადასტურებს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას ყოველთვის აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ. სრული უთანასწორობის, ერთ პარტიაზე მორგებული სახელმწიფო აპარატის, წინასწარ გაყალბებული სისტემის, კოლოსალური ადმინისტრაციული რესურსის, პრივატიზებული კონსტიტუციის, კორუფციულად მიტაცებული ათობით მილიარდის და სრული მედია მონოპოლიის მიუხედავად, ჯერ უნგრელმა, შემდეგ კი სერბმა ხალხმა დაამტკიცა და აჩვენა, რომ თავისუფლების სურვილს, მოქალაქეობრივ სიმამაცესა და სამართლიანობისთვის ბრძოლას შეუძლია შეცვალოს ქვეყნის პოლიტიკური მომავალი.

ვუჩიჩი დაამარცხა არა გაერთიანებულმა ოპოზიციამ, არამედ გაერთიანებულმა ერმა. სტუდენტებმა, პროფესორებმა, ხელოვანებმა, სპორტსმენებმა, ექიმებმა, პროფკავშირებმა, კულტურის დარგის და საზოგადოების სახეებმა. სერბეთის გამარჯვება არის ერისა და დემოკრატიის გამარჯვება ავტოკრატიის წინააღმდეგ და მაგალითი იმისა, რომ ხალხის ნებას ვერ აღუდგება ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა. სერბეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფართო საზოგადოებრივი ნება არის გადამწყვეტი პოლიტიკური გამარჯვებისთვის. “ლელო-ძლიერი საქართველო” ყოველთვის მიესალმებოდა ფართო საზოგადოებრივ ერთობას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და სერბეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლის სწორი ეფექტური და წარმატებული მოდელი. სერბეთის გამარჯვება იმედია ჩვენთვისაც, საქართველოში ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ბრძოლის შედეგად დაგდება დღე, როდესაც გაიმარჯვებს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს დაუბრუნდება. გაუმარჯოს თავისუფალ სერბეთს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს ხალხის გამარჯვებას რეჟიმის წინააღმდეგ!”, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ მისი პარტია, „სერბეთის პროგრესული პარტია”, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, “სტუდენტურმა სიამ” კი გაიმარჯვა. „ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა“, - განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში. მისი თქმით, წინასწარი შედეგების თანახმად, სტუდენტებს 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, მის პარტიას - „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ - კი 105 ადგილი.

ვუჩიჩის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალე ბელგრადის ქუჩები ზეიმმა მოიცვა. ქალაქის მთავარ გამზირებზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა; ისმოდა მანქანების საყვირების ხმა, ხალხი ცეკვავდა, სტუდენტები კი სკანდირებდნენ: „გამარჯვება!“ და „მორჩა, დამთავრდა!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×