
ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ უწმინდესსა და უნეტარეს შიოს არ აღმოაჩნდება იმდენი ძალა და სულიერება თავის თავში, რომ ერთი პარტიის პატრიარქად არ გადაიქცეს. არც თუ ისე კარგად გამოიყურება, როდესაც პოლიტიკოსები ამბიონიდან ქადაგებენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
ჯეჯელავამ სუროგაციის აკრძალვის საკითხზეც ისაუბრა, ანალიტიკოსის აზრით, ქვეყანაში სუროგაციის თემაზე უფრო მწვავე პრობლემები არსებობს, თუნდაც “ქოლ-ცენტრები”, რომელიც ქვეყანაში თაღლითობის ლეგალურ გზად არის ქცეული.
“მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მინდა ვკითხო, სუროგაციაში რომ დაინახა უმძიმესი პრობლემა [და მე ვეთანხმები, რომ კომერციულ სუროგაციას თან ახლდა ძალიან ბევრი და სერიოზული გვერდითი მოვლენები, რაც გარკვეულ რისკებს ქმნის], რატომ არ მიაჩნია მას უმწვავეს პრობლემად და არა ნაკლებ ცოდვად ის, რომ ჩვენი აქ დარჩენილი ახალგაზრდების დიდი ნაწილი “ქოლ-ცენტრებშია” დასაქმებული და ეს არის ლეგალური თაღლითობის გზა?
პატრიარქის ტვირთი მართლაც ძალიან დიდია, მაგრამ მე ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ უწმინდესსა და უნეტარეს შიოს არ აღმოაჩნდება იმდენი ძალა და სულიერება თავის თავში, რომ ერთი პარტიის პატრიარქად არ გადაიქცეს. არც თუ ისე კარგად გამოიყურება, როდესაც პოლიტიკოსები ამბიონიდან ქადაგებენ. პოლიტიკოსებს აქვთ ტრიბუნები, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ეს შეუზღუდავად და შეუძლიათ, იქიდან იქადაგონ. ასე ერთმანეთში გადარევა სასულიერო და საერო ხელისუფლებისა, არის ის მანკიერი დამოკიდებულება, რომელზედაც ჩვენ სულ ვსაუბრობდით.
ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და, სხვათა შორის, ამ კონსტიტუციის შემოქმედმა კაცმა [ირაკლი კობახიძემ] იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კონსტიტუციით სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გაყოფილია. ჩვენ უარი ვთქვით ბიზანტიურ მოდელზე, ჩვენ უარი ვთქვით იმ მოდელზე, რომელიც დღეს რუსეთში დე-ფაქტო არსებობს და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ხელისუფლებაში პაპუაშვილი, კობახიძე და მიშა ყაველაშვილი მოვიდოდნენ.
სასულიერო და საერო ხელისუფლებების თანამშრომლობა სხვა რამ არის და “ჩვენ ერთად ვართ” - ეს არის სრულიად სხვა რამე. ეს იყო კონსტიტუციის მორიგი დარღვევა კონსტიტუციონალისტ კობახიძისგან, როდესაც მან დღეს დემონსტრირება მოახდინა იმის, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთია.
სუროგაციის აკრძალვის ან არ აკრძალვის საკითხი არ არის ის თემა, სადაც ერთიანობა არის რაიმეს მაჩვენებელი”, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.