თამთა ჩაჩანიძე
11.06.2024

სადავო „გავლენების კანონის" მიღებისა და დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველად ახორციელებს საერთაშორისო ვიზიტს. ის მსოფლიო ლიდერებთან ერთად ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ირაკლი კობახიძის საერთაშორისო ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს: პირველი - კვლავ დაასტუროს უკრაინისადმი საქართველოს უპირობო მხარდაჭერა და მეორე - დასავლეთისთვის იმის ჩვენება, რომ „არავინ არავის ზურგი არ შეაქცია".

პრემიერის თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას; სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მომავალშიც ამ გააგრძელებს მხარდაჭერას. როგორც ირაკლი კობახიძემ ბერლინშ გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება, მათ შორის ევროპარლამენტის არჩევნებს.

ღონისძიებას გერმანიის კანცლერი მასპინძლობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კანცლერი შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიების მთავარი მიზანია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. ფორუმში სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის თქმით, შოლცისა და ზელენსკის მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ესწრებოდა. მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ ომის დაწყების დღიდან აღმოუჩინა უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

რა თქვა საქართველოს პრემიერმა

ირაკლი კობახიძის თქმით, ჯამში საქართველო გახდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული თუ წამოყენებული 600-ზე მეტი რეზოლუციის, განცხადების, ერთობლივი განცხადებისა და სხვა ინიციატივის ინიციატორი, ხელმომწერი თუ მხარდამჭერი. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს.

„მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს. საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მჭიდრო კოორდინირებას ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-თან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების გატარებას.

„ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს. დღეის მონაცემებით, უკრაინაში გაიგზავნა 1 000-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება 35 მილიონ ლარს აღემატება. საქართველო დღესაც უწევს დახმარებას ომით დაზარალებულ 26 000-მდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.

„2022 წლის შემდეგ უკრაინელებს, რომლებიც მიმდინარე ომის გამო შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიეწოდებათ იმავე ოდენობის ფინანსური დახმარება, რაც დევნილებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების სისტემამ მიიღო 2 300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა ეუფლება საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე, სტანდარტული უკრაინული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.

„გარდა ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ბავშვები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს ომის გამანადგურებელი შედეგების პირობებში, ზაფხულში ჩვენი ახალგაზრდული ბანაკები უმასპინძლებენ უკრაინელ ბავშვებს. კერძოდ, ხსენებულ ბანაკებში მონაწილეობას მიიღებენ ხარკოვსა და კიევში მცხოვრები უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები. ეს ბავშვები უფლებამოსილი მეურვეების თანხლებით დაისვენებენ ჩვენს რეგიონებში, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მტკიცე. ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში და „მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას".

„ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირები, არამედ ასევე საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში. მანამდე კი ჩვენ ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა.

„რეალურად, იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებითად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოვლენების განვითარება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს.

„ეს ყველას ინტერესებშია. ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში", - განაცხადა პრემიერმა.

გერმანიაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ სანქციებზეც ისაუბრა, ოღონდ უკვე ჟურნალისტებთან.

„სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს ასევე არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან", - განაცხადა კობახიძემ.

ვიზიტის ორი მთავარი მიზანი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ პრემიერის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს - უკრაინისადმი საქართველოს უპირობო მხარდაჭერის დადასტურება და ის, რომ დასავლეთს ზურგი არავინ არ აქცია.

„პრემიერ კობახიძის ბერლინის კონფერენციაზე მონაწილეობას ორი მთავარი მიზანი ჰქონდა - პირველი, რომ კვლავ დაედასტურებინა უკრაინისადმი საქართველოს უპირობო მხარდაჭერა და მეორე, დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ არავინ არავის ზურგი არ შეაქცია. ჩვენი ქვეყანა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას, როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან და სამხრეთთან. გასაგები მიზეზების გამო, ჩრდილოეთის ოკუპანტთან ვერანაირი მეგობრობა ვერ გვექნება.

„იმისდა მიუხედავად, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია საქართველოს ძალიან უნამუსოდ ამუნათებს, რაღაც მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს, მოსკოვოსთვის აბსოლუტურად არაეფექტური სანქციების დაწესებას. პლიუს ამას, უკრაინამ ჩვენი ელჩიც გამოაგდო და თბილისიდან საკუთარი ელჩიც გაიწვია. ამის მოუხედავად, საქართველო ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-დიპლომატიურ მხარდაჭერას აგრძელებს მეგობარი და მოძმე უკრაინელი ხალხისადმი. კიევში ხელისუფალნი მიდიან და მოდიან, მაგრამ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ცხადია, რჩება ორ ხალხს შორის.

„კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას კვლავ შეახსენა, თუ რა მასშტაბური დახმარება გასწია პატარა საქართველომ უკრაინის ხალხისთვის. აქ მთავარი იყო, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური უნდა წასულიყო, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს და არა კონსტიტუციის დამრღვევი დე ფაქტო პრეზიდებტი ზურაბიშვილი, რომელიც რამდენჯერაც კი წასულა ბოლო წლებში დასავლეთში, იმდენჯერ გააფუჭა ურთიერთობა საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის.

„მიუხედავად კრიტიკისა ამ ე.წ. რუსულ კანონზე, არაფერი იცვლება. ყველა პარტნიორთან მთავარია დიალოგი და კომუნიკაცია. ევროკავშირის შიგნით უფრო მჭიდრო პარტნიორებსაც კი აქვთ განხეთქილება, დროებითი დაპირისპირება და ა.შ. მაკრონისა და შოლცის ქიშპობა გავიხსენოთ, ასევე თუნდაც იტალიის პრემიერ მელონის და პრეზიდენ მაკრონის უმწვავესი დაპირისპირება, მაგრამ ეს ყველაფერი გვარდება კომუნიკაციით, დიალოგით და პარტნიორობის საქმით დამტკიცებით.

„ოღონდ აქ მთავარი ისაა, რომ პარტნიორობა არა ცალხმრივი, არამედ ორმხრივი ქუჩაა. როცა სუვერენული საქართველო თავისი კანონმდებლობისა და პრიორიტეტების მიხედვიოთ მოქმედებს, ამის გამო ის არ უნდა დაამუნათონ და რაღაც სანქციებით არ უნდა დაემუქრონ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×