რეზონანსი
11.05.2024

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებული აღიარებს,რომ მან დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილი. პაპუაშვილის თქმით, საჯარო განცხადებებიდანაც მოისმინეს, რომ მიდის ადამიანთა ძიება, რომლებიც „ძალადობაზე წამსვლელები არიან“.

„ჩვენ, რიგ შემთხვევაში საჯაროდ და მათ შორის, ბოლო პერიოდში, ზოგიერთი გასაჯაროებული საუბრიდანაც მოვისმინეთ, რომ მიდიოდა ადამიანების პირდაპირ რეკრუტირება და ძიება ადამიანების, რომლებიც მზად იქნებოდნენ წასულიყვნენ ძალადობაზე, ასე რომ, ამაში მე რაიმე გასაკვირს ვერ ვხედავ, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა წყაროებიდანაც, ბოლო პერიოდში გასაჯაროებული წყაროებიდანაც პირდაპირ ჩანდა, რომ ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ძალადობაზე არიან წამსვლელები. შემდეგ ჩვენ ვნახეთ შედეგი, როგორ წავიდნენ ძალადობაზე, როგორ მოხდა თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მათ შორის, ვნახეთ, რომ მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული ამ ძალადობრივ ქცევაში და ეს კიდევ ცალკე საკითხია. როდესაც აქციას ეძახიან ანტირუსულს და შემდეგ შიგნით რუსები არიან, ძალადობენ და თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს და ძალადობენ პოლიციელებზე, მე მგონი, ეს კიდევ ცალკე დამაფიქრებელია, საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან. ვხედავთ, ორგანიზებას, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების, რომლებიც გეგმურად, მიზანმიმართულად ჩადიან ძალადობას. პარლამენტის შენობასთან სპეციალურად ამტვრევდნენ სამეთვალყურეო კამერებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა,რომ ეს არის ჩვეულებრივი გეგმა, ქმნიან გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც შემდეგ პოლიციელებზე ძალადობენ.

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ძალადობის ტალღა რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა NGO-ებმა, აუცილებელია, რომ შეჩერდეს.

„ძალადობის ეს ტალღა გამოიწვია ზუსტად იმან, რომ განსჯის და მსჯელობის ნაცვლად NGO-ების და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზი გადავიდა ისტერიაში,რომელიც გარედანაც წაქეზებულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისვე თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა აღკვეთოს ნებისმიერი ძალადობა და შსს თავის მხრივ, ამას აკეთებს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 8-9 მაისს, ბოლო პერიოდში გამართული აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე 6 პირი დააკავა. სამინისტროს ცნობით, დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×