ვახტანგ იობაშვილი: "სამომავლოდ აზერბაიჯანიდან ბინზინის იმპორტიც აღდგება, რაც ჩვენი ბაზრისთვის უფრო სტაბილური და საიმედო იქნება"
ქეთო გოგოხია
24.06.2024

საწვავის ბაზარზე მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. ლარის გაუფასურების გამო კომპანიებში ფასების შენარჩუნება აქამდე  წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, კურსი ნელ-ნელა მყარდება, რაც საწვავის ფასებზეც ადეკვატურად იმოქმედებს. მართალია, ნავთობპროდუქტების გაიაფება ჯერჯერობით ადრეა, თუმცა არსებული ფასები ალბათ შენარჩუნდება. ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ პროდუქტის გაძვირებაზე მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა ახლა ვითარება უმჯობესდება.

გარდა ამისა, ახლო მომავალში საქართველოში ბენზინი უკვე აზერბაიჯანიდანაც შემოვა, რაც ფასებს უფრო დააბალანსებს. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, საწვავის ღირებულებაზე სავალუტო ბაზარზე შექმნილი ვითარება მოქმედებს, რასაც მოუსწრო საერთაშორისო სანავთობო ბაზარზე ცვლილებამ კლებისკენ და გაძვირების დინამიკა შეაჩერა.

,,ბოლო დღეების განმავლობაში გლობალურ ბაზრებზე გაიაფების ტენდენცია შეიმჩნევა. ამან დროზე მოგვისწრო და  ადგილობივ ბაზარს ძალიან უშველა ლარის გამყარებამაც, რის გამოც ტენდენცია დადებითად შეიცვალა. იმედი უნდა ვიზონიოთ, რომ ლარის გაუფასურება არ გაგრძელდება. 

არასახარბიელო პროცესები ლართან დაკავშირებით საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში გრძელდებოდა და ამან გარკვეული არასტაბილური სიტუაცია შექმნა. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე შენარჩუნდება არსებული ფასები, რაც მომხმარებლისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება. ყველა კომპანიას, ბრენდირებულსა თუ არაბრენდირებულს, მინდა კავშირის სახელით ვუთხრა მადლობა, რომ სწორი მიდგომა გამოავლინეს და არ გააძვირეს საწვავი, ასეთი მიდგომით ბაზარზე სტაბილური გარემო შექმნეს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლისთვის", - განაცხადა იობაშვილმა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საწვავის ბაზარზე სტაბილურობა განსაკუთრებით მომდევნო თვეებიდან გამოიკვეთება, როდესაც ბაქოდან ევრო-5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავის შემოტანა დაიწყება. 

,,აზერბაიჯანული მედიასაშუალებები აქტიურად წერენ, რომ ქვეყანა საქართველოში ბენზინის ექსპორტს გეგმავს. ცხადია, ეს იქნება ევრო-5-ის სტანდარტის საწვავი, რაც ქართული ბაზრისთვის სტაბილურობის ერთ-ერთ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ. გარკვეულწილად, ეს აისახება ფასზეც, ვინაიდან აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი გაცილებით შეღავათიანად იქნება შესაძლებელი, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ტრანსპორტირტებაშიც არ წავა იმდენი ფული, რაც ზღვიდან გადმოზიდვასა და რუსეთიდან ან ბელარუსიდან ჩამოტანას სჭირდება. აშკარაა, რომ ლოგისტიკური დანახარჯი ნაკლები იქნება.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, რუსეთიდან ,,იაფი" საწვავი გაუტოლდა ევროპულ პროდუქტს, თუმცა მაინც ცოტათი შეღავათიანი გამოდის ტრანსპორტირების გამო. რკინიგზით შემოტანილი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ზღვიდან იმპორტის შემთხვევაშია. 

სამომავლოდ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანიდან არ მოგვაკლდება საწვავი. იგი ძალიან სტაბილური მომწოდებელია, არც ერთ პროდუქტზე დეფიციტი არ შეუქმნია საქართველოსთვის, აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანული საწვავის იმპორტიც უფრო სტაბილური და საიმედო  იქნება", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს- რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე შეფასებით, ლარის კურსის გარდა, სტაბილურობას ქმნის გეოპოლიტიკური ვითარება, კერძოდ ის, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის კერა მეტ-ნაკლებად ამოწურულია, შესაბამისად, რაიმე ცვლილებას ნავთობპროდუქტების ფასის ან მარაგების მხრივ,  არ უნდა ველოდოთ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ყურადღება საწვავის ხარისხზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, რაც უფრო ხშირი იქნება კონტროლი ხარისხზე, მით უკეთესი შედეგი მიიღწევა, ამიტომ კონტროლი გასაძლიერებელია.

,,ხარისხი კონტროლის გარეშე ვერ მიიღწევა. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია და მომავალშიც განისაზღვრება საწვავის ხარისხი. მაგრამ ერთია სტანდარტი და მეორეა, რა იყიდება რეალურად და რა ხარისხის საწვავი ასხია ავზში. მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით და ყურადღება არ მოდუნდეს. 

ზოგადად, დიზელის საწვავის გამოყენების აკრძალვა გამორიცხულია, რადგან სწორედ დიზელს მოიხმარს სატრანზიტო გადამზიდველი სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამერნეო თუ სამხედრო ტექნიკა და ა.შ. თუმცა, თუ უხარისხო პროდუქციის შემოტანაზეა საუბარი, ამაზე რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ დაუშვებელია. გარდა იმისა, რომ გარემოს აბინძურებს, არასტანდარტული, უხარისხო საწვავის რეალიზაცია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრობლემასაც აჩენს, იმედია, ამ მიმართულებითაც დაიძლევა პრობლემა და გამოწვევას გავუმკლავდებით“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მან ასევე საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლის არსებულ მექანიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკმაოდ მაღალია საჯარიმო სანქციები, როგორც ავტოგასამართი სადგურების, ისე მწარმოებელი თუ იმპორტიორი კომპანიების მიმართ.

ამასთან, კონტროლის გაძლიერების დროს სასურველია ოპერატორების შერჩევა მოხდეს არა შერჩევით, არამედ ზედამხედველობა ყველა ოპერატორის მიმართ ინტენსიურად განხორციელდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×