ნატალია ჯვარიძე
27.06.2024

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მოსკოვის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე მოქმედებებისგან დაცვის მიზნით, ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ხაზის აშენებისკენ მოუწოდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში ოთხი ქვეყნის ლიდერებმა, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს იზიარებენ, განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც 27 ქვეყნის ბლოკის დაცვას ითვალისწინებს, ყველა წევრის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.

„რუსეთთან და ბელარუსთან ევროკავშირის საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ინფრასტრუქტურის სისტემის აშენება დააკამყოფილებს ევროკავშირის სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვის მწვავე და გადაუდებელ აუცილებლობას. ამ ერთობლივი მცდელობის მასშტაბები და ხარჯები მოითხოვს ევროკავშირის თავდადებულ ქმედებას, რათა მხარი დაუჭიროს მას როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად", - აღნიშნულია ოთხი ლიდერის წერილში.

ლიდერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე თავდაცვის ხაზის დაგეგმვა და აშენება ნატოსა და მის სამხედრო მოთხოვნებთან კოორდინაციაში უნდა განხორციელდეს.

„როიტერსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატის შეფასებით, ასეთი თავდაცვის ხაზის მშენებლობა, დაახლოებით 2,5 მილიარდი ევრო დაჯდება.

წერილს ევროკავშირის ლიდერების 27-28 ივნისის სამიტზე განიხილავენ.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, სავარაუდოდ ამ ტერიტორიაზე უნდა გაავლონ ზღუდე, დანაღმვითი ველები უნდა შექმნან და სხვა. როგორც იგი აღნიშნავს, იქ უფრო ევროკავშირი მოახდენს ზემოქმედებას, ვიდრე ნატო.

„ეს არის ე.წ. სუვალკის კორიდორის პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც კალინგრადის ოლქს ბელაურსთან აკავშირებს, ეს ლიტვისა და პოლონეთის ტერიტორიაა. როგორც ჩანს ამ სუვალკის კორიდორის პრობლემის მოგვარებაზეა საუბარი, რომელიც სიგრძეში 40 კილომეტრიანი ტერიტორიაა, ხოლო სიგანეში თუ არ ვცდები 100 კმ, აი ამ მონაკვეთის დაცვაზეა ლაპარაკი. აქ უნდა გაავლონ ზღუდე, დანაღმვითი ველები უნდა შექმნან და ა.შ.

„შესაძლოა აქ ნატოს ძალებიც განლაგდნენ, თუმცა ალბათ უფრო ევროკავშირის ეგიდით უნდათ ამ საკითხზე რეაგირების მოხდენა. სავარაუდოდ, ვაშინგტონში ნატოს სამიტზე იქნება ამაზე საუბარი.", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის თქმით კი, ეს ქვეყნები ნატოს წევრები არიან და შესაბამისად სხვა ძალები ვერ იქნება.

„ამ ეტაპტზე რთულია თქმა აქ რაზეა საუბარი, რადგან არ ვიცი რა არის გადაწყვეტილი - ეს იქნება სასაზღვრო ბარიერი, კედლის აშენება, თუ უშუალოდ ზღუდეების მოწყობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მიმართულებებს აძლიერებენ. ეს აღნიშნული ალბათ მოიცავს სასაზღვრო ძალებისა და საზღვრის დაცვის გაძლიერებას.

„ეს ქვეყნები ნატოს წევრებია და თავისთავად იქ ნატოს ძალები იქნებიან, აბა სხვა ვინ უნდა იყვნენ? ალბათ ისე იქნება, როგორც ბალტიისპირეთში არის - სხვადასხვა ქვეყნის კონტიგენტი განთავსდება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×