თამთა ჩაჩანიძე
02.06.2024

ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების კონტურები გამოიკვეთა - ისრაელის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ სამფაზიან სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. გავრცელებული ცნობით, „ჰამასიც" ასევე მზადაა შევიდეს ნებისმიერ შეთავაზებაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა, ისრაელის ჯარების მიერ პალესტინის დატოვება და ღაზას აღმშენებლობა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ეჭვობს, რომ მხარეების წინასწარი თანხმობის მიუხედავად, ეს ზავი, შესაძლოა, საბოლოო არ აღმოჩნდეს. მისივე აზრით, არაა გამორიცხული, ეს ყველაფერი ორივე მხარემ გარკვეულ პაუზად გამოიყენოს. „ჰამასს" პაუზა აწყობს სულის მოსათქმელად, ისრაელის მთავრობას კი იმიტომ, რომ ლამის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე დაპატიმრების ორდერი გაიცა და საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი ღაზას სექტორს ჯერ კიდევ აქტიურად უტევს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 2 ივნისის ღამეს მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა სექტორში 30-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - „ჰამასის" ინფრასტრუქტურას, იარაღის საწყობებს და შეიარაღებულ პირთა ლოკაციებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზას ქალაქ რაფაჰში ნაჰალის ბრიგადის ჯარისკაცებმა სარაკეტო გამშვებს დაარტყეს რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც ის მოწინააღმდეგემ ისრაელის ჯარებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

რას გულისხმობს ბაიდენის გეგმა

ბაიდენის გეგმა სამ ეტაპიანია. პირველი ეტაპი 6 კვირას მოიცავს. ამ დროის განმავლობაში ისრაელმა უნდა გაიყვანოს ჯარები ღაზის სექტორის ყველა დასახლებული რაიონიდან. პარალელურად კი მხარეებს შორის მოხდება გაცვლა - ისრაელი გაათავისუფლებს მის ციხეებში მყოფ ასობით პალესტინელს, „ჰამასი" კი ებრაულ მხარეს გადასცემს მძევლების ნაწილს - პირველ რიგში, ქალებს მოხუცებსა და დაჭრილებს. პარალელურად კი დაიწყება მოლაპარაკება საბოლოო ზავის პირობებზე.

მეორე ეტაპზე მოხდება მძევლებისა და სამხედრო ტყვეების სრული გაცვლა. ისრაელის სამხედრო ნაწილები უკვე მთლიანად დატოვებენ ღაზას და შეიარაღებული დაპირისპირება საბოლოოდ შეწყდება.

მესამე ეტაპზე კი დაიწყება ღაზის სექტორის მასშტაბური აღდგენა.

ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის" მხრიდან სამხრეთ ისრაელზე მიტანილი იერიშით დაიწყო, რომელსაც ემსხვერპლა 1189 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის საპასუხო შეტევას ამ დრომდე ღაზაში ემსხვერპლა, სულ მცირე, 36 224 ადამიანი.

საერთაშორისო შეშფოთების მიუხედავად, ისრაელის არმია მაისის დასაწყისში ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში შეიჭრა, 26 მაისს კი ქალაქზე მძლავრი ავიადარტყმა განახორცილა, რის შედეგადაც პალესტინელ დევნილთა ბანაკში დაიღუპა სულ მცირე 45 ადამიანი და ასეულობით დაშავდა. პრემიერმა ნეთანიაჰუმ აღნიშნულს „ტრაგიკული შეცდომა უწოდა" , თუმცა დასძინა, რომ ეს განახორციელეს მას შემდეგ, რაც „ჰამასმა" რამდენიმე თვის პაუზის შემდეგ ისევ განახორციელა სარაკეტო შეტევა თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ცენტრალურ რაიონებზე. ისრაელის არმია აცხადებს, რომ „კანონიერ სამიზნეებზე" საპასუხო დარტყმის შედეგად რაფაჰში ლიკვიდირებულია ჰამასის ორი მაღალჩინოსანი.

მაისის შუა რიცხვებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა. მისი თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს ღაზაში ომის შესაძლო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. პროკურორი ასევე სამხედრო დანაშაულებისთვის „ჰამასის" ლიდერის დაპატიმრების ორდერს მოითხოვდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მაისში ნორვეგია, ესპანეთი, ირლანდია და სლოვენია მსოფლიოს იმ 140-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინის სახლმწიფოებრივობას.

წინასწარი თანხმობა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწე, ოფირ ფალკი ადასტურებს, რომ ისრაელმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული ჩარჩო შეთანხმება ღაზაში ომის შესაჩერებლად, თუმცა აცხადებს, რომ ის ხარვეზებს შეიცავს და გაცილებით მეტ სამუშაოს საჭიროებს. ამის შესახებ მან კვირას ბრიტანულ „სანდი თაიმსთან" საუბრისას განაცხადა.

„ეს არის გარიგება, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით - ეს არ არის კარგი გარიგება, მაგრამ ძალიან გვინდა მძევლების გათავისუფლება, ყველა მათგანის გათავისუფლება. ბევრი დეტალია დასამუშავებელი", - განაცხადა ოფირ ფალკიმ, რომელიც არის ნეთანიაჰუს მთავარი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში და დასძინა, რომ ისრაელის პირობები, მათ შორის მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის", როგორც ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება, არ შეცვლილა.

აშშ-ის მხარის ინფორმაციით, „ჰამასმა" დაზავებასთან დაკავშრებით ამერიკელთა წინადადება ყატარის დახმარებით მიიღო, რომელიც ამ პროცესში ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს. ისლამისტურმა დაჯგუფებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ბაიდენის გეგმა დადებითადაა შეფასებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასი" მზადაა, შევიდეს ნებისმიერ შეთავაზებაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა, ისრაელის ჯარების მიერ პალესტინის დატოვება და ღაზის აღმშენებლობა. მათივე თქმით, სამხედრო ტყვეების გაცვლის ინიციატივა ადასტურებს, რომ ისრაელი ამ პასუხისმგებლობისთვის მზადაა.

თუმცა, ამ გეგმას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ორი ულტრამემარჯვენე მინისტრი გადადგომით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ ამას დაეთანხმება. საუბარია ფინანსთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრებზე. ისინი ყველა შეთანხმების წინააღმდეგი არიან იქამდე, სანამ „ჰამასი" სრულად არ განადგურდება.

თავად პრემიერი ნეთანიაჰუ მანამდე აცხადებდა, რომ მუდმივმოქმედი ზავი არ გაფორმდებოდა, ვიდრე „ჰამასის" სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები არ იქნება განადგურებული და ყველა ისრაელელი მძევალი არ გათავისუფლდება.

მუდმივი თუ დროებითი ზავი

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ამ პირობებზე ზავი მართლაც დაიდოს, თუმცა ის შესაძლოა დროებითი იყოს.

„უკვე ის მასშტაბები აღარაა, როგორც ეს ომის პირველ ფაზაში იყო. თუ ბაიდენის გეგმა ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, მაშინ კონფლიქტი დასრულება, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს გრძელვადიანი აღმოჩნდეს. ასეთი ხელშეკრულებები მანამდეც იდებოდა ხოლმე, მაგრამ მხარეები ერთმანეთის მიმართ ისევ პირდაპირ თავდასხმებს ახორციელებდნენ. ამიტომ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად იქნება ეს შეთანხმება საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცაღა ამ ეტპაზე მგონია, რომ ფართომასშტაბურ მოქმედებებს შეაჩერებს. აგერ საერთაშორისო ტრიბუნალიც კი გამოეხმაურა სამხედრო კონფლიქტის ასეთ მასშტაბებს, იძულებული იყო ასეთი განცხადება გაეკეთებინა, რამაც სერიოზული განვითარება ჰპოვა, რადგან ევროკავშირში უკვე ანტიისრაელური სენტიმენტები საკმაოდ სერიოზულდ გაიზარდა და ამის გამო არ გამოვრიცხავ, რომ ბაიდენის შეთავაზებაზე ნეთანიაჰუმ ნაბიჯები გადადგას.

„თავად ისრაელის ოპოზიცია ნეთანიაჰუს წინააღმდეგია, მაგრამ ეს განწყობები ოპოზიციის ფარგლებს არ გასცდენია და პოლიტიკურ ამინდს მაინც ვერ ქმნის. საბოლოო ჯამში შეიძლება ეს შეთანხმება შედგეს, თუმცა მაინც არ ნიშნავს კონფლიქტის საბოლოო დასრულებას. ასეთი შეთანხმებები წინა პერიოდებში მგონი სამი თუ ოთხი დაიდო და არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

„ალბათ მხარეებს გარკვეული შესვენებაც სჭირდებათ. „ჰეზბოლამ" მეორე ფრონტი გახსნა, ლიბანში მიდის გააფთრებული ბრძოლები და ამდენი საშუალებაც არ აქვთ, რომ ორ ფრონტზე აწარმოონ ბრძოლები. „ჰამასსაც" პაუზა აწყობს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×