
„პოლიტიკურად აქტიური შემოდგომა" ოპოზიციამ არა ერთიანი სტრატეგიით, არამედ ურთიერთდაპირისპირებითა და ცალ-ცალკე მცირე აქტივობებით დაიწყო. ფაქტობრივად აღიარებენ, რომ ოპოზიციური ალიანსი ძველი ფორმით აღარ არსებობს და მისი ცალკეული წევრები მხოლოდ კოორდინაციაზე საუბრობენ. ენმ კი გარდამავალ პერიოდშია და შემოწირულობას ითხოვს. ცალკე მოქმედებენ „ლელო" და გახარიას პარტია, მმართველი პარტიის პოლიტიკას მწვავედაც აკრიტიკებენ, თუმცა ამ ეტაპზე ოპოზიციის ვერც ერთი ნაბიჯი ვერ ახდენს არსებით გავლენას არც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და არც „ქართული ოცნების" დღის წესრიგზე.
დარჩა თუ არა ოპოზიციას რესურსი და პერსპექტივა და რა უნდა ქნას სიტუაციის გამოსასწორებლად? ანალიტიკოსთა ნაწილი ოპოზიციას ურჩევს ამომრჩევლებში სოციოლოგიური კვლევა ჩაატაროს და ისე იმოქმედოს; ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბოიკოტი გამოსავალი არაა და „ოცნებასთან" დაპირისპირების ყველაზე პერსპექტიული გზა ყველა მომდევნო არჩევნებისთვის მზადებაა.
რა მდგომარეობაშია ოპოზიცია
როგორც „ახალის" გენერალურმა მდივანმა თენგო თევზაძემ აღნიშნა, ოპოზიციური ალიანსი იმ ფორმით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, დისფუნქციურია და აღარ არსებობს, თუმცა მისი წევრი პარტიები კოორდინაციას აგრძელებენ. უახლოესი გეგმა საპროტესტო აქციების გაფართოება და საზოგადოების მობილიზებაა გზავნილით „საქართველო ბიძინას გარეშე", ხოლო უახლოესი აქცია კი 27 სექტემბერს იქნება.
„ამ შემადგენლობით არ არსებობს, მაგრამ ოპოზიციის ალიანსში მყოფ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს ჩვენ აქტიური კოორდინაცია. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეკრება გვქონდა ორი დღის წინ პარტია „ახალის" ოფისში, მაგალითად", - განაცხადა თევზაძემ.
მისი თქმით, შემდეგი პროცესი უნდა იყოს პროტესტი და უნდა იყოს შემდეგი მესიჯით: „საქართველო ბიძინას გარეშე".
- რამაზ საყვარელიძე: „მიბაძონ უნგრეთს... მადიარი ორბანს ბევრ რამეში ეთანხმებოდა და გარკვეულ რაღაცეებში სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ეს სტრატეგია კი გამართლებული იყო და ეჭვი მაქვს, აქაც გაამართლებს."
„საქართველო ბიძინას გარეშე" არის უახლოესი გეგმა. პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, აფხაზეთიდან დევნილმა ორგანიზაციამ დღეს დააანონსეს 27 სექტემბერს აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ამ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვუერთდებით. ეს ერთი, 27 სექტემბერს იქნება აქცია და აქ პარტია „ახალი", და არა მარტო პარტია „ახალი", არამედ „კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი ყველა პარტია იქნება ამ აქციაზე.
„ჩვენ უახლოეს პერიოდში ვაპირებთ ასევე ფართომასშტაბიანი აქციების დაორგანიზებას და საზოგადოების მობილიზებას კონკრეტული მესიჯის, კონკრეტული პირობის ქვეშ. ჩვენ „ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს შევთავაზეთ ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც მისთვის იყო მაშველი რგოლი. ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძემ და მდინარაძემ ხელი ჰკრეს და დააქანეს დაღმართში, რომელიც აუცილებლად მისი დამარცხებით დასრულდება", - განაცხადა „პირველ არხთან" თევზაძემ.
ენმ კი მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს შემოწირულობების გაღების თხოვნით მიმართავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტისაოკუპაციო და ანტიკორუფციული კამპანიების განხორციელებისთვის, ასევე პარტიის მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დასაფარად, აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება და მხარდაჭერა.ამ მიზნით, ვიწყებთ შემოწირულობების მიღებას. მსურველებს შესაძლებლობა გაქვთ, შეიტანოთ საკუთარი წვლილი პარტიის საქმიანობის მხარდაჭერაში. იხილეთ დეტალური ინსტრუქცია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწირულობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. შემოწირულობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქართული საბანკო ანგარიშიდან პარტიის ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მთავარი მიზეზები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციის აქტივობა ვერ ახდენს გავლენას მმართველი პარტიის გეგმებზე, თავად ოპოზიცია და მისი განცხადებებია.
„მთავარი მიზეზი თვითონ ოპოზიციაა. მათი განცხადებები იმდენად შთამბეჭდავი არაა არც მოსახლეობის დიდი რაოდენობისთვის და არც პოლიტიკოსებისთვის, რომ ამ განცხადებებმა ან მათმა ქმედებებმა გავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესებზე. ამიტომ არაა რეაქცია.
„თუ არავისთვის შეურაცხმყოფელი არ იქნება, მოვიყვანდი ასეთ მაგალითს: პატარა ბავშვი როცა რამეს ამბობს და აკეთებს, მასზე სერიოზული რეაქცია არ აქვთ, მის ნათქვამს, თამაშის დონეზე აღიქვამენ. ხშირად ჩვენთან ოპოზიციის მოქმედებები პოლიტიკური თამაშის იერს უფრო ატარებს, ვიდრე სერიოზულ ბრძოლას ხელისუფლებისთვის.
- პაატა ზაქარეიშვილი: „როცა არ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები, უნდა თქვან: 1. აუცილებლად ვმონაწილეობთ არჩევნებში, ჩვენი ამომრჩეველი მიგვყავს; 2. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ვაღიარებთ თუ არა შედეგებს სამართლიანად, მაინც ვმუშაობთ და შევალთ ამ ორგანოში - საკრებულოები იქნება თუ პარლამენტი."
„ვერ გეტყვით, „დაიპატარავეს" თავი, თუ ისედაც „პატარები" იყვნენ. ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ, როცა დღევანდელი ოპოზიცია დამარცხდა, სულ ნადირობს მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალების" ხმებზე. ეს გარკვეული ტიპის ელექტორატია. ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ 2012-ში მოსახლეობის უმეტესობამ არ მისცა ხმა „ნაციონალებს" და მისი ელექტორატი რომც მოიპოვოს, ეს ხმების მხოლოდ 20%-ს აძლევს ოპოზიციურ პარტიებს, მეტს არა. აი, ესაა მათი სტრატეგიული შეცდომა, ვერ გაიგეს რატომ წააგო ენმ-მ", - განაცხადა საყვარელიძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაბიჯები ხელისუფლების გეგმებზე ვერ ახდენს გავლენას და ვერც პოლიტიკურ ამინდს ქმნის, რადგან წარსულში არასწორი ნაბიჯები გადადგა.
„რაზე უნდა გაეკეთებინა რეაგირება ოპოზიციას ისეთზე, რომ „ქართულ ოცნებას" შეშინებოდა? მე ვერ ვხედავ ასეთს ვერაფერს. (მიზეზი) პირველ რიგში პარლამენტში არშესვლა იყო. ეს იყო კატასტროფა საქართველოსთვის და მათთვის; მერე ამას ბოიკოტი, ბოიკოტს ზემოდან კიდევ „რევოლუცია" დაამატეს. რატომ ჩაატარეს „რევოლუცია" ადგილობრივი არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს? ჩაეტარებინათ 5-ში, 6-ში, 7-ში... არა, რათა ხალხი არ მოსულიყო არჩევნებზე. და ეს, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფული შედეგი იყო.
„არაა ახლა საჭირო ბოიკოტზე, პარლამენტში არ შესვლაზე ბოდიშის მოხდა ამომრჩევლისთვის, ახლა ეს მაიმუნობა საჭირო არაა. უბრალოდ თქვან, რომ „ჩვენ არცევნებზე მივდივართ და ბოლომდე მაქსიმალურად მივიღებთ მონაწილოებას" და ასევე შეატყობინონ „ქართულ ოცნებას", რომ „თუ აგვკრძალავთ, თქვენი საცოდავებო, ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს მაინც მოვუწოდებთ სხვა პარტიას მისცენ ხმა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რა რესურსი დარჩა და როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ოპოზიციამ სოციოლოგიური კვლევა უნდა ჩაატაროს და მისი შედეგების საფუძველზე იმოქმედოს.
„სოციოლოგიური კვლევა უნდა ჩაატარონ და დაფიქრდნენ, რა უნდა მათი მხარდამჭერების დიდ ნაწილს. რჩევაზე თუ წავიდა, ვურჩევდი, რომ მიბაძონ უნგრეთს. უნგრეთის წინა პრემიერი ორბანი ისეთი ფიგურა იყო, რომ მას არავინ ეკამათებოდა, მისაღები იყო უმრავლესობისთვის. მადიარმა დაკავა ისეთი პოზიცია, რომ ორბანს ბევრ რამეში ეთანხმებოდა და გარკვეულ რაღაცეებში სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ეს სტრატეგია კი გამართლებული იყო და ეჭვი მაქვს, აქაც გაამართლებს.
„სტრატეგია, რომ ხელისუფლება ყველაფერში მტყუანია, არ გამოდგება, იმიტომ რომ არ არის დამაჯერებელი. უფრო ეფექტური შეიძლება იყოს იმის გარკვევა, რომ გადაწყვიტონ, რაზე დაეთანხმონ ხელისუფლებას და რაზე გააკრიტიკონ.
„დაფანტულობა არც უწყობს ხელს და არც უშლის სამოქმედო გეგმაში. ბევრი დაუფიქრებელი ადამიანი ერთად თუ შეგროვდა, უფრო დაფიქრებულები არ იქნებიან, ხომ? იმის მოწოდება, რომ არიქა ერთმანეთს ხელი თუ არ ჩავკიდეთ, ვერ გადავწყვეტთო, მთლად სწორიც არაა", - განაცხადა საყვარელიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ყველა შემდგომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„ცალკ-ცალკე უნდა გამოვიდნენ, იმიტომ, რომ როგორც კი ერთობაზე ამბობენ, „ოცნება" მაშინვე მათ საწინააღმდეგოდ იყენებს და როცა არ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები, უნდა თქვან: 1. აუცილებლად ვმონაწილეობთ არჩევნებში, ჩვენი ამომრჩეველი მიგვყავს; 2. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ვაღიარებთ თუ არა შედეგებს სამართლიანად, მაინც ვმუშაობთ და შევალთ ამ ორგანოში - საკრებულოები იქნება თუ პარლამენტი. ანუ ვიბრძოლებთ ბოლომდე.
„ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება და თანამშრომლობა შეუძლებელია, მაგრამ მათთან ბრძოლა შეიძლება. თუ ამას გააკეთებენ, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სულ სხვანაირად დაიწყება პროცესები. თუ პარტიებს აკრძალავენ, ვინც დარჩება, იმ მათ აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რათა იმ ამომრჩეველმა, რომლის პარტიაც აკრძალულია, შანსი ჰქონდეს სხვას მისცეს ხმა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.