
უკრაინამ ლაზერული სისტემის გამოყენებით რუსული რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი პირველად გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ტექნოლოგიურ საკითხებში სერგეი ბესკრესტნოვმა განაცხადა, იუწყება Bloomberg-ი.
რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონები, რომელთა გამოყენებაც რუსეთმა მიმდინარე წელს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის გაააქტიურა, უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. უკრაინული კომპანიები აქტიურად მუშაობენ ამ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალების სხვადასხვა საშუალების შექმნაზე.
ბესკრესტნოვის განცხადებით, ლაზერულმა სისტემამ „ბლისკი“ (უკრაინულად – „Блиск“), რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დასაცავად იყო განთავსებული, რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატი „გერანი“ პირველად ჩამოაგდო.
მისი თქმით, ლაზერული სისტემები საბრძოლო პირობებში უკვე აჩვენებს პირველ შედეგებს, თუმცა მათ სერიულ წარმოებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ამჟამად მიმდინარეობს გამოცდები, რომელთა ფარგლებშიც ლაზერული სისტემები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავად გამოიყენება.