რეზონანსი
02.07.2022

საზოგადოებაში „ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერა არ აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საზოგადოების განწყობა და არსებული პოლიტიკური რეალობის აღქმა, ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იდგმება ერთმანეთთან თანხვედრაშია.

„ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს ვერ იგებს. ელექტორატში, საზოგადოებაში „ნაციონალურ მოძრაობას" მხარდაჭერა არ აქვს. ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან უნდათ და სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ ტემპერატურა აადუღონ, არსებული მოცემულობა გამოიყენონ თავის ვიწრო და დეგრადირებული პარტიული ინტერესებისთვის.

ეს აქციაც, კონკრეტული დაგეგმილი თავყრილობაც, ბაკურიანის გეგმის განხორციელებისთვის იქნება მიზანსწრაფულად გამოყენებული. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების განწყობა და არსებული პოლიტიკური რეალობის აღქმა და ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იდგმება ერთმანეთთან თანხვედრაშია. ჩვენი საზოგადოების 85% მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას. ყველა მცდელობა, რომ ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეიტანონ საზოგადოებაში, წარუმატებელი იქნება. ეს მინდა ვუთხრა ოპოზიციას", - განაცხადა მათიკაშვილმა.

გარდა ამისა, მან „ქართულმა ოცნების" მხრიდან ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული ხედვა წარმოადგინა.

მან დეპოლარიზაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დეპოლარიზაციის ნაწილში ოპოზიციას ხვედრითი წილი ძალიან დიდია.

„თუკი დეპოლარიზაციის, ამ თორმეტი პუნქტის შესრულების გეგმაში მონაწილეობის ნაცვლად, კვლავ ტექნიკურ მთავრობაზე, რაღაც თითიდან გამოწოვილ, არარსებულ, ანტიკონსტიტუციურ საკითხებსა და პრობლემებზე საუბრობენ, აქ ნათელია, რომ დეპოლარიზაციის კუთხით ოპოზიციის აღქმა და სულისკვეთება არ არის ჯანსაღი, როგორიც ეს უნდა იყოს დღეს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×