თამთა ჩაჩანიძე
09.06.2024

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლი, ბესარიონ აპლია რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართავს, რომ თავისი იურისდიქციის ქვეშ მიიღოს აფხაზი მრევლი. მისი მოთხოვნა იმდენად კატეგორიულია, რომ რუსულ მედიაში ამას ულტიმატუმად აფასებენ. გარდა ამისა, აპლიამ აფხაზეთში მოღვაწე რუს სასულიერო პირებს აფხაზეთის დატოვება მოსთხოვა.

ამის პარალელურად კი აფხაზეთში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირების მეორე ჯგუფი - ე.წ. „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" მღვდელმსახურები ამბობენ, რომ აფხაზეთში კანონიკური წესრიგის აღსადგენად აუცილებელია მოლაპარაკება საქართველოს ეკლესიის მონაწილეობით, რასაც აპლია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის საპატრიარქო აპლიას მოთხოვნებს არ შეასრულებს, რადგან შემდგომ ამას მოჰყვება საპასუხო ნაბიჯენი საქართველოს საპატრიარქოსგან, მაგალითად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, რაც რუსეთის ინტერესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

აპლია კი თავის პოზიციას მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესებით ამყარებს. მისი მტკიცებით, ქალკედონის კრების მე-17 და ტრულის კრების 25-ე კანონების მიხედვით, თუ ეპისკოპოსი 30 წელზე მეტია არ გამოჩენილა თავისი ეპარქიის ტერიტორიაზე, მაშინ ეს ეპარქია შეიძლება გადავიდეს სხვა, მეზობელი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში. აფხაზეთის ეპისკოპოსის სტატუსი ამჟამად შეთავსებული აქვს საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს. აპლიას თქმით, „ქართულ-აფხაზური ომის დასრულებიდან და ქართული იერარქიის გაქცევიდან 30 წელზე მეტი გავიდა და ამიტომ დღეს ჩვენ საკითხს ვაყენებთ უწმინდესის (კირილეს) წინაშე".

ჩაშლილი ვიზიტი მოსკოვში

აპლია რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტასთან" საუბარში იმასაც ამბობს, რომ მაისში მოსკოვში შეხვდა პატრიარქ კირილეს და პირადად გადასცა თავისი მოთხოვნები, თუმცა, მისვე თქმით, კირილემ თავი აარიდა პირდაპირ პასუხს იმ მიზეზით, რომ თავად აფხაზ სასულიერო პირებს შორის არსებობს უთანმხოება, რომლის მოგვარებამდეც ამ საკითხის გადაწყვეტა არარეალურია; გარდა ამისა, ეს საკითხი მხოლოდ სამღვდელოების თხოვნის საფუძელზე ვერ გადაწყდება და საჭიროა საერო ხელისუფლების პირველი პირების ოფიციალური მიმართვაც.

„პატრიარქმა შეხვედრისას მითხრა, ჯერ ერთმანეთში მოილაპარაკეთ, თორემ ზოგიერთ თქვენგანს კონსტანტინოპოლში უნდა, ზოგიერთს კი - საქართველოში; ბოლოს და ბოლოს გაარკვიეთ, სად გინდათო", - ამბობს აპლია.

აპლიამ პატრიარქ კირილს და მიმართა 3 თხოვნით:

1. მიიღოს აფხაზეთი რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში.

2. დაუნიშნოს აფხაზეთს ახალი ეპისკოპოსი.

3. დაუთმოს მოსკოვში ერთი ეკლესიის შენობა აფხაზური მრევლისთვის.

როგორც თავად აპლია ამბობს, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ მან კონსულტაცია გაიარა ე.წ. დე ფაქტო ხელისუფლების პირველ პირებთან და დაიგეგმა ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში. პატრიარ კირილესთან უნდა ჩასულიყვნენ ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა და ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი ბესარიონ აპლია. მათ ოფიციალურად უნდა გადაეცათ რუსეთის პატრიარქისათვის „აფხაზი ხალხისა და აფხაზეთის მორწმუნეების" თხოვნა, რომ რუსეთის ეკლესიას აფხაზეთი თავის შემადგენლობაშ მიეღო.

აპლია აცხადებს, რომ ეს უკვე შეთანხმებული იყო მოსკოვის საპატრიარქოსთან, დაგეგმიყი იყო შეხვედრის ზუსტი დროც და აფხაზური დელეგაციის წევრებს თვითმფრინავის ბილეთებიც ჰქონდათ ნაყიდი. თუმცა, გამგზავრების წინა დღეს აპლიას მოსკოვის საპატრიარქოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრა გაეუქმებული იყო. აპლია ამაში „ქართულ ლობის" ადანაშაულებს. მისი თქმით, მოსკოვში მრავლად არიან გავლენიანი ქართველი ბიზნესმენები, რომალთაც რუსეთის საპატრიარქოზე ზეწოლის მოხდენა შეუძლიათ.

„ჩვენ არ ვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ ვართ რუსეთის ეკლესიის ნაწილი, როგორც ეს პატრიარქმა ტიხონმა გადაწყვიტა 1917-1918 წლების კრებაზე. საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის შესახებ 1943 წლის გადაწყვეტილებას არ აქვს კანონიკური ძალა. კანონიკურად, ჩვენ სწორ მხარეს ვართ. მაგრამ მოსკოვში ბევრი ჩვენი მოწინააღმდეგე და ბევრი გავლენიანი ქართველია", - ამბობს აპლია.

შანტაჟი რუსი მღვდლებით?

სწორედ ამ შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ბესარიონ აპლიამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მის დაქვემდებარებაში მსახურობენ, აფხაზეთის დატოვება მოსთხოვა. „ნოვაია გაზეტა" წერს, რომ აპლიამ შეკრიბა მღვდლები და უთხრა წასულიყვნენ თავიანთ ეპარქიებში (სადაც თავის დროზე ხელდასხმა მიიღეს) და ადგილობრივი ეპისკოპოსებისგან გამოეთხოვათ აფხაზეთის ეკლესიაში გადასვლის სიგელები. თუმცა, აპლიამ „თავისივე" მღვდლებისგან ამაზეც უარი მიიღო

„სასულიერო პირებმა უთხრეს - იმდენი ხნის წინ წამოვედით, რომ იქ ჩვენი პირადი საქმეებიც კი აღარ იქნება, ალბათ არც არავის ვახსოვართ და გვიცნობენო. გარდა ამისა, როგორ მიგვავლენენ აფხაზეთის ეკლესიაში, თუკი ასეთი ეკლესია არ არსებობს? ან რა მოხდება, თუ სხვაგვარად გადაწყვეტენ და სხვა ეპარქიაში (რუსეთის ტერიტორიაზე) მიგვავლენენო? ამის პასუხად ბესარიონ აპლიას მღვდელმსახურებისთვის უთქვამს, თუ ასეა საქმე, მაშინ კარგად იყავითო", - ეუბნება გამოცემას ანონიმური წყარო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

„რუსეთის ეკლესია ამას არ გააკეთებს"

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის საპატრიარქო აპლიას მოთხოვნებს არ შეასრულებს, რადგან შემდგომ ამას მოჰყვება ისეთი არასასურველი შედეგები საქართველოს საპატრიარქოსგან, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაა, რაც რუსეთის ინტერესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ეს აპლიას დიდი ხნის მონდომებაა. 90-იანი წლების ბოლოდან ეგაა მაგის მთავარი მიმართულება. რუსეთის ეკლესია ამას არ აკეთებს, რადგან იცის, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მდგომარეობა გაურთულდეს სხვა მიმართულებებით, მაგალითად. უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. მაშინ საქართველოს საპატრიარქო თავის იმის უფლებას მისცემს, რომ ამას მხარი დაუჭიროს. ხოლო თუ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ასეთი ტენდენციები დაიწყო, მაშინ ტერიტორიების მიხედვით მოხდება დაყოფა და რუსეთის ეკლესია რასაკვირველია ამის წინააღმდეგია. უკრაინასთან უკვე სერიოზული პრობლემები აქვს და შეიძლება ასეთი რამ კიდევ სხვაც მოხდეს. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ახლაც არ გააკეთებს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია მოლაპარაკების გამართვა რუსი, აფხაზი და ქართველი სამღვდელოების მონაწილეობით, რასაც აფხაზური „მიტროპოლია" ითხოვს, არეშიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ესეც გამორიცხულია.

„ამ ეტაპზე ამ მოლაპარაკებების გამართვის არავითარი შანსი არ არსებობს. მით უმეტეს, რომ რუსეთს ახლა თავის პრობლემები აქვს და აფხაზეთთან მიმართებაში მისკოვი ცოტა სხვანაირი პოლიტიკის დემონსტრორებას ახდენს. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ აფხაზებს ჭკუა უნდა ასწავლონ.

„ეს (ჭკუის სწავლება) იმას ნიშნავს შემდეგ რამეს. აფხაზეთი რეალურად მოსკოვის დაქვემდებარებაშია. დე ფაქტო ხელისუფლება მის ბრძანებს ასრულებს და იციან ძალიან კარგად, რომ ამ წუთში სხვა გამოსავალი არ აქვთ - ან საქართველოს უნდა შემოურიგდნენ, ან მოსკოვის მონებად უნდა იქცნენ. ახლა პრინციპში ეს მონობა უკვე აირჩიეს. მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომლის განხორციელების საშუალებას ისინი მოსკოვს არ აძლევენ - მაგალითად, იგივე აპარტ-ოტელების საკითხი, ბიჭვინთის თემა და ზოგიერთი სხვა, მიწების გასხვისების საკითხი. აფხაზების ამ პოზიციით მოსკოვი ძალიან გაღიზიანებულია და იმიტომაც ხდება ის, რაც ხდება", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×