ნატალია ჯვარიძე
30.05.2024

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ახალი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ამზადებენ, არჩევნებში გამარჯვებას მოუტანთ. ამაზე ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გარკვეული კონფიგურაციით არჩევნებზე გასვლის შემთხვევაში, შეიძლება ოპოზიციამ მოიგოს, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ საარჩევნოდ სწორად დალაგებას ოპოზიციური პარტიები ვერც ახლა შეძლებენ, როგორც ეს წინა არჩევნებზეც არ გამოსდიოდათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „პოლიტიკური კრეატიულობა დაკარგული აქვთ".

სამი პოლიტიკური ცენტრი რომ შეიქმნას, მაგალითად „ლელო" და „დროა", ენმ და ვაშაძის პარტია, და ცალკე გახარიას „საქართველოსთვის", ამან შეიძლება საკმაოდ მძლავრი წინაპირობა შექმნას არჩევნებში წარმატებისთვის, აცხადებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. გია აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ „დიდი ალბათობით რაიმე სიახლე არ იქნება. რასაც სულ ამბობდნენ, იგივეს გაიმეორებენ, ოღონდ სხვანაირი ტერმინებითა და ფორმებით. ბოლო 12 წლის მანძილზე მათი პოლიტიკური მენიუ არ იცვლება."

ხუთშაბათს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაანონსა, რომ უახლოეს დღეებში კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარადგენს.

„ახლა დიდი გაერთიანების და ერთად დგომის დროა, რადგან ეს დიდი ბრაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს, 26 ოქტომბერს დიდ გამარჯვებაში გარდავსახოთ. თუ „ოცნება" ინარჩუნებს ხელისუფლებას, მაშინ ივანიშვილისეული ჭაობი იქნება ამ ქვეყანაში, თუ ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას, ვიწყებთ სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირთან, მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, 15 დეკემბრისთვის გავხსნით ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ძალიან დიდი ინვესტიციებს შემოვიტანთ," - განაცხადა ვაშაძემ.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, ვაშაძის განცხადებაში საუბარი უნდა იყოს რაღაც კონკრეტულ პროგრამაზე, რომლის საშუალებითად მოსახლეობას აუხსნიან, თუ რატომ არის „უცხოური გავლენების შესახებ" კანონი ანტიეროვნული.

„სავარაუდოდ, ის ამომრჩეველს თავის პროგრამას შესთავაზებს. შესაძლოა, არჩევნებამდე საერთო სიებზე დაიწყოს ლაპარაკი და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გაერთიანდეს, ან მეორე - შექმნას რამდენიმე დაჯგუფება, „ლელო" და „დროა" გაერთიანდნენ, „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ნაცმოძრაობა" ისედაც ერთად არიან და „ახალი" შეიძლება თავის მოკავშირეებს ეძებს. რამდენიმე ან ერთჯერადი ცენტრი შეიქმნება. მთლად ერთჯერადის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება, რადგან „ლელო" ამაზე უარს აცხადებს. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, ალბათ ის ცალკე მოგვევლინება.

„გარდა ამისა, მოსალოდნელია რეგიონებში ჩასვლა, პოტენციურ ამომრჩეველთან შეხვედრები და მათი ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდებს „ოცნების" მიერ მიღებული კანონი. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება თავის მხრივ ამ შეხვედრებს ხელს შეუშლის, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს. ამრიგად, ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება, რადგან ერთობლივი, წინარაასრჩევნო რეკომენდაციები შემუშავებული იქნას", - ამბობს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან.

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, რაიმე ფუნდამენტური ცვლილება არ იქნება და ოპოზიცია წრეზე სიარულს გააგრძელებს. მისივე თქმით, ბოლო 12 წლის მანძილზე ოპოზიციის პოლიტიკური მენიუ არ იცვლება.

„დიდი ალბათობით რაიმე სიახლე არ იქნება. რასაც სულ ამბობდნენ, იგივეს გაიმეორებენ, ოღონდ სხვანაირი ტერმინებითა და ფორმებით. მათი სამოქმედო გეგმა დაკავშირებული იქნება დესტრუქციასთან. ბოლო 12 წლის მანძილზე მათი პოლიტიკური მენიუ არ იცვლება და სულ ასე გაგრძელდება. როგორც გიორგი ვაშაძემ, ასევე მისმა კოლეგებმა პოლიტიკური კრეატიულობა საერთოდ დაკარგეს, ერთიდაიგივე წრეზე დადიან და იგონებენ რაღაც ახალ ალტერნატიულ მთავრობებს. შემდეგ კი, როცა არჩევნებზე მიდიან, პირწმინდად აგებენ. კიდევ ვითომ ბოიკოტს აცხადებენ და პარლამენტში არ შედიან. თუ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ბოიკოტი უნდა, მაშინ უარი თქვას საპარლამენტო და საკრებულოს მანდატებზე. ფაქტია, რომ ისინი ხელფასებსა და პრივილეგიებს ვერ ელევიან, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ხალხს აჩვენებენ, თითქოს გავლენიან პოლიტიკურ პერსონჟებს წარმოადგენენ.

„ვაშაძე წლებია პრემიერობაზე ოცნებობს, თუმცა ეს ბოლომდე შეუსრულებლად დარჩება. პარადოქსი კი ის არის, რომ ეს რადიკალები ძირითადად ლეგიტიმაციას უცხოეთში ეძებენ და არა საქართველოში. მათგან განსხვავებულ საზოგადოებას კი ემუქრებიან, აბულინგებენ და ულტიმატუმებს უყენებენ. ნეგატიურ კამპანიებით ვერც ერთი ქვეყანის ხელისუფლებაში ვერავინ მოსულა, თუმცა წარსული მძიმე გამოცდილებებით რადიკალები ჭკუას ვერ სწავლობენ," - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×