ნატალია ჯვარიძე
22.05.2024

პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა ჟურნალისტის შეკითხვას თუ როგორია ვაშინგტონის დამოკიდებულება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის პოტენციურ თავდასხმებთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ აშშ-ს პოზიცია უცვლელია.

მისივე თქმით, აშშ ორიენტირებულია უკრაინის არმიისთვის საჭირო საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფაზე, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში.

„თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა", - აღნიშნა რაიდერმა.

აშშ-ს პოზიციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს. მან The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპანტები უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე პოზიციებიდან უტევენ, რადგან ესმით, რომ უკრაინის არმია ვერ შეძლებს საპასუხო დარტყმებისთვის დასავლური იარაღი გამოიყენოს.

როგორც იგი აღნიშნავს, კიევმა არაერთხელ მოუწოდა აშშს-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, რადგან მათ იარაღით თავის დაცვის ნება დართონ.

ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს თხოვნით, რომ უკრაინას გარკვეულ გარემოებებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს.

კავკასიის საკითხების ექსპერტს მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ ზედაპირულად და იმ განცხადებების ფონზე, რასაც ისინი აკეთებენ, ჩანს, რომ აშშ ერიდება რუსეთის თავდასხმების მონაწილეობაში მიღებას, რადგან მათ რუსეთის მუქარის ბირთვული იარაღის შესახებ ეშინიათ.

„ღია განცხადებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკას არ უნდა ომის მონაწილის როლში აღმოჩნდეს. ის პოზიციონირებს, როგორც უკრაინის დამხმარე და არა ომის აქტორი და თუ მისი იარაღის მეშვეობით დაიბომბება რუსეთის ტერიტორიები, მაშინ გამოდის, რომ აშშ უკრაინას არა მხოლოდ ეხმარება, არამედ იგი მონაწილეობს კონფლიქტში.

„ასე ითვლება ვაშინგტონში და ასე ფიქრობენ მოსკოვშიც. ზედაპირულად ეს ყველაფერი ასე გამოიყურება, თუმცა, სინამდვილეში უნდა ვიცოდეთ რა ამოცანაა ჩადებული რუსეთ-უკრანის დაპირისპირებაში. აქ ხომ ბრძოლა იმისთვის არ მიმდინარეობს, რომ ვიღაც დაინტერესებულია უკრაინელი ხალხის ბედით. საქმე იმაშია, რომ მთელი ამოცანის შინაარსი არის რუსეთის მაქსიმალური დასუსტება. ეს კი ხანგრძლივი ომით არის შესაძლებელი, პლუს სანქციებით და რესურსების შეზღუდვით.

„დასავლეთში ძალიან ეშინიათ რუსეთის მუქარის, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დამხმარედ გამოჩნდნენ და არა მხარედ. განცხადებების დონეზე ეს ასე იქნება, მაგრამ, შეიძლება უკრაინელებმა მათ მიერ გადაცემული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენონ, თუმცა ისინი იტყვიან, რომ ჩვენ უკრაინას ამის გაკეთებას ვუკრძალავთ, ისევე, როგორც ისრაელის შემთხვევაში ხდება.

„კონსულტაციები მიდის უკრაინისთვის სამხედრო იარაღის გადაცემაზე, რომლის დანიშნულება თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებაა. აქ მოსკოვის მხრიდან აშშ-ს გამტყუნება რთულია. თუ ეს იარაღი თავდასხმისთვის გამოიყენეს, მაშინ ამერიკის დადანაშაულება უფრო მარტივია.

„ამრიგად, ამერიკელები ერიდებიან, რომ ისინი რუსეთზე თავდასხმის ინიციატორები გამოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში განცხადებებისა და ღია ქმედებების ფონზე, თორე ჩუმად რას აკეთებენ არ ვიცი". - აცხადებს მამუკა არეშიძე „რეზონანსთან".

ჯიპას ასოცირებული პროფესორის თენგიზ ფხალაძის აზრით, უკრაინასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც უკრაინის უფლებების დაცვასა და სამხედრო იარაღის გადაცემას გულისხმობს.

„ამ განცხადებებთან ერთად არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს და ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ უკრაინის მხრიდან შეტევები საზღვრის იქითაც განხორციელებულა. ამიტომ, თითოეული ეს შემთხვევა არის ცალკე განხილვის თემა.

„ერთია თავდაცვის მიზნების გამოყენება და მეორეა შეტევითი ნაწილი. მე რამდენადაც ვიცი ამ თემებზე უკრაინასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

„საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უკრაინის უფლებები დარღვეული არ იყოს. ასევე კონსულტაციები მიდის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გადაცემაზე, რომელიც ჯერ უკრაინას არ აქვს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×