ნატალია ჯვარიძე
31.05.2024

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის სასამართლომ ტრამპი პორნოვარსკვლავისთვის ფულის არალეგალურად გადახდის გამო დამნაშავედ სცნო, ეს მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელს არ შეუშლის, თუმცა რა გავლენას მოახდენს მის რეიტინგზე, ამაზე მოსაზრებები იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ ამის ფონზე ტრამპი რეიტინგს დაკარგავს. მეორე მხარე კი პირიქით, დარწმუნებულია, რომ დევნის პირობებში ის უფრო პოპულარული გახდება.

დასამალი არ არის, რომ არა მხოლოდ ტრამპი, არამედ რესპუბლიკელები და კონსერვატიულად განწყობილი დასავლელი პოლიტიკოსები ამას მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ, თუმცა წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, ტრამპის პოლიტიკური რეიტინგი მაინც მზარდია და მას პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, აცხადებს პოლიტოლოგი გია აბაშიძე „რეზონანსთან".

თენგიზ ფხალაძის აზრით კი, თავად ის ფაქტი, რომ ექსპრეზიდენტს „ამდენ რამეში ედება ბრალი და სასამართლო დამნაშავედ მიიჩნევს, ცხადია ვნებს მის პოლიტიკურ რეიტინგს."

ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. თავიდან მას ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ კი ბრალდების 34-ვე ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე ხუან მერჩანმა განაჩენის გამოტანის მიზნით სასამართლო პროცესი 11 ივლისს დანიშნა. ტრამპის სასჯელი მოსამართლის გადასაწყვეტია და ის შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას ან პირობით სასჯელს. თუმცა, როგორც ამერიკელი იურისტები აცხადებენ, არსებულუ პრაქტიკის გათვალისწინებით, მას დიდი ალბათბით პირობით პატიმრობას მიუსჯიან, რაც კონსტიტუციის თანახმად, მას არჩევნებში მონაწილეობაში ხელს არ შეუშლის.

ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.

მას 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.

რასაკვირველია, იგი დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ „ნამდვილი განაჩენი" გამოცხადდება 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტრამპის შესახებ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საარჩევნო ყუთთან", - წერს ბაიდენი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი კი ამბობს, რომ ტრამპი გაასაჩივრებს და გაიმარჯვებს კიდეც.

„დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დემოკრატები არ გაჩერდებიან, რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი და გაანადგურონ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები". - აღნიშნავს ჯონსონი.

თენგიზ ფხლაძის აზრით, ტრამპს შესაძლოა, აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება მიუსაჯონ, თუნდაც შიდა პატიმრობა.

„მე არ მჯერა, რომ ტრამპს ციხეში აღმოჩნდება. ამერიკაში პრეზიდენტებს ციხეში არ სვამენ. შესაძლოა, აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება მიუსაჯონ, თუნდაც შიდა პატიმრობა. ის ფაქტი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ამდენ რამეში ედება ბრალი და სასამართლო დამნაშავედ მიიჩნევს, თავისთავად ცხადია ვნებს მის პოლიტიკურ რეიტინგს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, მისი ეს მდგომარეობა მაინც ცუდად აისახება მის პოპულალურობასა და მხარდაჭერაზე," - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან".

აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ტრამპს მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს და რაიტინგს არ კარგავს. მისივე თქმით, ეს არჩევნები საკმაოდ არაორდინალური იქნება.

„ამერიკის კონსტიტუცია ნასმართლევი პირების უმაღლეს თანამდებობაზე არჩევას არ ზღუდავს. გამონაკლისი ის არის, რომ ასეთ პირებს ხმის მიცემის უფლება ერთმევათ იქამდე, სანამ სასჯელს არ მოიხდიან, იქნება ეს პატიმრობა თუ პირობითი. ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა.

„დასამალი არ არის, რომ არა მხოლოდ ტრამპი, არამედ რესპუბლიკელები და კონსერვატიულად განწყობილი დასავლელი პოლიტიკოსები ამას რეიტინგული ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ. წაყენებული ბრალდებების მიუხედავად მისი პოლიტიკური რეიტინგი მაინც მზარდია. მერყევ ამომრჩვლებში, რომლებიც ნებისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის გადამწყვეტები არიან, ეს გაუგებრობას იწვევს. რესპუბლიკელ ამომრჩევლებში კი, მხარდაჭერა პირიქით მატულობს და გარკვეულწილად აგრესიული ხდება. ბუნებრივია, დემოკრატების ელექტრორატში ისინი ბაიდენის მხარეს უფრო მყარად დგანან.

„5 ნოემბერს, ამერიკაში საკმაოდ არაორდინალური და უპრეცედენტო არჩევნები იქნება, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან გასამართლებული ტრამპი და მასთან შედარებით ნაკლებრეიტინგიანი ჯო ბაიდენი, მაგრამ აბსოლიტურად გაუგებარია ვინ გახდება გამარჯვებული," - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×