რეზონანსი
18.05.2024

ოპოზიციაც და ეს „ყველაფრის მცოდნე ახალგაზრდებიც" თავს იტყუებენ და თვითონაც არ სჯერათ, რომ თითქოს მთელი საქართველო ამ კანონის წინააღმდეგია. სინამდვილეში მათ კარგად იციან, რომ სტაბილურ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, ამიტომაც არ იცდიან არჩევნებამდე და ცდილობენ ახალგაზრდებისა და უცხოელი „კეთილისმსურველების" აქტივობებზე დაყრდნობით დესტაბილიზაციის საფუძველზე ძალაუფლება არჩევნებამდე მოიპოვონ სახელმწიფო გადატრიალების გზით, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, 17 მაისის აქციამ ნათლად დაანახა ყველას, სად დგას საქართველო და სად დგანან ე. წ. „ჯენ Z" თაობის ახალგაზრდები, რომელთა ათასობით წარმომადგენელი ოჯახის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას.

„ვერ მააწონებ კარგ ყმასა, რაც არ უჯდების ჭკვაშია" (ვაჟა)

დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. პირველ რიგში იმაზე, რომ თურმე მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც წარმოგვიჩენდნენ ე. წ. „ჯენ Z" თაობის ახალგაზრდებს, რომლებისთვისაც თავისუფლება უპატივცემულობასთან, უპასუხისმგებლობასთან და უცოდინარობასთან არის დაკავშირებული. მართალია, ახალგაზრდობის წლებში ზოგადად ამ თვისებებისგან არავინ ვყოფილვართ დაზღვეულები, რისი მთავარი მიზეზიც ამ ასაკში თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილებია, მაგრამ როდესაც თინეიჯერებს და ცოტა უფრო მოზრდილი ასაკის ადამიანებს ფუნდამენტური განათლების მიღების ნაცვლად ტვინებს გამოურეცხავენ იდეოლოგიზებული ზედაპირული დებულებებით, სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში აღქმით, მაშინ იბადება მათ სულებში და გონებაში კომსომოლობისა და ფაშიზმის ბაცილები, რომლებიც თანდათან გადაიზრდება ფანატიზმში. ასეთი ახალგაზრდებს თავს წარმოადგენინებენ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის მებრძოლ პატრიოტებად, რომლებიც მზად არიან ფანატიკურ რწმენამდე მისული საკუთარი იდეებისთვის თავგანწირულად ებრძოლონ ბოროტ ძალებს, ქვეყნის მტრებად აღქმულ კონკრეტულ პირებს თუ ჯგუფებს, რადგან ისინი დაარწმუნეს, რომ სწორედ ეს პირები თუ ჯგუფები აფერხებენ სამშობლოს წინსვლას თავისუფლებისკენ და ნათელი მომავლისკენ.

სწორედ ასე დაარწმუნეს ჩვენი პროტესტანტი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომ როდესაც ეგრეთწოდებულ „რუსულ კანონს" აპროტესტებენ, ამით ისინი კეთილი საქმეებისთვის, სამშობლოსათვის იბრძვიან. ამაში დარწმუნებული პროტესტანტი ახალგაზრდები კი არც კითხულობენ, რატომ არის ქვეყნის დაქცევა ასეთი კანონის არსებობა, როდესაც ის მომავალ წლამდე რეალურად ვერ ამუშავდება, რადგან ფინანსური დეკლარაციის შევსება ყველა ორგანიზაციას ახალი წლის საწყის თვეებში ევალება. საპარლამენტო არჩევნები ა. წ. ოქტომბერშია და ოპოზიცია ხომ ამტკიცებს და ამ ახალგაზრდებსაც ხომ სჯერათ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა „რუსული კანონის" წინააღმდეგია. თუ ეს ასეა, მაშინ რაშია პრობლემა? ამ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ოქტომბრის არჩევნებით ხომ ხელისუფლებიდან უნდა გაუშვას ამ კანონის მიმღები „ქართული ოცნება" და ხელისუფლებად აირჩიოს ამ კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიცია, რათა მათ გააუქმონ ეს „რუსული კანონი"? ამ კითხვაზე ყველაზე ლოგიკური პასუხია, რომ ოპოზიციაც და ეს „ყველაფრის მცოდნე ახალგაზრდებიც" თავს იტყუებენ და თვითონაც არ სჯერათ, რომ თითქოს მთელი საქართველო ამ კანონის წინააღმდეგია. სინამდვილეში მათ კარგად იციან, რომ სტაბილურ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, ამიტომაც არ იცდიან არჩევნებამდე და ცდილობენ ახალგაზრდებისა და უცხოელი „კეთილისმსურველების" აქტივობებზე დაყრდნობით დესტაბილიზაციის საფუძველზე ძალაუფლება არჩევნებამდე მოიპოვონ სახელმწიფო გადატრიალების გზით.

17 მაისის აქციამ ნათლად დაანახვა ყველას, სად დგას საქართველო და მათ შორის სად დგანან ე. წ. „ჯენ Z" თაობის ახალგაზრდები, რომელთა ათასობით წარმომადგენელი ოჯახის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას. სწორედ ასეთ კაი ყმებს გულისხმობდა ვაჟა-ფშაველა, როდესაც წერდა: „ვერ მააწონებ კარგ ყმასა, რაც არ უჯდების ჭკვაშია". ვერ ჩაუჯინეს „კაი ყმებს" თავში ფაშისტურ-ლიბერასტული იდეები, ვერც ჩაუკლეს და ვერც შეუცვალეს ქართული, ეროვნული, ქრისტიანული გენეტიკური კოდი „თავისუფლების" ლიბერასტული გაგებით, სწორედ ეს „კაი ყმები" არიან ჭეშმარიტი (და არა დამახინჯებული) ლიბერალური, დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების მატარებლები და სწორედ ასეთმა ახალგაზრდობამ უნდა გააგრძელოს ღირსეულად ჩვენი სამშობლოს მრავალათასწლიანი ისტორია მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვით, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ნებისმიერი ადამიანის უფლების დაცვასაც კლასიკური (და არა გაუკუღმართებული) ფორმით", - წერს ნანა კაკაბაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×