თამთა ჩაჩანიძე
21.06.2024

თბილისში ჩინეთის საელჩო აშშ-ს ახალი ელჩის რობინ დანიგანის ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ დანიგანის განცხადება ანაკლიის პორტისა და მასში ჩინური კომპანიის ჩართვის ნაწილში „ფაქტებთან შეუსაბამოა", ინტერვიუს დროს აშშ-ს ახალმა ელჩმა თქვა, რომ ჩინური კონსორციუმის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია". გარდა ამისა, დანიგანმა დასძინა, რომ კომპანიას კარგი რეპუტაცია არ აქვს. ამ პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისგანაც მოჰყვა მწვავე კრიტიკა და „ორმაგი სტანდარტი" უწოდეს.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა აქვს, რა დროსაც ცდილობს დიდ მოთამაშეებს ერთდროულად ეთამაშოს და ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველო ყველა დიდი მოთამაშის ინტერესთა გადაკვეთის წერტილია. ეს კი თავად პატარა ქვეყნისთვის შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ამიტომ, კაკაჩიას აზრით, კარგად უნდა იყოს განსაზღვრული ნაბიჯები საგარეო ვექტორთან დაკავშირებით.

ჩინეთის, აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია

ჩინური მხარე ხაზს უსვამს იმას, რომ ელჩის განცხადება ეწინააღმდეგება ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ დადგენილ „სან-ფრანცისკოს ხედვას".

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: „China Communications Construction Company"-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია" ფლობს და „China Communications Construction Company" და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი, არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას.

„ჩინურმა მხარემ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა 19 ივნისს „ინტერპრენსიუსთან" ინტერვიუში ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კომპანია „CCCC"-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტში კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია".

ელჩის თქმით, ჩნდება კითხვა - „რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს?". გარდა ამისა, დანიგანის განცხადებით, ასევე კითხვაა, მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ.

„CCCC"-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია", - განაცხადა დანიგანმა.

ამ განცხადებას ჯერ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალა" გამოეხმაურა ვრცელი წერილით, შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირადად ელჩის მიმართ პატივისცემა აქვს, თუმცა ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია.

„რაც შეეხება აშშ-ის ელჩს, მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პირადად მის მიმართ პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ის დადებით წვლილს შეიტანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. რაც შეეხება ზოგადად ჩინეთის თემას, ვფიქრობ, რომ აქაც არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.

„რეალურად ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა სამართლიანობა, სამართლიანი შეფასებები. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ უსამართლო შეფასებებს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც დგამს ჩვენი სახელმწიფო.

„ეს ნაბიჯები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავაგრძელებთ შესაბამისი მიმართულებით მომავალშიც მოქმედებას. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა არის კონტრპროდუქტიული იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები ჩვენსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დიდ მოთამაშეებს ერთდროულად ეთამაშოს და ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ. მისი თქმით, გამოდის, რომ საქართველო ყველა დიდი მოთამაშის ინტერესთა გადაკვეთის წერტილია.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ბოლოდროინდელი კურსი მიმართულია იქითკენ, რომ, ფაქტიურად, ჩვენ დე ფაქტოდ ე.წ. მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა გვაქვს. ფორმალურად ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება გვინდა, მაგრამ ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ დიდ მოთამაშეებს ერთდროულად ეთამაშოს. ეს მოთამაშეები ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ ისინი ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ და თითოეული მათგანისგან რაღაც სარგებელი მიიღოს.

„თავად ეს დიდი მოთამაშეები, როგორიცაა ჩინეთი, აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და ა.შ., ერთმანეთთან გეოპოლიტიკურ კონკურენციაში არიან. შესაძლოა ეს ფორმულა ერთი შეხედვით მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ რეალურად ძალიან სახიფათოა, რადგანაც ამ ვარიანტში, როცა კონსტიტუციაში გიწერია ევროანტლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, იქ შეიძლება ავტორიტეტი დაკარგო, რაც საქართველოსთან შემთხვევაში რეალურად ხდება და ამ ვითომ მულტივექტორულ პოლიტიკის განხორციელებაში იკარგება საქართველოს ძირითადი პრიორიტეტი რა არის. ბუნებრივია, ეს ჩვენი ტრადიციული პარტნიორების - აშშ-ისა და ევროკავშირის უკმაყოფილებას იწვევს.

„რა თქმა უნდა, საქართველო ყველა დიდი მოთამაშის ინეტესთა გადაკვეთის წერტილია, აქ ბევრი დიდი მოთამაშეა და ბუნებრივია, ამ დროს პატარა სახელმწიფო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ რაღაცნაირად პირველ რიგში მისი ეროვნული ინტერესები დაკმაყოფილდეს და არ უნდა გაერთოს ზედმეტ გეოპოლიტიზირებაში. პატარა სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ შეცდომა დაუშვას, რადგან მერე ამის გამოსწორება ძალიან რთულია. დიდ სახელწიფომ თუ შეცდომა დაუშვა, შანსი აქვს, რომ გამოასწოროს", - განაცხადა კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს მათ შორის სიფრთხილე მართებს ანაკლიის პორტის მშენებლობის ვარიანტშიც.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიფრთხილე ნამდვილად მართებს, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია. ამიტომაც ამბობს ძალიან ბევრი ექსპერტი, რომ იმ ჩინურ კომანიას, რომელიც ამას აშენებს, ასევე აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება შრი-ლანკაში. შრი-ლანკის პორტი, რომელიც სკანდალებითაა სავსე, დღეს ფაქტიურად ჩინეთის სამხედრო პორტი გახდა. ჩვენთან ხელისუფლება არ საუბრობს იმ რისკებზე, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს. ეს მაგალითები არის და ამ რისკებზეა საუბარი, რისი პრევენციაც საქართველოს ახლა სჭირდება. რეგიონში, სადაც რუსეთი, თურქეთი და აშშ-ია, ისედაც დაძაბულია სიტუაცია და კიდევ ჩინეთის ჩართვა ამ ყველაფერს რამდენად შეუწყობს ხელს, არ ვიცი", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×