რეზონანსი
06.06.2024

რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს იმ დავალებების შესრულება, რასაც რუსეთი აძლევს , - ასე შეაფასა „ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!"

სამადაშვილმა ირაკლი კობახიძეს რუსეთის წარმომადგენელი უწოდა.

„რუსეთის წარმომადგენელი რომ გამოდის, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰქვია და მაიდანს იძახის. რა იყო მაიდანი? - ის იყო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაყენებლად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. თუ კობახიძეს მიაჩნია, რომ მაიდანი იყო საშინელება, რატომ შეიტანა მისმა ხელისუფლებამ, რატომ მოაწერა ხელი გაწევრიანებაზე განაცხადს? კითხვა მაქვს ამ ხალხთან: რას სთავაზობენ ქართველ ხალხს? გამოდიან და ხალხს ეუბნებიან, რომ თავისუფლება უნდა დათმონ, რომ მშვიდობა შეინარჩუნონ? რუსეთის შემდეგი მოთხოვნა იქნება ასეთი: ახლა აღიარებთ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და მერე ყველა ერთად შემოიტან განაცხადს , რომ რუსეთის ქოლგის ქვეშ და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდებით. ეს არის დუგინის იდეოლოგიის მიმდევრობა. დღეს, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს იმ დავალებების შესრულება, რასაც რუსეთი აძლევს", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება" რუსეთის დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ჩაშლა იყო რუსეთის დიდი ხნის ამოცანა.

„ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ აშშ-ს მიერ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა გასული 30 წლის მანძილზე გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. ამერიკის მხარდაჭერა, რომ არა 2008 წელს განხორციელებული ინტერვენცია როგორ დასრულდებოდა არავინ იცის, ალბათ, 2008 წელს რუსეთის დროშა იფრიალებდა თბილისის თავზე და ამით დასრულდებოდა ის თავდასხმა.

რუსეთის დავალებას ასრულებენ იმიტომ, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ჩაშლა იყო რუსეთის დიდი ხნის ამოცანა და ახლა ვხედავთ იმას,რომ მიმდინარეობს ის, რაც რუსეთმა ვერ მოახერხა. საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში განიხილავენ რით დაეხმარონ საქართველოს და რა იქნება საუკეთესო დახმარება ქართული სახელმწიფოსთვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, თურმე მტრები არიან და მეგობრები არიან ის ხალხი მოსკოვში, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ი წაგვართვა. რუსული ხერხია ადამიანებს დააჯერო პირიქით, რომ მეგობრები მტრები არიან, მტრები კი მეგობრები. ამას ემსახურება „ქართული ოცნების" პროპაგანდა",- განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც „ლელოს" დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ნამდვილი ქართული ოცნებაა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება .

„საქართველო 30 წელია ოცნებობს, ნამდვილი ქართული ოცნებაა ევროატლანტიკურ სივრცეში მიგვიღონ, გაიხსნას ამ სივრცის კარები ჩვენთვის. დღეს ეს ხალხი ამ კარებს გვიხსნის და გვეუბნებიან, რომ ევროკავშირში შეგიძლიათ გაწევრიანდეთ, ოღონდ ამისთვის უნდა ჩაატაროთ რეფორმები, რომლებიც ჩვენც გვჭირდება. დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ სსრკ , ევროკავშირი და ამერიკა ერთნაირად ცდილობენ ჩვენს დაპყრობასო. მეტი აბსურდი რა უნდა უთხრან საქართველოს მოქალაქეებს?!",- განაცხადა სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×