რეზონანსი
19.06.2024

დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში(ქალაქებში, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშებია დაგეგმილი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული, რომლებიც სხვა მონაწილე ქვეყნების და მასპინძელი გერმანიის სამათალამცავებთან ერთად უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და წესრიგს იცავენ.

დორტმუნდში ქართული პატრულის ათეული ყველაზე ხალხმრავალ ლოკაციაზე - ჰაუპტბანჰოფზე( რკინიგზის ცენტრალური  სადგური) პატრულირებს და უშუალო მოვალეობების შესრულებასთან ერთად ქართველ ქომაგებს დიდ დახმარებასაც უწევს.

ხშირ შემთხვევაში ქართველი პოლიციელები გზამკვლევის ფუნქციასაც კი ასრულებენ თანამემამულეებისთვის და გერმანელი კოლეგების დახმარებით აკვალიანებენ. რა თქმა უნდა, არც ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს დაგვამადლეს დახმარება და უსწრაფესად გაგვარკვევინეს. თუ რომელ მატარებელს და რომელი ბაქნიდან უნდა გავყოლოდით ჩვენთვის საჭირო დანიშნულების პუნქტამდე მისვლისთვის. არც ფოტოს გადაღებაზე გვითხრეს უარი და ოპტიმისტურ ნოტაზეც დაგვშორდნენ: დაგვარწმუნეს, რომ ჩეხებთან აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჯგუფური ეტაპის ბარიერს დავძლევთ.

ისიც უნდა ითქვას, რომ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ქართული პატრულის დიდი ძალისხმევით მოხდა საკმაოდ აგრესიული და გაცილებით მრავალრიცხოვანი თურქ ქომაგთ ჯგუფის ქართველ გულშემატკივრებთან ხელჩართული დაპირისპირების თავიდან არიდება. ვითარების განეიტრალებაში თურქმა სამართალდამცავებმაც მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, უკონფლიქტოდ დღეს მაინც არ ჩაუვლია.

ცნობისთვის, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის ტრიბუნების საზღვარზე ქართველ და თურქ ფანებს შორის მოხდა ხელჩართული დაპირისპირება და ერთმანეთის მიმართულებით სხვადასხვა საგნებიც ისროლეს. კონფლიქტი დაახლოებით 3 წუთს გაგრძელდა და საბედნიეროდ, მალე მშვიდობიანად დასრულდა, თანაც ისე, რომ სერიოზულად არავინ დაშავებულა.

მიხეილ აბაიშვილი დორტმუნდიდან

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×