რეზონანსი
17.05.2024

„მალულად ჩამატებული მუხლები" კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მდგომარეობა გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციაში, მათი პრობლემაა, რომ თავის დროზე ვერ შეამჩნიეს და მესამე პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო - არის მალულად ჩამატებული მუხლები".

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსობრივ დავებში შესვლა და იმის თქმა, რომ „უი, ეს რა ჩაუწერიათ", აბსურდია.

„მგონია, რომ ეს მორიგი ვირეშმაკობაა. მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდა და ხმაური გამოიწვიეს იმ მარტივი მიზნით, რომ ისინი ხომ ვითომ მოლაპარაკებებისთვის სივრცეს ტოვებენ? თუ გინდა რომ რაღაც გააძვრინო და საზოგადოება ამას არ იღებს, კიდევ უფრო მძიმე ფორმა უნდა მისცე, გადაიტანო მასზე აქცენტები, შემდეგ ეგ დათმო და რისი გატანაც გინდა ის შეგრჩება ხელში. ჩვენ თუ ამაზე გადავიტანთ აქცენტს, ბოლოს იტყვიან, რომ „ეს არ მოგწონთ? კარგი, ამას ამოვიღებთ". ჩვენ ამ ვირეშმაკულ თამაშში არ შევიდეთ. სალომე ზურაბიშვილმა მათი თამაშები გაშიფრა და თქვა, მე რომ ახლა შინაარსობრივ განხილვაში შევიდე, ეს უკვე ამ კანონის ირიბ ლეგიტიმაციას ახდენსო", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ „უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჭირი მოვიშოროთ".

„ჩვენ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. ჩვენ არ უნდა ავიდეთ დაპირისპირების ტატამზე, რაზეც ეს ხელისუფლება ოცნებობს. ხელისუფლება დღეს არის გალიაში გამომწყვდეული, მშიერი, შეშინებული მხეცის მდგომარეობაში, რომელიც საკბილოს ეძებს. არ უნდა მივცეთ ეს საკბილო და უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა ყველა ამ სისაძაგლეზე. ძნელია, რთულია, მაგრამ უნდა გვეყოს იმის სიბრძნე და ნერვები, რომ ეს ავიტანოთ, უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჭირი მოვიშოროთ. არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ უნდა წავიდეთ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×