მეწარმეების აზრი ორად იყოფა, ეკონომისტები უფრო მშვიდად არიან
ირმა ჩიტაია
27.05.2024

მოსალოდნელმა სანქციებმა და ლარის კურსის რყევამ შესაძლოა, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მატება გამოიწვიოს. ბიზნესმენთა ნაწილის აზრით, გარდა იმისა, სანქციები საქართველოს იმიჯს აზარალებს, ის უარყოფით გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიზნესზე. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოვლენები საგრძნობლივად ვერ დააზარალებს მეწარმეებს და ვერც პროდუქციის გაძვირებაზე მოახდენს დიდ გავლენას.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები  უარყოფითად ისახება ლარის კურსზე. შესაძლო სანქციების გახმოვანებისთანავე, ეროვნულმა ვალუტამ სერიოზული რყევა განიცადა. თუ მდგომარეობა არ დასტაბილურდრბა და არასტაბილურობა მომავალშიც გაგრძელდება, ამან შეიძლება ფასების ცვლილება გარდაუვალი გახადოს.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ცალსახად აღნიშნა, რომ შესაძლო სანქციების გაჟღერებამაც კი ეროვნულ ვალუტაზე უარყოფით გავლენა მოახდინა და თუკი ასე გაგრძელდა და ლარი არ დასტაბილურდა, გაძვირება გარდაუვალი იქნება.

,,იმპორტირებული საკვების მიმართულებით, სამწუხაროდ, პირველ რიგში, დამოკიდებული ვართ რუსეთზე, შემდეგ თურქეთზე და ევროპაზე. მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა რომ ახლავე გავლენა იქონიოს სამომხმარებლო ბაზარზე და ფასები შეიცვალოს, ეს ცალსახად არასწორია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლარი თუ გაუფასურებას გააგრძელებს, სურათი შეიცვლება.

სამწუხაროდ, ამ სასიშროების წინაშე ვდგავართ. თქვენ ხედავთ, ჯერ არავინ არ დაუსანქცირებიათ და რამხელა ზეგავლენა მოახდინა გამოთქმულმა მოსაზრებამ. დღეს არანაირი ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს იმისთვის, რომ ლარმა შეინარჩუნოს სტაბილურობა. ალბათ ინვესტიციების კუთხითაც სერიოზულ პრობლემები შეიქმნება და თუკი ლარი წონასწორობას დაკარგავს, აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას ფასებზე.

ის კონტექსტი, რომ საქონელზე ფასი სანქციების გამო გაიზრდება ან  პროდუქტის დეფიციტი შეიქმნება, ეს არასწორია, მაგრამ პრობლემები შეიქმნება ექსპორტის კუთხით, მათ ვისაც ამერიკაში და ევროპაში გააქვთ პროდუქცია", - აღნიშნა ჭყონიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

არასტაბილური მდგომარეობა იწვევს ბიზნესის შეფერხებას ნებისმიერი მიმართულებით. ეს კი, ჭყონიას აზრით, განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვება ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც თავიანთი ნაწარმი ევროპის ქვეყნებში გააქვთ.

,,დასანქცირებული მთავრობა ძალიან არასასიამოვნოა. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ სიტუაცია არ დარეგულირდა და ეს მდგომარეობა გაგრძელდა, საფრთხის შემცველი იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, რომელიც ექსპორტზე გადის ამერიკასა და ევროპაში.

ქვეყნის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი მწარმოებელი იქნება თუ ფერმერები, როდესაც უცხოეთში (ევროპაში, ამერიკაში, გალფის ქვეყნებში) მოლაპარაკებებზე წავლენ და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება დასანქცირებული იქნება, რა თქმა უნდა, კარგის არაფერს მოგვიტანს. სახელმწიოფ ყოველთვის არის ნებისმიერი ბიზნესისა და ადამიანის სარკე - სტაბილურობის გარანტი. იქ სწორედ ასეთი სახელმწიფო უნდა უმაგრებდეს ზურგს ჩვენს ბიზნესმენებს", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მოსალოდნელ სანქციებზე და ლარის კურსის რყევაზე სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელ რევაზ ვაშაკიძეს. მისი მოსაზრებით, პერსონალური სანქციები ბიზნესს ზიანს ვერ მიაყენებს და ვერც ლარის კურსს დააზარალებს.

,,ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სანქციები, მაქსიმუმ შეიძლება გავრცელდეს ფიზიკურ პირებზე. ამიტომაც ამას დიდი გავლენა არ ექნება ლარის კურსზე, თუმცა მოსალოდნელია, რომ ქვეყანას არ გამოუყონ კრედიტები და გრანტები. ცხადია, ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და საინვესტიციო გარემოზე. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ  საქართველოში დიდი ხანია საინვესტიციო გარემო ისედაც მოიკოჭლებს. რაც შეეხება ტურისტულ სექტორს, აქ დომინირებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, რუსეთი და თურქეთი. ამიტომაც, ამ კუთხითაც ვფიქრობ, დიდი პრობლემა არ იქნება.

დღეს ყველა ხატავს სურათს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. ჩემი ვარაუდით, ეს გადაჭარბებულია. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენების გამო დრამატული ცვილილება არ იქნება. მართალია ლარის კურსი თამაშობს, მაგრამ  ეროვნულ ბანკს საკმაოდ აქვს რეზერვები და მის გაკონტროლებას შეძლებს", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ვაშაკიძემ.

მისი ვარაუდით, ეროვნული ვალუტის მცირე რყევები შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს, რაც ბაზარზე არსებულ ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს და ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. რაც შეეხება ინვესტიციებს, ქართული ბიზნესი, ძირითადად, რუსეთზეა დამოკიდებული და ამიტომაც, არსებული მდგომარეობა სურათს ძირფესვიანად ვერ შეცვლის.

,,საქართველოში უცხოური ინვესტიციები მცირე რაოდენობით შემოდის. ეს უფრო უძრავ ქონებასა და სამშენებლო სექტორს ეხება. აქ მნიშვნელოვანი რყევა არ იქნება. ჩვენი ბაზარი მეტწილად რუსეთზეა მიბმული და იმპორტის კუთხით დიდი შემცირება მოსალოდნელო არ არის.

ცხადია, როდესაც ლარის კურსი ირყევა, ეს იწვევს გაძვირებას, თუმცა რაც ახლა ხდება უმნიშვნელო, მცირე ცვლილებებია და თუ დიდი გაუფასურება არ იქნება, პროდუქცია მნიშვნელოვნად არ გაძვირდება. შექმნილი არასახარბიელო სურათის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე საგანგაშო არაფერი გვემუქრება", - განაცხადა ვაშაკიძემ.

სავარაუდოა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად არ დააზარალებს ეკონომიკას, რადგან შესაძლო სანქციები შეეხება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს. აფბა-ს პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი, ცხადია, ინვესტორებისთვის უარყოფითი სიგნალი იქნება.

,,დეტალურად ამაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა ტიპის სანქციებზეა საუბარი. რაც ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, ისაა, რომ შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ მაღალი თანამდებობის პირებს. ეს კი რაიმე განსაკუთრებულ ეკონომიკურ პრობლემებს არ გამოიწვევს. რასაკვირველია არ იქნება სასიამოვნო ფაქტი, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის, ვინც ქვეყანაში შემოდის ან შემოსვლას გეგმავს. მათთვის ეს უარყოფითი სიგნალი იქნება და შესაძლოა, გარკვეულწილად, უკან დაახევინოს უცხოელ ინვესტორებს; მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ეს პროცესი ეკონომიკას დაანგრევს, არასწორია.

რაც შეეხება ქართველ მეწარმეებს, რადგან ეკონომიკურ სანქციებზე საუბარი არ მიდის, ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებად მათ შეეხებათ.  თანაც, ამ ეტაპისთვის, ფინანასურ რესურსებზე შეეზღუდვები ბიზნესმენებს და მეწარმეებს არ აქვთ", -განუცხადა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

რაც შეეხება ლარის კურსთან დაკავშირებულ სიტუაციას, კაპანაძე მიიჩნევს, არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივიაცაა. ეროვნულ ბანკს აქვს საკმაო მოცულობის რეზერვი და ის ისტორიულ მაქსიმუმზეა. სებ-ს აქვს შესაძლებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ფასები და ამასთან ეროვნული ვალუტის საგრძნობი გაუფასურება არ დაუშვას.

,,ცხადია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ფაქტორებს გავლენა აქვს ეკონომიკაზე. ასეა ყველგან და ჩვენსთანა პატარა ქვეყნების ეკონომიკაზე  უფრო მეტად ახდენს გავლენას. სავარაუდოდ, სანქციები გარკვეულ რყევას გამოიწვევს უფრო ლარის კურსთან მიმართებით, თუმცა ეს იქნება ალბათ მოკლევადიანი.

დღესაც სახეზეა ეროვნული ვალუტის გაუფასურება. მსგავსი ფაქტები შეიძლება შიგადაშიგ კვლავ გაგრძელდეს, მაგრამ ლარი და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე წინა პერიოდებში. ამიტომ იმედს ვიტოვებ, ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე არ ემუქრება იმ სანქციებიდან გამომდინარე, რაც ამ ეტაპისთვის ცნობილია.

სამომხმარებლო პროდუქტს რაც შეეხება, მისი გაძვირება კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა მგონია. მიმდინარე პროცესებს ჯაჭვური რეაქცია აქვს ეკონომიკაში, მაგრამ დღეს არ გვაქვს ისეთი რთული პოლიტიკური ვითარება, რომ ამან ჩამოაქციოს ჩვენი ეკონომიკა. ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება და გამყარება ფასებზე გავლენას არ ახდენს ხოლმე. დღეს ვხედავთ რომ ინფლაცია საკმაოდ დაბალია და შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ რაიმე სწრაფი გაძვირების წინაშე აღმოჩნდეთ", - დასძინა კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×