თამთა ჩაჩანიძე
12.06.2024

„ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას წარმოთქმული ფრაზის გამო, სადაც ზურაბიშვილმა მეორე ვადით საპრეზიდენტო კანდიდატობა არ გამორიცხა. ზურაბიშვილი კვლავ არაა წინააღმდეგი, რომ მმართველი პარტია „ქართულ ქარტიას" შუერთდეს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს წინადადება თავის არსში უპერსპექტივოა და წინააღმდეგობაში მოდის მისივე ნათქვამთან - „ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის".

ანალიტიკოსები კითხვას სვამენ, თუ ქარტიას „ოცნებაც" შეუერთდა, „მაშინ ვისზე უნდა გაიმარჯვოს პრეზიდენტმა?". მათივე შეფასებით, ზურაბიშვილი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ის ზეპარტიულია.

რაც შეეხება ზურაბიშვილის შანსებს მეორე ვადაზე, ანალიტიკოსთა აზრი ორიად იყოფა, ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა ოქტომბერში, შანსი აქვს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც შეიძლება მოწინააღმდეგეებიც ჰყავდეს ზურაბიშვილს, რადგან თავად ოპოზიცია ლიდერების ნაკლებობას არ განიცდის.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები.

პრეზიდენტის გამოსვლას ოპოზიცია დადებითად აფასებს და თუ ზურაბიშვილი კვლავ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მიესალმებიან. პარტიების ნაწილი კი ამბობს, რომ მათგან პრეზიდენტს „აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც აკეთებს".

თავად პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეკრებაზე რამდენიმე გზავნილი გააჟღერა, ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნები არის ეგზისტენციალური არჩევანი „რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი". მან ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს მხოლოდ ევროპული მომავალი აქვს.

„ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის",- ამბობს ზურაბიშვილი და დასძენს, რომ არჩევნებში მთავარი გამარჯვების იმედი არის მობილიზაცია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის დაეხმაროს ახალგაზრდებს ხმების დაცვაში, მათ შორის იმაში, რომ თუ იქნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც ტრენინგებზე დახმარება დასჭირდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკოორდინაციო როლს იკისრებს და დაეხმარება.

რა გამოხმაურება ჰქონდა პრეზიდენტის გზავნილებს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.

„მე არაერთხელ ნათქვამი მაქვს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები. სადაც საჭირო ვიქნები იმისათვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ჩემთვის საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება [საპარლამენტო]არჩევნებში და შემდეგ „ქართული ქარტიის" შესრულება ძალიან მოკლე დროში იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება ამბობდეს - „ამას დიდი დრო უნდა". გადამოწმებულია და არ უნდა დიდი დრო, ეს უნდა შევძლოთ.

„მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. თუ ვიქნები თქვენი [საპრეზიდენტო] კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს, რომ 26 მაისს პრემიერ-მინისტრის მიმართ პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება „ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფა იყო". თუმცა ამავე დროს პრეზიდენტი „ქარტიაზე" ხელმოწერასაც სთავაზობს.

„ვერავინ იტყვის ხვალ პუტინი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. ერთადერთი ომის პარტია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის რუსეთი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს, აღარ საუბრობს დასავლეთზე როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას და გავიმეორებ იმას, რომ "ქართული ქარტია" ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ფერისცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.მისი თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართულ ქარტიაში" აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს.

"მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობასთან დაკავშირებით - ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება, მაგრამ ვისი კანდიდატი იქნება და ა.შ. ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გეტყვით.

„ჩვეულებრივი არჩევნები ნამდვილად არ არის. ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მაინცდამაინც ტექნიკური გაერთიანება ყველასი ერთად, არამედ მნიშვნელოვანი არის სწორი, პრაგმატული მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიოთ არჩევნებში ორ რამეს - პირველი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები და მეორე: ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ," - განაცხადა დაუშვილმა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, "ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები, ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას".

"მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ახალგაზრდებთან შეხვედრა უფრო მეტად გაგრძელება იყო იმ საპროტესტო რადიკალური აქციების, რომელმაც სრულიად დაკარგა თავისი მუხტი და ამიტომ სადღაც უნდა გადასულიყო. ამიტომ პრეზიდენტმა უმასპინძლა დიდწილად ალბათ, იმ აქტივისტებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დესტრუქციულ როლს თამაშობდნენ ამ პროცესებში. პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან უკიდურესი ფორმებით იყო შეფასებული, ახლა წარმოადგენდეს იგივე ოპოზიციას, გვაჩვენებს თავისი ამორალურობის და გარკვეულწილად, უპრინციპობის ნათელ მაგალითს.

„ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი იქნება ახალგაზრდების მხარდაჭერა, ან ვინმემ თუ შეიძლება მხარი დაუჭიროს, უპრინციპო და საკუთარი ქვეყნის მტრობაში არა ერთხელ შემჩნეულ პრეზიდენტს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი საკუთარ არჩევანს აკეთებს ახალგაზრდა იქნება, თუ სხვა ასაკის წარმომადგენელი. ის ფაქტი, რომ შეიძლება პრეზიდენტმა რაღაცა რაოდენობის ადამიანები ამა თუ იმ ფორმატში შეკრიბოს, ვერ გამოხატავს მთლიანად ამ ქვეყნის უმრავლესობის სულისკვეთებას. სულისკვეთება ნათელია. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებს აკეთებს," - განაცხადა წილოსანმა.

რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს და რა იკითხება მის გზავნილებში

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევის შანსი იმ შემთხვევაშიც დაბალი აქვს, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში.

„არცერთი მონაცემი ქალბატონ სალომეს მაღალ რეიტინგზე არ მიუთითებს. ის „ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირებულია, რომელის რეიტინგიც მაღალია, თუ „ოცნება" გაიმარჯვებს, ალბათ ზურაბიშვილს არ გაიკარებს და რის საფუძველზე შეიძლება გაუელვოს ამ ფიქრმა ძნელი სათქმელია. სავარაუდოა, რომ თვითონ პრეზიდენტობა ძალიან უნდა და ამ სურვილმა გააჩინა ეს ფიქრი. მათ შორის, ამ რეპლიკის ფონზე, „ქართული ქარტიაც" იკითხება, როგორც ზურაბიშვილის ზრუნვა საკუთარ ვადის გახანგრძლივებაზე, თუმცაამის ობიექტური საფუძველი რა თქმა უნდა არ აქვს.

„ქარტია ოპოზიციისგან შემდგარი ერთობაა, თუ გაიმარჯვებს, იქაც არაა გარანტია, რომ ზურაბიშვილს დაასახელებენ. ლიდერების დოღია ოპოზიციაში და რომელი ლიდერი დათანხმდება იმას, რომ უპარტიოდ დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი წამოსწიოს და თავის პირველ პირად დაასახელოს?! მემგონი ამ შემთხვევაშიც არ აქვს გარანტია და „ქართულ ოცნებაში", რომელმაც თავის მხრივ იმპიჩმენტი გამოუცხადა, რა თქმა უნდა შანსი ძალიან დაბალია",- განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, თუკი „ ოცნებას" იუმორის გრძნობა აქვს, პრეზიდენტის შეთავაზება უნდა მიიღოს და „ქართულ ქარტიას" ხელი მოაწეროს.

„ქართულმა ოცნებამ" როგორც პარტიამ შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას, ოღონდ პრემიერის გადასაწყვეტი კი არა, ნაბიჯი უკვე პარტიის თავმჯდომარემ უნდა გადადგას. დავუშვათ ღარიბაშვილი მივიდეს და ხელი მოაწეროს და ოპოზიციის მთელი ნეტარება იმითი, რომ ისინი ცალკე დგანან და „ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ, ჩაიშლება და გაიბზარება და მერე მათ ცალკე ხელისმოწერების შეგროვება მოუწევთ, უკვე „ოცნების" გარეშე.

„თუ „ოცნებას" იუმორის გრძნობა და ბრძოლაში მეტი სიმსუბუქე აქვს და ამ პოლიტიკურ დაპირისპირებას დრამატულად არ განიცდის, შეიძლება ეს გაკეთდეს, თუმცა ეს გამოიწვევს დიდ არეულობას უკვე ამომრჩევლებში",- განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ პრეზიდენტის ფრაზა „ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის" წინააღმდეგობაში მოდის მისივე ნათქვამთან, რომ პრემიერი „ქართულ ქარტიას" შუერთდეს და ხელი მოაწეროს.

„თუკი „ოცნებასაც" სთავაზობს ხელმოწერას, მაშინ ვისზე უნდა გაიმარჯვოს პრეზიდენტმა? ქართულ პოლიტიკაში ლოგიკური წინააღმდეგობის ეტაპი არაა დაძლეული და მემგონი არც მსოფლიო პოლიტიკაში, ყველას უყვარს აბზაცის დასაწყოსში ერთის თქმა და აბზაცის ბოლოს იმის საწინააღმდეგოსი",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტს მეორე ვადაზე შანსი ექნება თუ ოპოზიციამ გაიმარკვა არჩევნებში.

„როცა პრეზიდენტი ევროპულ ხედვებს ახმოვანებს, იმედი აქვს, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მეორე ვადით დარჩება პოსტზე. რადგან თუ მაგალითად „ლელოსთვის" „ნაცმოძრაობის" მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი მიუღებელია, ასეთ სემთხვევაში, თითქოს მაგაზეა გათვლა, რომ ყველა პარტიისთვის ასე თუ ისე მისაღები კანდიდატურა იქნება ზურაბიშვილი, მაგრამ ჩემი აზრით, მისი წარსულიდან გამომდინარე, ნაკლებად უნდა იყოს მისაღები. მარკუს ავრელიუსს აქვს ნათქვამი რომ „ადამიანი თავის სულით და გულით უნდა იყოს პატიოსანი და არა ვითარებიდან გამომდინარე".

„პრეზიდენტმა იცის, რომ „ქართული ოცნება" „ქართულ ქარტიას" ხელს არ მოაწერს. გათვლაც ზუსტად ამაზეა, რომ მე ჩემი შევთავაზეო, რომ ზეპარტიულობაში ჩაეთვალოს, თორემ თავადაც კარგად იცის არავინ ხელს არ მოაწერს. საერთო ჯამში, პრეზიდენტის გამოსვლა საინტერესო იყო, ცდილობს, რომ გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. ჩანს, რომ პოლიტიკაში კვლავ დარჩენას აპირებს, რომ ისევ პრეზიდენტად აირჩიონ ხმოსანთა საბჭომ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×