![](rubrics/rubs4/artc206132/a1717430176.jpg)
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა, აღნიშნულია, რომ ინტენსიურად გრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა მიმართულებით.
„2023 წელს ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა: რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი; გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის 6 კმ-იანი მონაკვეთი და კახეთის მაგისტრალური გზის 4 კმ-იანი მონაკვეთი (ვაზიანის შემოვლითი გზა).
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე 2024 წელს გაიხსნა 9 კმ-იანი ოთხზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი გზა. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე გახსნილია 36 კმ-იანი გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალური გზის 276 კმ ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია.
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე 3 საათსა და 30 წუთშია შესაძლებელი.
დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი;
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ახალი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება;
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კმ-ზე, ხოლო თბილისისაგარეჯოს პროექტის ფარგლებში, უკვე ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი ვაზიანის შემოვლითი გზის გარდა, პირველი ლოტის მონაკვეთზე უკვე მოწყობილია საფარი 5 კმ-ზე, ხოლო მეორე ლოტის ფარგლებში − 6 კმ-ზე (ორივე მხარეს);
ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზაზე, 2024 წელს, გეგმით გათვალისწინებული დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად;
დაწყებულია თბილისი-რუსთავის მეორე მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიებები, რათა შესაძლებელი იყოს 2024 წლის ბოლოს სამშენებლო ტენდერის გამოცხადება;
ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაკვეთზე. საფარი მოწყობილია უკვე 36 კმ-ზე, გრძელდება საფარის მოწყობის სამუშაოები 14 კმ-ზე“, - საუბარია ანგარიშში.