თამთა ჩაჩანიძე
02.06.2024

უკრაინისათვის დასავლური შეიარაღების გამოყენებაზე არსებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, როგორც ჩანს, უკრაინულმა არმიამ გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ისინი, სავარაუდოდ, ქვეყნის ჩრდილოეთში - ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და წინსვლაც აქვთ. დასრულდა თუ არა ამით ბოლო თვეების ტენდენცია, როდესაც რუსები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით წინ მიიწევდნენ და უკრაინული არმია მთლიანად თავდაცვაზე იყო გადასული?

უფრო კონკრეტულად კი, ამ მომენტისათვის ბრძოლების ეპიცენტრი ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოვჩანსკია. მაისის ბოლოს რუსი სამხედრო მიმომხილველები წერდნენ, რომ ქალაქი სრულად ალყაში მოაქციეს და უკრაინული ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი ტყვედ აიყვანეს, უკვე პირველი ივნისისთვის რუსულივე წყაროებიდან ჩნდება ცნობები, რომ მას შემდეგ, რაც კიევმა დასავლური იარაღის რუსეთის გარკვეულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე გამოყენების უფლება მიიღო, ხარკოვისკენ უკრაინელებმა სერიოზული ძალები გადაისროლეს და მასირებული კონტრშეტევა დაიწყეს. 2 ივნისს კი უკრაინული მხარისგან ცნობილი ხდება, რომ ალყა გარღვეულია და ვოვჩანსკის 70%-ს ისინი აკონტროლებენ.

ვოვჩანსკი უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქია და მისი მოსახლეობა სულ 3 ათასს ადამიანს შეადგენს. თუმცა, სიმცირის მიუხედავად, ეს გახლავთ უკრაინის თავდაცვითი ზოლის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი და მისი დაცემა მთლიანად უკრაინელთა თავდაცვის ხაზის გარღვევის საფრთხეს ქმნის.

რუსები სტრატეგიული მნიშვნელობის ამ ქალაქის აღებას 10 მაისიდან ცდილობენ. მაისის შუა რიცხვებოდან კი უკრაინის ხელისუფლებამ ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 1-ლ ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა და მოკავშირეებმა მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მწვანე შუქი აუნთეს, რუსეთის ტერიტორიას დასავლური იარაღით დაარტყას, თუმცა გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ რუსეთში, ხარკოვის ოლქის საზღვართან მდებარე სამიზნეებს.

ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინელებს დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა მხოლოდ ნაწილობრივ მოეხსნათ და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის დასაშვები არეალი უკრაინის საზღვრიდან არაუმეტეს 80-90კმ-ია. მისივე თქმით, უკვე ჩანს, რომ ტენდენცია უკრაინის სასიკეთოდ იცვლება, რადგან „პატარ-პატარა" წარმატებას" უკვე მიაღწიეს.

ბოლო ცნობები ვოვჩანსკიდან

ჯერ კიდევ ორი დღის წინ, ივნისის დასაწყისიდან რუსული „ტელეგრამ" არხები წერდნენ, რომ „რუსულმა ძალებმა ვოვჩანსკი „ქვაბში" მოაქციეს და ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი ტყვედ აიყვენეს". ამასთანავე აღნიშნავდნენ, რომ „რუსული არმია ამ მიმართულებით შეტევას ავითარებდა" და რომ მაისის თვეში „ათობით დასახლება სწრაფად აიღეს და უკრაინულ ჯარებს სერიოზული ზიანი მიაყენეს ცოცხალი ძალის თვალსაზრისით".

ამავე წყაროების ცნობით, ყველაზე სასტიკი შეტაკებები იყო სწორედ ვოვჩანსკსა და ლიპცისთვის ბრძოლაში და „მიუხედავად ამ რაიონში თავდაცვითი ხაზის გარღვევისა და საშინელი დანაკარგებისა, იქ უკრაინის სარდლობამ სარეზერვო ძალები მაინც გადაისროლა, ვინაიდან ეს დასახლებები სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანია".

„(უკრაინელებმა) ხარკოვის რეგიონში გაგზავნეს ახლადმობილიზებული ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ. მათ თავად აღიარეს, რომ სამხედრო მომზადება წესიერად არც გაუვლიათ. გარდა ამისა, ხარკოვის მიმართულებაზე უცხოელ დაქირავებულთა კოლოსალური რაოდენობაა კონცენტრირებული. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიპცის სამხრეთ გარეუბანში უცხოური ლეგიონისა და ეროვნული ბატალიონების დიდი რაოდენობით სამხედრო გადაისროლა. დაქირავებული მებრძოლები საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან სოფელ ჟელტოეში (სლობოჟანსკოე) შენიშნეს. ასევე შენიშნეს ძალიან ბევრი იარაღი და აღჭურვილობა სატვირთო მანქანებზე", - წერს რუსული „ტელეგრამ" არხი „კონდოტიერო".

კიდევ ერთი რუსული ტელეგრამ არხი „ომის ქრონიკები" წერს, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქი ალყაში („ქვაბში") მოაქციეს და ქალაქში განლაგებული უკრაინული ნაწილები ძირითად ძალებს მოწყვიტეს.

„ვოვჩანსკი მთლიანად ახლა უკვე „ქვაბია". დაჯგუფება „ჩრდილოეთმა" ლენინის ქუჩაზე მდინარე ვოლჩიაზე გადასასვლელი ბოლო ხიდი გაანადგურა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეითები ხშირად დიდი რაოდენობით ცდილობდნენ ამ ხიდის მეშვეობით მეორე ნაპირზე გადასვლას, მაგრამ ახლა ეს უკვე აღარაა შესაძლებელი", - წერს „ომის ქრონიკები".

შაბათს ღამით რუსულ „ტელეგრამ" არხებში გაჩნდა ცნობები უკრაინის მხრიდან ქალაქში რუსების პოზიციებზე მასირებული საარტილერიო დარტყმების შესახებ. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს პრაქტიკულად ქალაქზე უკრაინელთა კონტრშეტევის დასაწყისი იყო. რა მოჰყვა ყოველივე ამას, რუსული წყაროები არ იტყობინებიან. თუმცა, უკრაინული ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფ „ხორტიცას" სპიკერმა ნაზარ ვოლოშინმა 2 ივნისს განაცხადა, რომ ვოვჩანსკის 70% უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა.

„ქალაქსა და მის შემოგარენში დამპყრობლებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსები იქ არ წყვეტენ მცირე მოიერიშე ჯგუფებით წინსვლის მცდელობებს, მაგრამ უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ მტერმა ფეხი არ მოიკიდოს და დამპყრობლები საცეცხლე კონტროლქვეშ იყვნენ", - განაცხადა „ხორტიცას" სპიკერმა.

ვოლოშინი დასძენს, რომ მდინარე ვოლჩიაც უკრაინის კონტროლქვეშაა და „უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ რუსები არ გადავიდნენ მდინარის მეორე მხარეს".

იცვლება თუ არა ტენდენცია დასავლურ იარაღზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლურ იარაღზე შეზღუდვების მოხსნა ფრონტზე სიტუაციას აშკერად ცვლის.

„ორი დღის წინ 14-მა ქვეყანამ, რომლებიც უკრაინას იარაღის ამა თუ იმ სახეობას აწვდიან ან უკვე მიწოდებული აქვთ, ნება დართო, რომ ეს შეიარაღება და საბრძოლო მასალები გამოყენებულ იქნას უშუალოდ რუსეთი ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ოღონდ აქაც არის შეზღუდვა - გერმანია ამბობს, რომ მის მიერ გადაცემული თვითმავალი დანადგარებვიდან 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები საზღვრიდან არაუმეტეს 40 კმ სიღრმეში უნდა გაისროლონ. ხოლო ამერიკელებმა „ჰაიმარსის" კომპლექსებიდან მხოლოდ 84 კმ-ზე მოქმედების რაკეტების გამოყენების დართეს ნება. ოღონდ მათივე გადაცემული 300 კმ-ზე მოქმედი აერობალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარყმა კვლავაც აკრძალულია. ანუ, ნახევრად დაუშვეს.

„ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მიიღეს, რომ არალოგიკური სიტუაცია შეიქმნა - ფრონტის სხვა ხაზებისგან განსხვავებით, იქ ფრონტის ხაზი საზღვართან ახლოს გადის. აქამდე, როცა უკრაინელებს უფლება არ ჰქონდათ ეს იარაღი გამოეყენებინათ, გამოდიოდა, რომ რუსები თავის ტერიტორიიდან ესროდნენ უკრაინელებს და უკრაინელებს არ შეეძლოთ დასავლური იარაღით პასუხი გაეცათ, რადგან მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე უნდა დაებომბათ რუსების არტილერია, სარაკეტო დანადგარები და ა.შ.

„ახლა, როცა ეს შეზღუდვა მოხსნილია, უკრაინელებმა უკვე დაიწყეს ამ შეიარაღების გამოყენება და რაღაც პატარა წარმატებებს მგონი მიაღწიეს კიდეც.

„ქალაქში ბრძოლის დროს რთულია იმის თქმა, თუ რამდენ პროცეტს აკონტროლებ. იქ მუდმივად იცვლება სიტუაცია. ბრძოლები 10 მაისს დაიწყეს, ერთი თვე არაა გასული და ფაქტია, რომ ვოვჩანსკი რუსეთის არტილერიამ თითქმის მიწასთან გაასწორა. ქალაქის დაცვა უკვე წარმოუდგენლად რთული იყო, რადგან საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და იქ თავდაცვის ზღუდის აგება ტექნიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ შეტევა შეაჩერეს", - განაცხადა ალადაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლურ იარაღის გამოყენებაზე უკრაინისათვის შეზღუდვის მოხსნა ტენდენციას ცვლის.

„ბევრ რამეს წესით შეცვლის. უკვე უკრაინას უკვე შეუძლია რუსებს კონტრსაბატარიო ბრძოლები გაუმართოს, ხოლო თუ იმის ნებასაც აიღებს, რომ 300 კმ-ზე მოქმედი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტები გამოიყენოს, მაშინ შესაძლებელი გახდება აეროდრომების დაბომბვაც, მათ შორის ვორონეჟის, სადანაც რუსული ბომბდამშენები ფრინდებიან და უკრაინულ ქალაქებს ყოველდღე ბომბავენ.

„წესით 300 კმ-ზე მოქმედ რაკეტებზე თანხმობა უნდა მიეცათ, მაგრამ ჯერ არ მისცეს და ვნახოთ", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×