ელზა პაპოშვილი
28.06.2024

უკრაინის ფრონტზე ვითარება "არმაგედონად" არ გადაიქცევა, მაგრამ კიდევ ერთი თვე მაინც რთული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

"სასიხარულო ამბავი ის არის, რომ არმაგედონი არ იქნება, ცუდი ისაა, რომ სიტუაცია ასე დარჩება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში და უფრო ადვილი არ იქნება“, - განაცხადა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა The Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში.

როგორც The Philadelphia Inquirer აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ რუსული ჯარები შეეცდებიან მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ ფრონტზე ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის წინ და სანამ შეერთებული შტატებიდან არ დაიწყება ჭურვებისა და სხვა მნიშვნელოვანი იარაღის უფრო დიდი ტვირთების ჩამოსვლა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუშალოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ რუსული წარმატებები“, - აღნიშნა ბუდანოვმა.  

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და ყველა დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.

უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“, 1 X-59/X-69 მართვადი რაკეტა და 23 დრონი ჩამოაგდეს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 6 რაკეტა და 23 დრონი გაუშვეს.

რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.  

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმება, სახელწოდებით: "ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები", გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში გაიმართა. დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოაწერეს. 

გამოცემა Reuters წერს, რომ აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში დაეხმაროს, მათ შორის, შეიარაღების მიწოდების, სამხედრო წვრთნის, თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობისა და განაღმვის სფეროებში.

ევროკავშირის გარდა, ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი ესტონეთთამ და ლიეტუვასთან მოაწერა.  

 „შევხვდები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერებს და გავმართავ ორმხრივ მოლაპარაკებებს. ჩვენ გავაფორმებთ სამ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის ერთს ევროკავშირთან, როგორც მთლიანად ბლოკთან. პირველად, ეს შეთანხმება ითვალისწინებს 27-ვე წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინას ფართო მხარდაჭერა, შიდა ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანას ისტორიულ მიზანთან აახლოებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას და კეთილდღეობას საერთო ევროპულ სახლში.   

ევროპის „ესტონეთიზაცია“ მოხდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დიახ ესტონეთიზაცია. ყველაზე თავგამოდებული რუსოფობების ევროკავშირის სტრუქტურების მომავალ ლიდერებად გამოვლენა მოხდა. ეს სამწუხაროა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას „ევროპის ფინეთიზაციის“ პერიოდი კარგად ახსოვს.

„ეს იმ ტიპის თავისებური ეიფორიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა. იდეოლოგიაზე ყველგან უარი თქვეს. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდნენ უცხოელი სპეციალისტები ჩვენთან უმეტეს სამთავრობო დაწესებულებებში და ცენტრალურ ბანკში, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პრივატიზაციის შესახებ. რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებას სჯეროდა, რომ უცხო ქვეყნები დაგვეხმარებოდნენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ უკრაინამ ახლა ყველა შეიარაღება, რომელიც დასავლეთიდან მიიღო, პასუხისმგებლიანად გამოიყენა. ბერიძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ უკრაინა ომში ბალანსის დაკავებისთვის, რუსების იმ სამხედრო ობიექტების დაზიანებას დაიწყებს,  რომლსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. 

„უკრაინაში  წარმოებული იარაღით ხორციელდებოდა რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმა, მაგრამ ეს არამც და არამც სამოქალაქო ობიექტები არ ყოფილა. იგივე მიზნისთვის უკვე გამოყენებული იქნება ამერიკული შეიარაღებაც და იმედი მაქვს, რომ ამერიკულ პოლიტიკას დასავლეთის სხვა ქვეყნებიც აყვებიან. ნატოს ქვეყნების მიერ მიწოდებულ იარაღს, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას შეძლებს. 

„პირველივე დღიდან ცნობილი იყო, რომ საქმე გრძელვადიან ომთან გვექნებოდა. უკრაინას არაკონვენციური მეთოდების გამოყენება უწევს. თუმცა მოხდა იარაღის მიწოდება და მას შეუძლია მისი რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება. გრძელვადიან ომთან გვაქვს საქმე. 

„ახლა უკრაინელებმა თვალი გაუსწორეს იმ რეალობას, რომ რამდენიმეწლიან ომთან აქვთ საქმე. ამისთვის კი დასავლეთის დახმარებაა საჭირო, მაგრამ შიდა რესურსის მობილიზება სჭირდებათ. სამხედრო მრეწველობის ამუშავება, რათა რუსეთის აგრესია შეაჩეროს. ის ამოცანა რაც უკრაინის წინაშე დგას, არის ის, რომ რუსები შეაჩეროს იქ სადაც არიან, არ დაუშვან მეტი ტერიტორიების დაკავება. დროთა განმავლობაში კი რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოფიტოს“, - ამბობს ბერიძე.  

მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდე იმის ილუზია, რომ რუსეთს იარაღი გამოელევა და დანებდება. პოლკოვნიკი მბობს, რომ მას აქვს ძალინ დიდი რესურსი  და ასევე ჰყავს მეკავშირეები, ვისგანაც დახმარებას იღებს. თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი ომის წარმოებას ვერ შეძლებს.

„ამიტომ არის, რომ პუტინი უკვე მოლაპარაკებაზე ალაპარაკდა და ის ცდილობს ომი გაყინოს, რათა ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს. თუკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონფლიქტებს გავიხსენებთ, დიდ სახელმწიფოებს ასეთი გრძელვადიანი ომი უჭირთ. რუსეთმა გრძელვადიანი ომი უშუალოდ თავის საზღვრებთან წამოიწყო და ამ ომის დიდი ხნით წარმოება გაუჭირდება. ომში სიტუაციის სწრაფ განვითარებას არ უნდა ველოდოთ. ორივე მხარე საკმაოდ მყარად არის თავდაცვაში, ამიტომ ფუჭი მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ“,-ამბობს ბერიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×