რეზონანსი
25.08.2026

ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის პარალელურად, პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და იმუქრება, რომ „სიმართლეს მოჰყვება". იმ ოპოზიცია აქცენტს „პოლიტიკურ შანტაჟზე" აკეთებს. ღარიბაშვილის ყოფილი თანამებრძოლები „ოცნებიდან" კი მიიჩნევენ, რომ ეს „უკვე ნანახი ფილმია" და ყოფილი პოლიტიკოსი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას „პოლიტიკური დევნის" იარლიყით ცდილობს.

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში დატოვა. პროცესს თავად ექსპრემიერი არ ესწრებოდა, მან თავის რიგით მე-4 წერილში განმარტა თუ რატომ არ იმყოფებოდა სხდომაზე და დასძინა, რომ „სასტიკის რეალობის" წინაშეა და „პოლიტიკურ მასკარადებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს".

„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ."

ექსპრემიერმა ღიად დაანონსა, რომ საზოგადოებას საჯაროდ ეტყვის მის სიმართლეს.

„ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ - არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.

„მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს," - წერს ღარიბაშვილი.

ამ წერილებს წინ უძღოდა ექსპრემიერის მიერ (ერთი დღის შუალედებით), ბრალის წარდგენამდე, ციხიდან გამოქვეყნებული ორი წერილი. პირველ წერილში მისი და მისი ოჯახის უსაფრთოხებაზე სრული პასუხიმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას დააკისრა, მეორე წერილში კი „ბრძოლის დაწყება" დაანონსა, თუმცა, მოგვიანებით განმარტა, რომ არავის წინააღმდეგ არ იბრძვის.

პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილს ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე , ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ახლობლის ვასილ მხეიძის ჩვენების საფუძველზე კი ახალი ბრალდება ორშაბათს წაუყენეს.

  • ღარიბაშვილი: „ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას."

„ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ასევე წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარეს გაუჩნდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის და გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო პოზიციის დაფიქსირება მათ შორის ბრალის წარდგენის შემდგომაც, თუმცა ბრალდების მხარის დადგენილებაზე მითითებულია დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის, ამ ეტაპზე უარს აცხადებს რაიმე პოზიციის დაფიქსირებაზე",- განაცხადა საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა.

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი?

პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრ ლევან გოგიჩაიშვილს მიაჩნია, რომ ყოფილმა პრემიერმა ლაპარაკი უნდა დაიწყოს და ამით საკუთარ თავსაც დაიცავს და ოჯახსაც.

„დიდი ინტერესია, რა დარჩა ირაკლი ღარიბაშვილს სათქმელი, რაში უნდა ამხილოს კობახიძე, მდინარაძე და სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ბიძინა ივანიშვილი ჩვენ მე-9 მოწვევის პარლამენტში გვიყვებოდა, როდესაც უმრავლესობის სხდომაზე ვისხედით-ხოლმე - ყვებოდა, როგორ გააგდო ეს ადამიანი კორუფციის გამო, მაგრამ შემდეგ მანვე დააბრუნა.

„ღარიბაშვილის ცხოვრებაში მთავარი ტრაგედია არის ის, რომ მასზე, როგორც კორუმპირებულზე საუბრობს კალაძე. როდესაც ყველაზე კორუმპირებული ადამიანი - კალაძე შენზე საუბრობს აგდებულად, დამცინავად, რომ შენ ხარ კორუმპირებული, ყველაფრის ღირსი ხარ, რომ აქამდე მიგყავს საქმე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს."

ოპოზიციონერების მეორე ნაწილი კი აქცენტს ისევ კორუფციაზე აკეთებს, „ნაციონალური მოძრაობა" კი, როგორც ჩანს, მიმდინარე პროცესებს თავის საარჩევნო კამპანიის ნაწილადაც იყენებს, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხდა, რომ ნაცმოძრაობა ყველა კორუმპირებულს პასუხს აგებინებს.

„ყველა კორუმპირებული, ქართველი ხალხის ყველა მძარცველი, პასუხს აგებს. ამის გარანტიას გაძლევთ „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხებს ივანიშვილს და მის კორუმპირებულ რეჟიმს."

ყოფილი თანაგუნდელები

„ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხდა, რომ როცა ყოფილი პოლიტიკოსები დანაშაულს არ აღიარებენ, ბრალის წაყენებას, როგორც წესი, პოლიტიკური დევნით ამართლებენ.

„როცა ახლობლები ამაზე [ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ დევნაზე] საუბრობენ, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაბრაზდე. მეუღლე, ძმა, მშობელი, შინაური თავისიანს ბოლომდე რომ დაუდგება, გასაკვირი არ არის. ასეთ დროს არც არავისზე ვბრაზდები-ხოლმე. როდესაც დანაშაულს არ აღიარებენ, შემდეგ ეს რამენაირად უნდა გაამართლო. ყოფილი პოლიტიკოსები ამას, როგორც წესი, იმით ამართლებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. სხვა სამართლებელი არ აქვთ ხოლმე. ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის. ამ ნაწილში სიახლე ჩემთვის არაფერია."

  • შერმანაშვილი: „ყოფილი პოლიტიკოსები ამას, როგორც წესი, იმით ამართლებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. სხვა სამართლებელი არ აქვთ-ხოლმე"

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

„ქვეყანაში არც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და არც პოლიტიკური პატიმრები არსებობენ. გუნდისთვის მძიმე ფაქტია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ედება ბრალი. შემიძლია ვთქვა, ტრაგედიაც არის, როცა უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთი სახის დანაშაულში არიან ბრალდებული. თუმცა გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ შეუძლია, ასეთი რამ აღიაროს და თქვას, კი ბატონო, დამნაშავეები ვართ, რაც მოხდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთოს, რათა მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდეს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×