რეზონანსი
17.05.2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.

მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც შესრულდა სამადლობელი პარაკლისი.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოჯახი სიწმინდის დღე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა.

„დღევანდელ სამყაროში ბევრი რამ დგას გამოწვევის წინაშე და მათ შორის, გამოწვევის წინაშე დგას ოჯახის ის ტრადიციული გაგება, რომელიც ათასწლეულებია მოგვდგამს, როგორც საქართველოში, ისე ზოგადად, სამყაროში. დღეს ცდილობენ, რომ ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, ამოაყირაონ ღირებულებითი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების, უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახში არის სამი ჰიპოსტასი - მამა, დედა და შვილი, ოჯახი არის კაცი, ქალი და ბავშვი და ოჯახის ეს გაგება სრულად უნდა იყოს აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამოსულმა მოსახლეობამ ფაქტობრივად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ.

„საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ. დღეს ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო - სახალხო განხილვის ბოლო დღე იყო. ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და დღეს, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე. დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ეს რეფერენდუმი კანონად გადააქციოს და ჩვენ დავიწყებთ უკვე კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება „ჭეშმარიტების მომენტი", როდესაც მას მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება - ის დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ ის დგას იმ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ ეს ღირებულებები შეარყიონ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას და მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×