ელზა პაპოშვილი
01.07.2024

რა გახდა მთაწმინდაზე  მამუკა ლომიძის მკვლელობის მოტივი, ოჯახს დღემდე არა აქვს პასუხი. როგორც მოკლული ახალგაზრდის ახლობლები ამბობენ,  საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება, თუმცა, მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იტოვებს. 

მოკლულის ოჯახი ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათივე თქმით, დაკავებული ჯერ ისევ არაა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელთან ერთადაც ბრალდებული მკვლელობის დროს გადაადგილდებოდა.  

გამოძიების ინფორმაციით კი 25 წლის ახალგაზრდას ბაჩო სირაძემ 7-ჯერ ესროლა ხელნაკეთი იარაღიდან. მოტივი ამ დრომდე უცნობია, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ მისი ადვოკატებიც. 

მკვლელობა თბილისში 18 თებერვალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. დანაშაულს კი წინ ერთ-ერთ კლუბში დაწყებული ჩხუბი უძღოდა. დაკავებულია ორი პირი -  მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე და გრიგოლ ზარნაძე, რომელსაც ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა.  

„წარმოდგენა არ გვაქვს დღემდე რატომ გაიმეტეს 24 წლის ახალგაზრდა ბიჭი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ღამის კლუბში მოუვიდათ კონფლიქტი. რაღაცაზე მოხდა მათ შორის შეკამათება. 

„ამის შემდეგ, როგორც თვითმხილველების გადმოცემით ვიცით, ეს პირი,  ბაჩო სირაძე, სახლში წავიდა, სახლიდან იარაღი გამოიტანა და უკან დაბრუნდა. ფაქტობრივად ჩასაფრება მოუწყეს. მასთან ერთად კიდევ ერთი პირი იყო, რომელიც დღემდე არ არის დაკავებული. სრულიად უმიზეზოდ, ცივსისხლიანად მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი. დაუნდობლად 7-მდე ტყვია ჰქონდა ნასროლი. მისი გადარჩენის შანისც არ იყო. 

„განზრახ მკვლელობაა, რომლიც დაგეგმა და ჩასაფრებით სისრულეში მოიყვანა. ვითხოვთ მისთვის სამუდამო პატიმრობას. ასევე იმ პირის დაკავებასაც ვისთან ერთადაც ის მკვლელობის დროს იმყოფებოდა. დღემდე არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი“,-ამბობს მოკლული მამუკა ლომიძის ახლობელი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×