რისთვის ამზადებს საფუძველს კრემლი და რა გაგრძელება ექნება აშშ-ის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას
ნატალია ჯვარიძე
24.06.2024

მოსკოვმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ღიად დაადანაშაულა აშშ რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული სამხედრო ოპერაციის დაგეგმვასა და შესრულებაში. საუბარია კვირას ქალაქ სევასტოპოლის დაბომბვაზე, რომელსაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. ამის გამო ორშაბათი ყირიმში გლოვის დღედ გამოცხადდა, რუსეთში აშშ-ის ელჩი კი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რას ნიშნავს ეს ინციდენტი და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამას?

რუსული მედიის ცნობით, 23 ივნისის შუადღისას ყირიმში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქალაქ სევასტოპოლში 6 ადამიანი დაიღუპა მათ შორის ორი ბავშვი, 151 კი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, თავდასხმა განხორციელდა ამერიკული „ატაკამსის" ტაქტიკური რაკეტებით, რამაც გამოიწვია ტყის ხანძარი 150 კვადრატულ მეტრზე, ასევე დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, შეტევისას ყირიმისკენ სულ გაშვებული იყო 5 „ატაკამსი". აქედან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ოთხი გააუვნებელყვეს. მეხუთე კი, იგივე სისტემების ზემოქმედების შედეგად, საწყისი კურსიდან გადაიხარა და ჰაერში, უშუალოდ სევასტოპოლის თავზე აფეთქდა. მსხვერპლი სწორედ ამას მოჰყვა. რუსული მხარის ცნობით, ყველა რაკეტა კასეტური ბომბებით იყო აღჭურვილი და აფეთქების შედეგად მოხდა მათი გაფატვა დიდ ტერიტორიაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით დაზარალდა ცკუევკის პლაჟი, რომელიც საჰაერო დარტყმის დროს დამსვენებლებით იყო სავსე.

რუსეთის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას უკრაინასთან ერთდ აშშ-საც აკისრებს და აცხადებს, რომ რაკეტები ამერიკელმა სამხედრო სპეციალისტებმა გაუშვეს, რომლებიც სამიზნეების შერჩევისას ამერიკული თანამგზავრებიდან მიღებულ ინფორმაციას იყენებდნენ.

„აშშ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რეალურად კონფლიქტის მხარედ იქცა, რადგანაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე თანამედროვე იარაღით, მათ შორის სევასტოპოლის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული - კასეტური საბრძოლო ნაწილებით აღჭურვილი „ატაკამსის" რაკეტებით ამარაგებს. მათ მიზნისკენ მიმართვას და საფრენი დავალებების შეყვანას ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები ახორციელებენ. შესაბამისად, აშშ-ს კიევის რეჟიმთან ერთად თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ბოროტებაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ ასეთი ქმედებები „დაუსჯელი არ დარჩება".

გარდა ამისა, რუსეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და სევასტოპოლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო დემარში გადასცეს.

ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას აზრით, რუსეთი ასეთი ნაბიჯებით იმის ჩვენებას ცდილობს, რომ მას შეიარაღებული დაპირისპირება არა უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან აქვს. კონკრეტულად ამ ინციდენტს კი, მისივე აზრით, უშუალოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობების თვალსაიზრისით რაიმე გაგრძელება არ ექნება.

„რუსეთი ცდილობს უკრაინასთან დაპირისპირება ამერიკაზე გადაიტანოს. პუტინის რეჟიმისთვის, თვითონ ქვეყნის შიდა სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის საინტერესო, რომ ეს კონფლიქტი გაასაღოს, როგორც უკრაინას და რუსეთს შორის ომი და ამიტომ სხვების ჩართვაც მისთვის მომგებიანია.

„ამ სიტუაციაში ამერიკის მიმართ ბრალდებების მიზანია, რომ დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს, მითუმეტეს დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ბოლო დროინდელი თანამედროვე იარაღის მიწოდების ფონზე. მართალია, ეს საკმარისი რაოდენობა არ არის, მაგრამ ეს რუსეთს მაინც ძალიან აშფოთებს. ასევე საუბარია, რომ მომავალ წელს უკრაინა უკვე ტერიტორიების გასათავისუფლებელ ქმედებებზე გადავა და ბუნებრივია, ახლა რუსეთი ამერიკისა და დასავლეთის შეშინებას ცდილობს.

„ასევე მათ პუტინი ბირთვული იარაღითაც აშანტაჟებს. არ ვიცი ამ შემთხვევას რა შეიძლება მოჰყვეს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა დიპლომატიურ დონეზე თუ სხვა, რაღაც მოიმოქმედოს.

„აშშ-ის ელჩზე „დემარშის მიცემით" რუსეთმა მათი პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. აშშ-რუსეთის ურთიერთობას ასეთი ბევრი უნახავს, მაგრამ არ მგონია მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდეს. თუმცა ფაქტია - ასეთი რაღაცები ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ძაბავს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით კი, უკრაინელები რუსებისგან გასხვავებით სამხედრო ობიექტებზე არტყამენ და ჯერ ისიც გაუგებარია მონაწილებდა თუ არა ამაში ამერიკა.

„სევასტოპოლში გამოყენებული იყო „ატაკამსის" ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული დანიშნულების დრონები. რუსებმა კი ჩათვალეს, რომ ეს თავდასხმა ამერიკელების დახმარებით განხორციელდა, მაგრამ შეიძლება ეს ასე არც იყოს. თუმცაღა, მათგან განსხავევებით, უკრაინელები სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე არტყამენ. ამ შემთხევაშიც არ იყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაბომბვა. რუსები რას ფიქრობენ და რას ამბობენ, არ ვიცი, მაგრამ ეს მათგან უფრო მოდის.

„მოსკოვი რა ზომებს მიიღებს, არ ვიცი, მაგრამ კვირას მათ ოდესა საშინლად დაბომბეს, ასევე კიევი და კიდევ რამდენიმე უკრაინული ქალაქი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×