ელზა პაპოშვილი
07.06.2024

რა გავლენას მოახდენს ამერიკის მხრიდან „ოცნების“ წევრების დასანქცირება არჩევნებზე? დაკარგავს ხელისუფლება მხარდამჭერებს ამის გამო თუ პირიქითი, მისი ელექტორატის მობილიზებას მოახდენს? „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამერიკელები ცდლობენ ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მოგებაში დაეხმარონ. ამიტომ სანქციები მათთვის პოლიტიკური ქულების ასაწევად გამოაცხადეს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ხალხს ახლა აქვს შანსი, რათა დასანქცირებული „ოცნება“ ხელისუფლებიდან არჩევნებით გაუშვან. 

„მათი მიზანია, ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში,“ – განაცხადა კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა. მას არ ჰგონია, რომ „ის ერი, რომელმაც ამდენი რამ გამოიარა, დაშორდება თავის მთავრობას, რომელიც მას მსახურად უდგას და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს.“

„დღეს ვერ დაადებთ ხელს ვერცერთ მმართველს ვერც მთავრობაში, ვერც საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელსაც თვითმიზნად ჰქონდეს თვითგვემა. თქვენ თუ მიხვალთ არჩევნებზე და არ მოგვცემთ ხმას, არ მგონია, ამის გამო ხელისუფლებაში ვინმემ ტირილი დაიწყოს. ჩვენ არ ვართ ჩაბღაუჭებული ხელისუფლებას. თუ აგვირჩევთ, ვიქნებით, თუ არ აგვირჩევთ, არ ვიქნებით. ეს არის ანაბანა იმ დემოკრატიის, რომელზეც გვითხრეს, არ გაქვთო. მათი მთავარი მიზანია, ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც ზის „ვივამედში“ და რომელსაც როცა ეტყვიან, ადექიო – ადგება, დაწექიო – დაწვება, იფორთხეო – იფორთხებს, იძახებს ბევრ სისულელეს და გააკეთებს სხვის საქმეს. არ მგონია, რომ ის ერი, რომელმაც ამდენი რამ გამოიარა, დაშორდება თავის მთავრობას, რომელიც მას მსახურად უდგას და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 „ლელოს“ წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ „ნამდვილი მეგობრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ.“   

„მართალია, საერთაშირისო იმიჯისთვის სამარცხვინოა, როცა ქვეყნის ხელისუფლება და მათთან დაკავშირებული პირები სანქცირდებიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოაღნიშნულ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატისთვის, იმიტომ, რომ იმოქმედეს არა საქართველოს და ქართველი ხალხის, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი კომფორტის შენარჩუნების მიზნით. ერთი სიტყვით, ჩვენი ნამდვილი მეგობრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ გავიმარჯვებთ!", - განაცხადა ლანა გალდავამ.  

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, ამერიკელები სანქციებს აწესებენ იმისთვის, რომ არჩევნების წინ ოპოზიციას  ფორმა მისცენ. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამან პირიქით „ოცნების“ ამომრჩევლის კონსოლიდაცია და მობილიზება მოახდინოს. 

„აქ მხოლოდ კანონი არაფერს შუაშია. ეს არის უკვე ამ ორი წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები და წყენა, რომლიც ამერიკელებს „ქართული ოცნების“ მიმართ აქვს. აქ საუბარია როგორც  მეორე ფრონტის გახსნაზე, ასევე ჩინეთთან თანამშრომლობაზე. რუსული ფაქტორი იმდენად არ არის აქ მნიშვნელოვანი, რამდენადაც „ოცნების“ ხელისუფლების „ურჩობა“, რომელიც ამერიკელების მიმართ გამოიჩინეს. ორი წლის განმავლობაში „ოცნებამ“ დაიწყო საკუთარი პოლიტიკის თამაში, რის პატიებაც ამერიკელებმა ვერ შეძლეს. ჩვენ გვახსოვს მიხეილ  სააკაშვილის დროს როგორ გადასცა მან სტრატეგიული ობიექტები რუსებს, მაგრამ ამაზე ამერიკელებს რეაქციაც არ ჰქონიათ.   

„მიშა არ იყო საზღვარზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა? მისი მინისტრი ვანო მერებიშვილი არ ამბობდა  პარლამენტის ტირიბუნიდან, რომ რუსულ ფულს სუნი არა აქვსო? ვინმეს სადმე ასე გაბრაზებული ამერიკელები უნახავს? არა, რადგან სააკაშვლი ყოველთვის აკეთებდა იმას,  რასაც ისინი ეტყოდნენ. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი გახდა ასეთი პრინციპული ამერიკელებისთვის, გულუბრყვილობაა. თუმცა ამან შესაძლოა ოქტომბრის არჩევნებსითვის პირიქით იმუშავოს. თუ ქართველების დიდი ნაწილი ისევ დაინახავს, რომ ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობაა“, მაშინ ამერიკული სანქციები ვერაფერს უშველის, მითუმეტეს ის თუ ხალხს არ შეეხება“, - ამბობს საყვარელიძე. 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ევროკავშირმაც ამერიკის მსგავსად გარკვეული სანქციები დაუწესოს, რადგან ბოლო დროს ევროპა ამერიკის ზეგავლენის ქვეშ იმოფება და მისი პოლიტიკის უპირობო გამტარებელია. ამით კი ეცდებიან ახალგაზრდების განწყობაზე ზემოქმედება მოახდინონ. პრდაპირ უთხრან, რომ თუ ევროპა სურთ, მაშინ ეს ხელისუფლება უნდა გაუშვან.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×