რეზონანსი
07.06.2024

„ქართული ოცნების" 30 წამყვანი პირი არასასურველია აშშ-თვის, ესაა მთავარი გზავნილი და ამით ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წევრების დასანქცირებით, „ჩვენი ყველა მოლაპარაკება ევროატლანტიკური გაწევრიანების მიმართულებით შეწყდა".

„სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები და შეზღუდვები შეეხო იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან რუსული კანონის ინიცირების და მისი მიღების სათავეებში. ქვედა რგოლი ვერ იქნებოდა სათავეებში, ასე რომ ვიცით ვინც არიან სანქცირებულები. აქ გვარებსაც მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, ცხადია, ესენი არიან „ქართული ოცნების" წამყვანი ძალა. ეს არის გზავნილი, რომ მისი 30 წამყვანი პირი, არასასურველი პირები არიან აშშ-თვის. ესაა მთავარი გზავნილი და ამით ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი. იმაზე კი აღარაა საუბარი, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება, ჩვენი ყველა მოლაპარაკება შეწყდა ევროატლანტიკური გაწევრიანების მიმართულებით. სანქცირებულ ხელისუფლებასთან არავინ აწარმოებს მოლაპარაკებას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება ისეთი სისწრაფით მიდის უფსკრულისკენ, რომ მათი გამჩერებელი აღარავინაა.

„როდესაც ქვეყანას ჰყავს აშშ-ის მხრიდან სანქცირებული ხელისუფლება, ეს არის ძალიან ნეგატიური, უკიდურესად უარყოფითი გზავნილი გარესამყაროსთვის. ისეთი სისწრაფით მიექანებიან უფსკრულში, რომ ახლა ამათი გამჩერებელი არავინ არ არის. წავიდნენ იქ, სადაც მიდიან, მაგრამ ეს ქვეყანა უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, რომ ახლა სასწორზეა შეგდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. არავის არ აქვს უფლება, რომ იყოს ინერტული", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×