
სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის გრძელვადიანი ლიდერის, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტია" დამარცხდა „სტუდენტურმა სიასთან".
არჩევნების დღის დასრულებისთანავე გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები მწიფდებოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და წინასწარი ეგზიტპოლების თანახმად, „სტუდენტურმა სიამ" ხმების 52%-ზე მეტი მიიღო და მმართველი პარტია ჩამოიტოვა.წინასწარი შედეგებით, „სტუდენტებს" 250-ადგილიან პარლამენტში 135-140-მდე ადგილი ექნებათ, „სერბეთის პროგრესულ პარტიას" - 105.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა: „ეს არჩევნები წავაგეთ". ვუჩიჩის ამ განცხადებამ წერტილი დაუსვა მრავალწლიან ეპოქას და აჩვენა, რომ სერბ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში, არსებობდა ძლიერი დაკვეთა ცვლილებებზე, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაზე.
სერბეთის არჩევნების შედეგებს მყისიერი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის უმაღლესი ეშელონებიდან. ევროკავშირის ლიდერებმა „სტუდენტურ სიას" არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ეს შედეგი სერბეთისთვის ახალი, დემოკრატიული თავის დასაწყისი შეიძლება იყოს.
„სერბეთის მოსახლეობა რეკორდული რაოდენობით მივიდა არჩევნებზე, რათა საკუთარი ქვეყნის მომავალი განესაზღვრა. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებით, ასევე ვითანამშრომლოთ ევროკავშირში სერბეთის მომავლის წინსვლისთვის", - ვკითხულობთ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„სტუდენტურ სიას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმაც.
„დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნით გამართული თითქმის ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის მოქალაქეები ისტორიულად მაღალი აქტივობით მივიდნენ არჩევნებზე. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას" გამარჯვებას! სწორედ ეს ღირებულებები უდევს საფუძვლად ჩვენს ევროკავშირს. სერბეთისთვის ახალი ეტაპი იწყება. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიაროთ წინ", - წერს მარტა კოსი.
ქვეყანაში ჩატარებულმა ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა დაასრულა მრავალწლიანი პოლიტიკური სტატუს-კვო. როგორც ევროკომისრებმა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, არჩევნების შედეგები ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის „გულშია" მოქცეული.
ახალი გეოპოლიტიკური ვექტორი და ბელგრადის არჩევანი ევროპისთვის
სერბეთის ამჟამინდელმა პოლიტიკურმა ძვრებმა შესაძლოა, ფუნდამენტურად შეცვალოს დასავლეთ ბალკანეთის გეოპოლიტიკური რუკა. თუკი ალექსანდარ ვუჩიჩის ადმინისტრაცია ტრადიციულად ცდილობდა ბალანსირებას დასავლეთსა და რუსეთს შორის, რასაც ხშირად მოჰყვებოდა კრიტიკა დემოკრატიული უკუსვლისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო, ახალი, ახალგაზრდებზე დაფუძნებული ლიდერობა მზადყოფნას გამოთქვამს, უფრო ღია და გულწრფელი დიალოგი წარმართოს ბრუსელთან. შედეგად, დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირის გავლენის განმტკიცება და სერბეთის უფრო მტკიცე პროევროპული კურსი მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში მესამე ძალების დესტაბილიზაციის რისკებს.
სერბეთის არჩევნები აჩვენებს, რომ ქვეყანა ისტორიულ ეტაპზე გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ახალ მთავრობას უამრავი შიდა გამოწვევის გადაჭრა მოუწევს, ეს ნაბიჯი ახალ იმედს აჩენს როგორც სერბი ხალხისთვის, ასევე, მთლიანად გაერთიანებული ევროპისთვის.
თამარ ოყუჯავა