ნატალია ჯვარიძე
28.05.2024

ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. როგორაა მათი პოზიციები გადანაწილებული - კონკრეტულად რომელი ქვეყნები ემხრობიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გადადგმას და რომლები არიან ამის წინააღმდეგი?

ევროკავშირის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის შესახებ განცხადება ორშაბათის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

„ჩვენ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს.

„კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მოგვიანებით გავრცელდა საგარეო საგარეო მინისტრები შემაჯამებელ განცხადება. მასში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ყველაზე შესაფერისი პასუხი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში.

„მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო ინფორმირებულ იქნა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ახალი კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებასა და პრინციპებს. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოს შესაძლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით" , - წერია განცხადებაში.

ვის რა პოზიცია აქვს საქართველოზე

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შემავალი ცალკეული ქვეყნების პოზიციას, ამასთან დაკავშირებით პერიოდულად ჩნდება გარკვეული ცნობები ან ირიბი მინიშნებები მედიაში.

მაგალითად, იგივე ორშაბათის შეხვედრასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების მიუხედავად, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებზე მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობის შესახებ გააკეთა განცხადება.

რაც შეეხება განსხვავებულ პოზიციებს, გასულ კვირას გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს საბოლოოდ მიიღებს.

ამავე წყაროს ცნობით, შემზღუდავი ზომები, რომლებსაც ეს ქვეყნები მოითხოვენ, ასევე მოიცავს ევროპული ფონდებიდან გათვალისწინებული თანხების გაყინვას და მიზნობრივ სანქციებს.

თუმცა, მოგვიანებით ამ სტატიასთან დაკავშირებით საქართველოში ნიდერლანდების საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია უარყო. საელჩოს განცხადებით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს.

„ოცნებას", სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდა ამაზე ინფორმაცია..."

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას" ინფორმაცია ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის გარკვეული წევრი ქვეყნები თავს შეიკავებდნენ სადავო კანონის მიღების საპასუხოდ კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებისგან. როგორც იგი აღნიშნავს, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების თავის შეკავება რაღაცნაირად აბათილებს იმ მოსაზრებას, რასაც მთელი ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ავითარებდნენ - რომ მთელი ევროკავშირი საქართველოს ერთსულოვნად მოუწოდებს ეს კანონი გაიწვიოს.

„ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა გამოიტანოს. შესაბამისად, თუ კონსენსუსი მიღწეული არ იქნა, 3-4-მა ქვეყანამაც რომ თქვას „არა", გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა „ქართულ ოცნებას" სწორედ ამაზეც ჰქონდა გათვლა. სავარაუდოდ, მათ ინფორმაცია ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის გარკვეული წევრი ქვეყნები თავს შეიკავებდნენ ასეთი სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებისგან.

„ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების თავის შეკავება რაღაცნაირად აბათილებს იმ მოსაზრებას, რასაც მთელი ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ავითარებდბნენ - რომ თითქოს მთელი ევროკავშირი საქართველოს ერთსულოვნად მოუწოდებს, რომ ეს კანონი გაიწვიოს.

„როგორც ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ივნისში გამოცხადდება და ჩვენ ალბათ გვეცოდინება თუ რაზე შეჩერდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები", - განაცხადა ზალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×