თამთა ჩაჩანიძე
25.06.2024

ბოლო დროს, კრემლის მაღალჩინოსნები საქართველოზე განცხადებას ხშირად აკეთებენ - ერთ-ერთი ბოლო რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსეი ოვერჩუკის იყო, სადაც ამბობს, რომ „საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს". ანალიტიკოსთა შეფასებით, ფრაზაში კარგად ჩანს, რომ მოსკოვი თბილისს სამხედრო კუთხით უყურებს, კრემლის მარალჩინოსნებისთვის კი ახლა მნიშვნელოვანია „სამხრეთ ფლანგზე სტაბილურობა იყოს".

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში და მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლებისგან სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნაწილი კი ამბობს, რომ რბილი ძალით, მათ შორის შემქები განცხადებებით, რუსეთი საქართველოს დამორჩილებას ცდილობს.

„თუ შეხედავთ საქართველოს, ისინი უფრო და უფრო მეტად აცნობიერებენ თავს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც საკუთარ მეზობლებთან მშვიდობიანი ცხოვრებისკენ ისწრაფვის. მათ ესმით, რომ არ სურთ რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის პროეცირების პლაცდარმად გამოიყენონ", - განაცხადა რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.

მისი თქმით, ამ ტენდენციას კარგი გამოძახილი აქვს მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის სახით, კერძოდ, ტურიზმის სფეროს მაჩვენებლებში. რუსეთის ვიცე-პრემიერის მტკიცებით, ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე ისწრაფვის.

რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს სამხედრო კუთხით უყურებს და ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების" პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რომ ის წარსული შეცდომები გამოირიცხოს, რაც 2008 წელს მოხდა.

„რუსეთის ხელისუფლებიდან წამოსული განცხადებები, რითაც თითქოს საქართველოს მთავრობას აქებენ, ყოველთვის ნაცრადიკალების წისქვილზე ასხამს წყალს - არგუმენტი უჩნდებათ, თითქოს „ქართული ოცნება" კრემლთან მჭიდროდ თანამშრომლობს. თუმცაღა, ამ 12 წლის განმავლობაში, ქართულ რადიკალებში ზერელე განცხადებების გარდა, არცერთი მყარი მტკიცებულება და არგუმენტი არ ყოფილა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ალიანსშია.

„რუსეთი სამწუხაროდ სამხედრო კუთხით გვიყურებს და არა პოლიტიკური და ხალხთან ურთიერთობის მხრივ. რუსი მაღალჩინოსნებისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ ფლანგზე სტაბილურობა იყოს. როცა ორი დაპირისპირებული ქვეყნის ინტერესები ემთხვევა, არ ნიშნავს, რომ მოკავშირეები არიან. შესაძლოა საფრანგეთისა და რუსეთის ინტერესებიც დაემთხვეს რიგ საკითხებზე, მაგრამ ისინი დაპირისპირებულები არიან.

„საქართველოს ხელისუფლება ბოლო 12 წელია გონივრულ პოლიტიკას ატარებს, რასაც მშვიდობიანი განვითარება ჰქვია, მაგრამ ამავე დროს კატეგორიული მიუღებლობაა იმისა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს - მანამ, სანამ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში ორი ე.წ. რუსული საელჩოა. ამასთან, სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობაა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს.

„ჩვენი ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკა იმასაც ემსახურება, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციულ კურსს საფრთხე არ შეექმნას მორიგი გაუაზრებელი სამხედრო ავანტურებით. ამ ხელისუფლებას პრაგმატურლი მრავალვექტორიული საგარეო ურთიერთობა აქვს - მოკავშირეების ძიება ყველგან, გარდა ოკუპანტისა და ამ მშვიდობიდან გამომდინარე, ეკონომიკური წინსვლით, გავხდეთ ისეთი ქვეყანა, რომელიც ღირსებით შევა ევროპულ ოჯახში. ასეთი წარმატებული ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად ძლიერია, ბუნებრივია მოიზიდავს ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც დროებით გამყოფ საოკუპაციო ხაზებს მიღმა არიან.

„მნიშვნელოვანია, როცა შიდა და გარე დამუნათების მიუხედავად, არ უხვევ მშვიდობისა და სტაბილურობის გზას. ამავე დროს, ოფიციალური თბილისი ინარჩუნებს იმას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, ოკუპანტი - ოკუპანტია, მეგობარი - მეგობარი, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ქართველები რუსეთში ცხოვრობენ და რუსეთთან ნებისმიერი სამხედრო ავანტურის შედეგად საქართველო სულ რამდენიმე საათში გაქრება, კრემლის ჯარისკაცების მხრიდან, ზუსტადაც რომ ბრძნული და დინჯი პოლიტიკაა საჭირო. ის წარსული შეცდომები უნდა გამოირიცხოს, რაც სააკაშვილმა და მისმა სისხლიანმა რეჟიმმა ჩაიდინა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს საბოლოო დამორჩილებაა და ასეთი შემქები განცხადებებიც ამას ემსახურება. მისი თქმით, კრემლისთვის ხელსაყრელია „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა.

„რუსეთი საქართველოს დამორჩილებას ცდილობს რბილი ძალის მეშვეობით, მათ შორის შემქები განცხადებებით, რომ საქართველო სუვერენიტეტისთვის და ღირებულებების დასაცავად იბრძვის და თითქოს დასავლეთი ერევა შიდა საქმეებში. ამაზე მეტი ცინიზმი რა არის?! ვხედავთ საქართველოს საქმეებში ვინც ჩაერია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით.

„რუსეთის მიზანია, რომ ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩეს - მინიშნება ჩანს, რომ მიდით, გააყალბეთ არჩევნები და ხელისუფლებაში დარჩით. ეს ბუნებრივია ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება და დაქვემდებარება გაიზრადოს. თან ვხედავთ, რომ რუსეთი ბოლო დროს მოკავშირეებს ეძებს, ცდილობს აჩვენოს, რომ მას მეტი მოკავშირე ჰყავს, ვიდრე დასავლეთს. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ომამდე მუშაობდა. ახლა სანქციების მერე, რუსეთი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა.

„რუსეთმა იხელთა დრო, „ოცნება" ხელისუფლებაშია და ცდილობს მაქსიმალურად მოეფეროს. შემთხვევითი არაა, რომ სავიზო შეზღუდვები გაუქმდა და ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლას სთავაზობს, ასევე ეკონომიკურ კავშირებს მეტად აღრმავებს.

„რუსეთის ქება-დიდება „ოცნებას" პროდასავლურ ამომრჩეველს წესით უნდა აკარგინებდეს, მაგრამ ვინც პროდასავლური იყო და ამავე დროს „ოცნებას" უჭერს მხარს, ის ავტომატურად საგარეო პოლიტიკურ ხედვებსაც იცვლის და იმ დინებას მიჰყვება, რასაც „ოცნება" აკეთებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×