თამთა ჩაჩანიძე
24.06.2024

დაღესტანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 23 ივნისის საღამოს მაჰაჩყალასა და დერბენტში ტერორისტულ თავდასხმას ათეულობით ადამიანი ემსხვეროლა, მათ შორის 15 პოლიციელი, მართლმადიდებელი სასულიერო პირი და მშვიდობიანი მოქალაქეები. შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგას და საგზაო პოლიციის პუნქტს დაესხნენ თავს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის" მუხლით აღიძრა. ოფიციალური მონაცემებით, თავმდამსხმელების ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი დაკავებული.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა ერთდროულად ქრისტიანობის, იუდაიზმის და სახელმწიფოს მიმართ თავდასხმა, რაც რუსეთის იმპერიალისტური და წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგია, რადგან სახელმწიფო მუსლიმი მისახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს და მათ რადიკალიზციას ახდენს.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამან ჩრდილო კავკასიაში შეიძლება განგრძობითი ხასიათი მიიღოს.

რა მოხდა დაღესტანში

24 ივნისის შუადღის მონაცემებით, დაღესტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 20 ადამიანი - 15 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მცხოვრები, რომელთა შორის არის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი და ეკლესიის დაცვის თანამშრომელი. 20-ზე მეტი დაშავებულია. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, განეიტრალებულია ხუთი ბოევიკი: ორი დერბენტში და სამი მახაჩყალაში. რამდენიმე თავდამსხმელი მიიმალა და მათ ჯერ კიდევ ეძებენ.

დაღესტნის რეგიონის ხელმძღვანელის სერგეი მელიკოვის თქმით, რესპუბლიკაში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა. სიტუაციას სამართალდამცავები აკონტროლებენ და სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდება მანამ, სანამ ყველა მონაწილე არ გამოვლინდება.

23 ივნისს დაღესტანში დააკავეს სერგოკალინის რაიონის ხელმძღვანელი მაგომედ ომაროვი და გაჩხრიკეს მისი სახლი. რუსული მედიის ცნობით, ომაროვის ორმა ვაჟმა და მისმა ძმისშვილმა, მონაწილეობა მიიღეს სინაგოგასა და პოლიციელებზე კვირას მომხდარ თავდასხმაში. „ინტერფაქსი" სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელები დახოცეს და ისინი უკვე ამოიცნეს.

კვირას საღამოს შეიარაღებულმა პირებმა დერბენტში სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად შენობებში ხანძარი გაჩნდა. ასევე ცნობილი გახდა მახაჩყალაში საგზაო პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შესახებაც. კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოფელ სერგოყალაში, სადაც თავდამსხმელებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. რესპუბლიკაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იყო შემოღებული. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის" მუხლით აღძრა.

მომხდარს ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის ხელმძღვანელი, სერგეი მენიაილო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმა დაღესტანზე „გარედან იყო მოწყობილი", რათა ჩრდილო კავკასიაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ.

„თუ კრიმინალებს ჰგონიათ, რომ რელიგიებს შორის შუღლის გაღვივება შეუძლიათ, ცდებიან. დღეს რუსულ საზოგადოებას კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია. აცნობიერებს, რომ მსგავსი არაადამიანური ქმედებები აშკარა პროვოკაციაა", - წერს მენიაილო "ტელეგრამზე".

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კი ამბობს, რომ ტერორისტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს „თავიანთი ნამდვილი ბოროტი და მშიშარა ბუნება". კადიროვიც ფიქრობს, რომ ის რაც მოხდა, ჰგავს „საზიზღარ პროვოკაციას და კონფესიებს შორის უთანხმოების გამოწვევის მცდელობას".

„მათ, ვინც ეს საზიზღარი დანაშაული ჩაიდინა, არც რწმენა აქვთ, არც ეროვნება, არც ელემენტარული ვაჟკაცობა. ამის გაკეთება მხოლოდ უკანასკნელ არაადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც ადგილზევე უნდა განადგურდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ დაღესტნის უშიშროების ძალები ყველა დამნაშავეს იპოვიან და დამსახურებულ სასჯელს მიუსჯიან", - წერს კადიროვი „ტელეგრამზე".

„სერიოზული ზარი" საქართველოსთვის

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან"აცხადებს, რომ დაღესტნის ტერაქტი საქართველოსთვის „სერიოზული ზარია".

„ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. როცა რამე მოხდება, მერე ირტყამენ ხელს და მერე უკვე ძალიან გვიან იქნება. დაღესტანში სერიოზული ზარი იყო, ამას სერიოზულად უნდა მოვეპყროთ. ეს არაა მოვლენები შორეულ ავღანეთში, ან პაკისტანში. დაღესტანში მოხდა ის, რომ რუსეთის იმპერიული სახელმწიფო მუსლიმი მისახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს და მათ რადიკალიზციას ახდენს. ჩეჩნეთშიც სიტუაცია „ჩააცემენტა", მიიღეს ის ფორმა, რაც დღეს აქვთ, ეს მხოლოდ გაჩერებული ნაღმია და როგორც კი კადიროვი და პუტინი არ იქნება, ჩეჩნეთი „აფეთდება", რაც ჩვენც შეგვეხება.

„დაღესტანში სიტუაცია არ „ჩაბეტონდა", როგორც ჩეჩნეთში, რადგან ცოცხალი პროცესებია და რადგან რუსეთს ეს კონცეფცია არ ესმის, მუდმივად ჩიხში შედის. რუსეთის იმპერიალიზმს და ქრისტიანობას ახლა იუდაიზმი დაემატა, რადგან დღეს სოლიდარობაა პალესტილენლი ხალხის მიმართ. ყველაფერმა ამან იმოქმედა და ეს ძალიან მასშტაბური და კარგად ორგანიზებული დაგეგმილი ტერორისტული აქტი მოხდა. ეს ერთდროულად ქრისტიანობის, იუდაიზმის და სახელმწიფოს მიმართ თავდასხმაა. ექვსი მიმართულება აფეთქდა, ესე იგი ეს კარგად დაგეგმილია და ტერორისტების სისტემური ქცევა კარგად ჩანს.

„რუსეთმა აქამდე საქმე იმიტომ მიიყვანა, რომ არ ითვალისწინებს თავისი მუსლიმი მოსახლეობის ინტერესებს. აქ უკვე საქართველოს თემა შემოდის, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს არ ვუსმენთ. მაგალითად, რა გახდა ამისთანა, რომ ბათუმში დღემდე ვერ შენდება მეჩეთი?! ასევე ადიგენისა და სხვა მოვლენები. ვიღაცას ჰგონია, რომ თუ სიტუაციას „ჩააცემენტებენ" და ხალხს გააჩუმებენ, ამით წესრიგი მყარდება. არა, პირიქით, ამით ეს ხალხი ამ ტკივილს შიგნით ატრიალებს და სხვანაირად ემზადება სპაასუხოდ. ეს მხოლოდ რუსეთში არ ხდება და მხოლოდ რუსული პრობლემა არაა, ეს კავკასიაშია და საქართველო კავკასიაა.

„მადლობა ღმერთს, ქართული იმპერიალიზმი არ გვაქვს, თუმცა გვაქვს ნაციონალიზმი, რომელიც ანტიისლამური არ არის, მაგრამ მაინც ჩვენს მოქალაქეებს ანგარიშს არ უწევს. ადიგენი იქნება, ბათუმი თუ სამთაწყარი, ყველგან ჩანს, რომ საქართველოს თავისი მოქალაქეების არ ესმის. ამიტომ ეს სერიოზული ზარია. მოვიუწოდებ ხელისუფლებას დაფიქრდნენ თავისი უგნური და წინდაუხედავი პოლიტიკის გამო, ისლამი ათკაციანი ჯგუფი კი არაა, ესაა ოკეანე, რომელიც ცუნამებს ქმნის. ჩვენი წინაპროები საუკუნეებია ამ ოკეანეში ცურვას ახერხებდნენ, საერთო ენას პოულობდნენ. ჩვენ სწორედ ამ გონიერი პოლიტიკით გადავრჩით და დღეს ამიტომაც ვართ გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო და ახლა მივდივართ ევროკავშირსა და ნატოში.

„ასეთი ფრაგმენტები ყოველთვის იქნება, ვიდრე რუსეთს ექნება იმპერიალისტური დამოკიდებულება და პატივს არ სცემს თავის მოაქლაქეებს. მას ჯერ კიდევ თავში აქვს ავარდნილი, სხვა სახელწიფოებს პატივს არ სცემს, თითქოს უკრაინა უნდა დააჩოქოს და საქართველო მისი უკანა ეზოა. ვიდრე ასე ფიქრობს, თავის მოქალაქეებსაც ჩაარტყამს თავში, ესაა რელიგიურ ნაციონალიზმში აზელილი იპმერიალიზმი, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამბობს, რომ თუ ამ მხრივ საქართველოში სიტუაცია დაიძაბა, ეს იქნება მხოლოდ შიდა პრობლემის ბრალი და არა რუსეთის რეგიონებიდან გადმოდებული.

„დაღესტანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველებს დიდ პატივს სცემენ. მათ კარგად ესმის საქართველოს როლი, წონა და ადგილი კავკასიაში და იმედი აქვთ, რიომ ჩვენ ვიქნებით სერიოზული ფლაგმანი - ლოკომოტივი ევროპისა და ნატოს მიმართულებით. იქ სამოქალაქო აზროვნებაა. ვისაც თავიანთი ხალხისთვის მშვიდობა, მდგრადობა და თანასწორობა უნდა, ის ხალხი საქართველოზე ფიქრობენ, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელი კავკასიის უპირატესობა იქნება და თუ ეს ჩაგვივარდება და რუსეთის პოლიტიკა გაგრძელდება, მაშინ მთელ კავკასიაში ძალიან ღრმა რუსული ზამთარი დადგება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×