რეზონანსი
07.06.2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა მუჯირმა 2009 წელს ლონდონში ბინის შესაძენად 560 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, გასაჯაროების შემდეგ კი, გაყიდა. ამის შესახებ „ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი" (SCOOP) თავის სტატიაში წერს.

როგორიც სტატიაშია აღნიშნული, 2008 წელს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მამუკა მუჯირმა ლონდონში ბინა ოფშორული კომპანიის საშუალებით იყიდა. დიდ ბრიტანეთში ახალი გამჭვირვალობის სისტემის წყალობით, ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა მუჯირმა ოფშორული კომპანია დააარსა სეიშელის კუნძულებზე, 2008 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე.

სტატიის თანახმად, მუჯირი 2005 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც იარაღის შესყიდვით იყო დაკავებული. 2003 წლიდან 2008 წლამდე მას ყოველწლიურად მოეთხოვებოდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა, ხოლო თავდაცვის სამინისტროდან წასვლის შემდეგ უნდა შეევსო საბოლოო დეკლარაცია. მუჯირის საბოლოო დეკლარაციაში არ შედიოდა ოფშორული კომპანია Brentley Corporation, არც შემოსავალი ან აქტივები, რაც განმარტავდა, როგორ შეძლო მან ლონდონში ბინის შეძენა.

სტატიის მიხედვით, ბათუ ქუთელიამ, რომელიც ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც მალავენ ფინანსურ ინფორმაციას. ქუთელია აცხადებს, რომ კონკრეტულად მუჯირთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია. მუჯირის დეკლარაციები აჩვენებს, რომ არც მას და არც მის ოჯახს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ან აქტივები რათა შეეძინა ბინა, რომელიც, გაერთიანებული სამეფოს მიწის რეესტრის დოკუმენტის მიხედვით, შეძენილი იყო პირდაპირ იპოთეკის ან საბანკო სესხის გარეშე. მუჯირის წლიური ხელფასი არასდროს აღემატებოდა 20 000 დოლარს, ხოლო მისი მეუღლე და მშობლები ერთად წელიწადში 10 000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებდნენ.

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მუჯირის ოფშორულ კომპანიაზე და მის ბინაზე ინფორმაცია საიდუმლო იყო. შემდეგ, 2022 წელს, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოურ სუბიექტებს, რომლებიც ფლობენ ქონებას ინგლისსა და უელსში, გამოავლინონ თავიანთი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები - პირი, რომელიც საბოლოოდ აკონტროლებს კორპორატიულ ერთეულს და იღებს მისგან სარგებელს. 2023 წლის 12 იანვარს Brentley Corporation-მა გაამჟღავნა, რომ მუჯირი იყო მისი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი დაარსების დღიდან. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მუჯირის საკუთრება საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, მიწის რეესტრის დოკუმენტები აჩვენებს, რომ მან თავისი ბინა 615 000 ფუნტ სტერლინგად გაყიდა.

„რუსეთის ხუთდღიანმა შეჭრამ საქართველოში 2008 წელს, როგორც ჩანს, ბოლო მოუღო მის საჯარო სამსახურის კარიერას. ომი ფართოდ განიხილებოდა როგორც კატასტროფა საქართველოსთვის და რუსული ძალები დღესაც აგრძელებენ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაციას. შეჭრის შემდეგ, ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს საქართველოსთვის მოწოდება თავდაცვის რეფორმების გატარებისკენ. იმავდროულად, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის გადაყენებას ითხოვდა. ზეწოლის ქვეშ, სააკაშვილმა დაიწყო კაბინეტის ძირეული ცვლილებები, რასაც მოჰყვა კეზერაშვილის თანამდებობიდან გადაყენება მის მოადგილეებთან, მათ შორის მუჯირთან ერთად", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, როგორც მინისტრის მოადგილე, მუჯირი მონაწილეობდა სამხედრო შესყიდვებში, 2008 წლის ნოემბრის აშშ-ის დიპლომატიური დოკუმენტის თანახმად, რომელიც Wikileaks-მა გამოაქვეყნა. დოკუმენტი, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც „საიდუმლო", შეიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის სავაჭრო კონტროლის შესაბამისობის ოფისის (DTCC) შეშფოთებას საქართველოს ძალისხმევაზე, შაშხანებისა და ყუმბარმტყორცნების გადაზიდვის შესყიდვასთან დაკავშირებით.

მუჯირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელი მოაწერა გადაზიდვის დოკუმენტაციას. იარაღის გარიგება სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ფირმამ და ბულგარულმა კომპანიამ გააფორმეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის სავაჭრო კონტროლის შესაბამისობის ოფისს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ორივე კომპანიის კავშირზე ორგანიზებულ დანაშაულთან და იარაღის ტრეფიკინგთან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუ ქუთელიამ, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც მუჯირთან ერთად მუშაობდა, თქვა, რომ იმ დროს საქართველოს ეკრძალებოდა დასავლური წარმოების მასალების შეძენა, როგორიცაა ჯავშანტექნიკა, არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„აქედან გამომდინარე, ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, რომელიც საქართველომ შეიძინა, იყო ძველი საბჭოთა სტანდარტების, შეძენილი პოსტსაბჭოთა ბაზრებზე. ამ ბაზრებს აქვს კორუფციული რისკების მაღალი დონე", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სტატიის თანახმად, იმ დროს, როცა ქუთელია და მუჯირი სამინისტროში მუშაობდნენ, საქართველოს თავდაცვის სექტორი გადიოდა ძირითად რეფორმებს ნატოსთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელებული „სტრატეგიული მიმოხილვის" ფარგლებში.

„კორუფციული რისკების მინიმიზაცია თავდაცვის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ღონისძიებები მოიცავდა თავდაცვის სამინისტროს ფინანსური და შესყიდვების დეპარტამენტების გამიჯვნას, საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდას და დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით კორუფციის დროული გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უნარის გაუმჯობესებას. თითოეული ეს კომპონენტი არ იყო სრულყოფილი 2008 წლისთვის", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×