ნატალია ჯვარიძე
20.05.2024

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თბილისში ელოდება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ანალიტიკოსების აზრით, მაკრონის ვიზიტი დროის სიმცირის გამო ნაკლებად მოსალოდნელია და იგი მთელ რიგ პროცედურებს მოიცავს. მათივე თქმით, თუ იგი თბილისს მაინც ესტუმრება, „ოცნებას" ეტყვის, რომ მათი პოზიცია არ მოსწონთ.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლას ის არჩევნების შემდეგ, 2018 წლს დაჰპირდა და ეს სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

„მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მას ველოდები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მისი ჩამოსვლა იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„აქ არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, მათ შორის მისი უსაფრთხოებისთვის. აქ არის შავი ზღვა, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სატრანზიტო ზონა" - თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ელის ევროპელებისგან, კერძოდ კი ემანუელ მაკრონისგან.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს მაკრონის საქართველოში ვიზიტი არარეალისტურად მიაჩნია, თუმცა, თვლის, რომ, თუ იგი თბილისში ჩამოვა პრეზიდენტის პირადი სტუმარი იქნება. როგორც მან აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანია კიდევ უფრო გაამყაროს ნარატივი იმის შესახებ, რომ კოლექტიური დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას, რომელსაც ცუდი მთავრობა ჰყავს.

„მე ბოლომდე არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა მგონია, რომ მაკრონის თბილისში ჩამოსვლა ნაკლებად მოსალოდნელია. არ ვიცი მან ეს მიწვევა როდის გაუგზავნა. ეს უმაღლესი დონის ვიზიტია და არამგონია 26 მაისამდე სათანადო მომზადება მოასწრონ, ასე სპონტანურად პრეზიდენტებს არ იწვევენ. თან ამას მთავრობის თანხმობა სჭირდება, დღის წესრიგი უნდა შემუშავდეს და მთელი რიგი ფორმალურობები ახლავს თან.

„ფრანგული მხარის პოზიციაც არ მინახავს ჯერ, არის თუ არა მაკრონი თანახმა. რომც მოხდეს და ჩამოვიდეს, სავარაუდოდ ამ ვიზიტს ექნება თავისი მიზანი, რათა კიდევ უფრო გაამყაროს ნარატივი იმის შესახებ, რომ კოლექტიური დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას, რომელსაც ცუდი მთავრობა ჰყავს. სწორედ ამას მიჰყვება სალომე ზურაბიშვილიც. მე ვფიქრობ, რომ მაკრონის მოწვევის იდეა პოლიტიკური დღის წესრიგის დამყარებას ემსახურება.

„საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები უნდა წავიდეს. ასე ხო არ არის, რომ მარტო ზურაბიშვილი წარმოადგენს ხელისუფლებას. მართალია, პრეზიდენტია, მაგრამ, საქართველოს პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს. რა სტატუსით ჩამოიყვანს მაკრონს, ვერ გეტყვით. შესაძლოა ის პრეზიდენტის პირადი სტუმარი იყოს. როგორც ვახსენე მიზანი კი ნამდვილად ის არის, რომ მაკრონმა საქართველოს ხელისუფლებას ის უთხრას, რასაც მას სალომე ზურაბიშვილი ეუბნება" - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძესაც მიაჩნია, რომ ემანუელ მაკრონის სტუმრობა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა, თუ მისი ვიზიტი შედგება, ეს ძალიან კარგი იქნება და საქართველოს ხელისუფლებას ეტყვის, რომ მათი პოზიცია არ მოსწონთ.

„ჩემი აზრით, შეიძლება მაკრონი ვერ ჩამოვიდეს, რადგან პრეზიდენტის ვიზიტები მინიმუმ 2 თვით ადრე მაინც იგეგმება, მაგრამ, ნეტა ჩამოვიდეს. შესაძლებელია მაკრონის მაგივრად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან რომელიმე მაღალჩინოსანი ჩამოვიდეს, რადგან, რაღაცნაირად მინიშნება იყოს იმის, რომ ისინი სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერენ და მთლიანობაში პროდასავლურ ძალებს ემხრობიან.

„ამ ვიზიტით ისინი საქართველოს ხელისუფლებას ეტყვიან, რომ მათი პოზიცია მიუღებელია. თუ შედგა მისი ეს ვიზიტი ალბათ იქნება უფრო სამუშაო სტატუსით, ვიდრე ოფიციალური, რადგან ოფიციალურს თავისი დატვირთვა გააჩნია. გამორიცხული არაფერია და ძალიან კარგი იქნება თუ მაკრონი ჩამოვა, თუმცა, მე მაინც რეალისტური არ მგონია".- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×