თამთა ჩაჩანიძე
28.06.2024

ევროპული საბჭოს სამიტის განცხადენის ტექსტი ოფიციალურად უკვე ცნობილია საართველოსთან დაკავშირებით, ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიც „საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას", ასევე მოუწოდებენ, რომ „განმარტონ თავიანთი განზრახვები".

„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებული რისკებიდან გამომდინარე მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რთულია სიტუაციის შეფასება, რადგან მათ არ გაუვლიათ ის ქვეყნის განვითარების 30-წლიანი ისტორია, რომელიც საქართველომ გაიარა.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირმა ამით საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი მისცა. მისი თქმით, ევროკავშირი მოძრაობს ნელა, თუმცა გააზრებულად და ეს ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ მკაცრ ზომებზე არ წავა.

რა წერია ევროკავშირის ლიდერების განცხადებაში

„ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები მოქმედების მიმდინარე კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას", - აღნიშნულია სამიტის დასკვნით დოკუმენტში.

ამასთან, ევროპული საბჭო ითხოვს, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები და ხაზს უსვამს, რომ იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ბლოკის წევრი გახდეს.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს მნიშვნელოვან გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო დაკვირვებას პარტნიორების მიერ. ის გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი იმეორებს ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეფასებები დოკუმენტზე

ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არის ბოლო გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს, რომ ხიდები ბოლომდე არ გადაწვას და ხელისუფლებას შანსი მისცეს დემოკრატიულ ჩარჩოს დაუბრუნდეს.

„ეს არის ბოლო გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის. ევროკავშირი მაინც ცდილობს, რომ ხიდები ბოლომდე მაინც არ გადაწვას. საქართველოს ხელისუფლებას მისცეს შანსი, რომ უკან დაუბრუნდეს დემოკრატიულ ჩარჩოს, რომელსაც კარგა ხანია ასცდა, რომ შემდეგ რაღაც გაუგებრობები არ იყოს. ევროკავშირი მოძრაობს ნელა, მაგრამ ყოველთვის კარგად გააზრებულად. ამიტომ ეს არის საშუალება ხელისუფლება და განსაკუთრებით ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, უღირს თუ არა მას ასეთ გამწვავებაზე წასვლა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა, როგორც ევროკავშირის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან.

„ეს მხოლოდ დასაწყისია და შემდეგ თუ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა, ამან შეიძლება საბოლოოდ დაასამაროს ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვა. ეს კიდევ ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ ხელისუფლება კარგად დაფიქრდეს და ყველაფრეი აწონ-დაწონოს, რომ ვიწროპარტიულ და ივანიშვილის ინტერესებს, ეროვნული ინტერესები არ გადაჰყვეს.

„გამოჩნდა, რომ მათ სამი ტიპის გზავნილები აქვთ - მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი. ბორელის სიტყვაში გრძელვადიანში შეინიშნებოდა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ისევ გაჯიუტდა, არაფერი არ შეცვალა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია გააგრძელა, უკვე არჩევნების მერე გადადგას ევროკავშირმა ეს ნაბიჯები. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა ბელარიუსის გზას დაადგება.

„საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება გარკვეული განცხადებები არჩევნების წინა პერიოდში, წინასაარჩევნო გარემოს დააკვირდებიან თუ რამდენად არის სამართლიანი, მაგრამ უკვე ჩანს და ეს განცხადებაც ამისკენაა მიმართული, რომ ეს არჩევნები უკვე პრობლემურია ამ კანონის ფონზე და იმის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება - ცემა-ტყეპა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, ეს ამიტომაც კეთდება, რომ თუ მკვეთრი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, საქართველოს ხელისუფლებას არ გაუკვირდეს.

„მკაცრ ზომებს ალბათ პერსონალირი სანქციებით დაიწყებენ, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე დაწყებულია, რადგან საქართველოს ხელისუფლება უკვე ვეღარ მოახერხებს ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე დასწრებას, მაღალი დონის ფორუმებში მონაწილოებას. ბუნებრივია ეს მერე ჩვენი დიპლომატიის შესაძლებლობებს შეზღუდავს, რადგან დაახლოებით იგივე მოხდება საელჩოების დონეზეც და თუ არაფერი არ შეიცვალა ეს თანდათანობით დაუარესდება და ჩვენ იზოლაციაში აღმოვჩნდებით - თუ არსად არ გეპატიჟებიან, ბუნებრივია ქართული დიპლომატიური კორპუსი ბევრს ვერაფერსაც ვერ მიაღწევს",- განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მხოლოდ საქართველომ იცის რა გამოწვევების და რისკების წინაშე დგას ქვეყანა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის რთულია სიტუაციის შეფასება, რადგან მათ არ გაუვლიათ ის ქვეყნის განვითარების 30-წლიანი ისტორია, რომელიც საქართველომ გაიარა.

„ვფიქრობ, ნელ-ნელა გარკვეული ემოციები დაცხრება და ყველა გაანალიზებს, რომ ყველა ქვეყნის უფლებაა, იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი სუვერენიტეტის გასამტკიცებლად.

„ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ ცხოვრობს ჩვენს ტყავში. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, ქართველებმა რა არის ჩვენი რისკები და გამოწვევები. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას იცავს ნატო-ს ატომური ქოლგა, ასევე ევროკავშირის ეკონომიკის სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ამ ქოლგით არც არავინ გვფარავს, ახლო მომავალში არც არავინ დაგვფარავს. თუ უნდათ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეაფასონ სიტუაცია, ჯერ ჩვენს ტყავში უნდა იცხოვრონ, ის ომებიც უნდა ჰქონდეთ გამოვლილი და ის გამოწვევებიც, რომლებიც ჩვენ რეგიონში ჩვენნაირ ქვეყანას აქვს.

„ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედთან".

„ეჭვი არავის ეპარება, რომ რადიკალური ოპოზიცია, ეს პოლიტიკური მავნებლები წერენ ისტორიას, როგორი არ უნდა იყოს არასოდეს არცერთ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია" - ამის შესახებ „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი საჯაროდ აღიარებული პოლიტიკური მავნებლები არიან.

„ოპოზიცია ცდილობდა, რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა არ მოეცათ, შემდეგ კანდიდატის სტატუსზე გადაერთვნენ, ახლა გადართული არიან, რომ საქართველოს ევროპის საბჭოში შეზღუდვები დაუწესდეს და სანქციები ამოქმედდეს. ეს ხალხი საჯაროდ აღიარებული პოლიტიკური მავნებლები არიან. კარგია, რომ ხალხისთვის მარტივი არჩევანი იქნება გასაკეთებელი - ეროვნულ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ მავნებლებს შორის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×