რეზონანსი
17.05.2024

წყალტუბოს გზაზე მომხდარ ავარიას 28 წლის ალექსანდრე ნუცუბიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ახლობლები ამბობენ, ალექსანდრე ბაიკით გადაადგილდებოდა და ამ დროს მოხდა ავარია. ალეკო ქუთაისელი იყო. მას სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი ემშვიდობება:

" მას შემდეგ, რაც ეს შემზარავი ამბავი გავიგე, აზრებს ვერ ვუყრი თავს. თავზარდამცემია იმაზე საუბარი, რომ ალეკო არ არის ცოცხალი. ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, მართლა საოცარი ადამიანი. იმდენად დიდი ტკივილია ჩემთვის და იმხელა ტრაგედიაა, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. მასზე მხოლოდ კარგი მაგონდება და ეს უფრო მტკენს გულს, რომ ვეღარასოდეს ვნახავ. უზომოდ კარგი ახალგაზრდა იყო, სიცოცხლით სავსე, კეთილი, პოზიტიური, ყველაზე მზრუნველი, ძალიან მშრომელი; სპორტსმენი იყო, საოცრად უკრავდა გიტარაზე, მართლა ყველაფერი კარგად გამოსდიოდა.

დიდ სიყვარულს თესავდა და ყველას ძალიან უყვარდა.

მორწმუნე იყო, სტიქაროსანი.

არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. მისი სახელის გახსენებაზე ყოველთვის მისი მოღიმარი სახე და ხმა გამახსენდება. ახლა საქართველოშიც არ ვარ და უფრო მძაფრად განვიცდი, რადგან ვერც დავემშვიდობები. უდიდესი ტრაგედიაა. ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ უნდა მომხდარიყო.

ბედნიერად უნდა ეცხოვრა. ულამაზესი ცოლი ჰყავს, ახლახან შვილი შეეძინათ, მისი პატარა ბიჭი 6 თვის არის. მართლა არ მაქვს საუბრის ძალაც, თორემ მასზე დაუსრულებლად შემიძლია გიამბოთ. ძალიან დიდი ტკივილია. სიტყვებს არა აქვს ფასი.

როგორც გავიგე, გუშინ მოტოციკლით წყალტუბოს გზაზე მოძრაობდა და ეს ტრაგედია იქ დატრიალდა. ახალი ბაიკი უყიდია და იმით მოხდა ეს უბედურება. არადა, ძალიან გამოცდილი ბაიკერი იყო. გამოცდილი მძღოლი, დიდი ხანია, მოტოციკლს ატარებს და ისე კარგად მართავდა, სხვებს ასწავლიდა. რა მოხდა იქ და იმ დროს, არ ვიცი. ამბობენ, საჭე გაექცაო. ისე გარდაიცვალა, რომ იქაც არავინ დააზარალა საკუთარი თავის გარდა.

ჩვენი ალეკო აგვისტოში 29 წლის გახდებოდა, ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ნებისმიერ ადამიანს დაელაპარაკეთ, ვინც ალეკოს იცნობდა და ყველა გეტყვით, როგორი კარგი ადამიანი დავკარგეთ. ის მუდამ იქნება ჩვენს გულში. ალეკო ყველასთვის გამორჩეული ადამიანი იყო და ყველას გულში თესავდა სიყვარულს, ყველას თანავუგრძნობ ამ ტრაგედიას",- ამბობს ჩვენთან საუბარში მისი მეგობარი.

"შოკირებული ვარ ამ ავარიის ნახვის შემდეგ", - წერს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც შემთხვევით შეესწრო ფაქტს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ჩვენც თანავუგრძნობთ ალექსანდრეს ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ.

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×