რეზონანსი
27.06.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ დღის წესრიგს, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც დარჩიაშვილმა ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიაონობას. დარჩიაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი და დროული შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ დღის წესრიგზე, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოსა და ზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა გამორჩეულ ხასიათს ატარებს და ეტაპობრივად ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიაონობას. საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად და წარმატებულად თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, ასევე თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში.

მოგეხსენებათ, საქართველოს მიზნად აქვს დასახული ევროკავშირში გაწევრიანება. ნიშანდობლივია, რომ ათი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს და უკვე დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი რეგიონში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე, რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა, ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას. ერთ-ერთი ასეთი მეგაპროექტი გახლავთ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია. მივესალმეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის რეკონსტრუქციის დასრულებას და მის სრულფასოვნად ამოქმედებას, აღნიშნული ხაზით მნიშვნელოვნად გაიზრდება ტვირთების გადაზიდვები, რაც დადებით მუხტს მოუტანს ამ პრიცესს და შუა დერეფნის ფუნქციის გაზრდაშიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია, რაც ძალიან გვახარებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×