თამთა ჩაჩანიძე
31.05.2024

„გავლენების კანონის" გარშემო აურზაური არ წყდება - ბოლო დღეებში ამ თემაზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მათ ტელეფონებზე მუქარისშემცველი ზარები არ წყდება, მომხრეები კი საპასუხოდ ამბობენ, რომ პირიქით თავს მათ ესხმიან და ემუქრებიან - „ხალის ძალა" ითხოვს, რომ „ჯაშუშობის მუხლით გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში", ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს რეპრესიების დაანონსებას ნიშნავს.

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში წელს. როგორც ის აღნიშნავს, „დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, და ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება, არ ჩერდებიან მხოლოდ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში და ისინი ვერც გაჩერდებიან, ვინაიდან დავალებებით მოქმედებენ".

მაჭარაშვილის შეფასებით, „ადამიანებს, რომლებიც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებენ, ჩართული არიან ბულინგის, შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანიებში, დაუსჯელობის განცდა აქვთ და ქვეყანას მოსვენებას არ აძლევენ". მისი თქმით, „ჯაშუშობის მუხლით ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება".

მაჭარაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებელის" წერი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, როცა მაჭარაშვილი საკუთარ თავსა და ბულინგზე წუხს, უნდა გაიხსენოს ოპოზიციონერი ლიდრების ცემა.

„გურამ მაჭარაშვილი საკუთარ თავზე და ბულინგზე რომ წუხს, ის არ გაახსენდა თავის კოლეგა ლებან ხაბეიშვილი რომ სცემეს? მერე ოპოზიციის ლიდერებს ქუჩაში რომ ხვდებოდნენ და ცხვირ-პირს უერთიანებდნენ? მერე ახალგაზრდები საკუთარი ცოლ-შვილის წინაშე რომ სცემეს? ამაზე რეაქცია არ ჰქონია და თურმე ღირსება შეელახა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. მე არ მომწონს არანაირი ფორმის ბულინგი, მაგრამ გურამ მაჭარაშვილი რომ გამოსულიყო აქ და ერთი სიტყვა ეთქვა ხაბეიშვილის მისამართით რაც მოხდა არის უკანონობა და დანაშაულიო, მის წინააღმდეგ აგრესიას შეამცირებდა," - განაცხადა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, ხუთშაბათს ღამით, მობილურ ტელეფონზე მუქარისშემცველი ზარი მიიღო. დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს მიმართოს, მათ შორის სასამართლოს.

„გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამავე ნომრიდან ათობით ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ. მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის საქართველოში არავის ეშინია," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარასკევს ხმაური იყო ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ მის 8 წლის შვილს ღამის 2 საათზე დაურეკეს და აგინეს.

„ჩემს 8 წლის შვილს ღამის 2 საათზე ურეკავენ და აგინებენ. დღეს კი ესენი [საკრებულოში ოცნების დეპუტატები] ბიუჯეტის გაზრდაზე მელაპარაკებიან. თურმე, ბატონ ბიძინას მადლობა უნდა გადავუხადოთ. სირცხვილია ეს ყველაფერი," - აცხადებს დუმბაძე.

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ „ხელისუფლებამ ახალი ძალებით დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა". მისი თქმით, ხუთშაბათს გახარიას გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის მასთან განხორციელდა „ძალადობის მუქარა". ბუჩუკურმა საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოთვის" დეპუტატებთან, (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. ამ დრომდე დაფიქსირებულია პარტიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტი. ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას", რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერის და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება, პრაქტიკულად, არის შეუძლებელი. მუქარა ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია",- განაცხადა ბუჩუკურმა.

„ზარი შევიდა ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ - „შენი და არ იქცევა სწორად და ,,მიაყენოს", ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო", - ამბობს „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი.

როგორც თურაზაშვილმა თქვა, უკვე რამდენიმე კვირაა, მისი ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე მუქარის შემცველი ქმედებები ხორციელდება. დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს დღეს საგამოძიებო უწყებებს მიმართოს.

ჟურნალისტი და „ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე" წერს, რომ „დიტო სამხარაძის საძმომ" „ევროპული საქართველოს" კარზე გაკრულ მარო მაყაშვილის სურათს წითელი საღებავით უხამსი სიტყვა დააწერა.

უმრავლესობის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „დღეს ეს ქალი დამესხა თავზე პარიზის აეროპორტში კივილით და შეძახილებით! თან ევროპა უნდათ და დემოკრატიას იცავენ თურმე!! გეტყვით შემდეგს: უსახურები და საცოდავები ხართ! მონები და უსამშობლოები! გამოგაჭენებთ მალე სამაგალითოდ!".

მანამდე „ფეისბუქით" გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ელისო ბოლქვაძეს აეროპორტში „მონა" დაუძახეს, ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერ უმრავლესობის 84 დეპუტატს შორისაა.

„პარიზში რა გინდათ, აგენტების ქვეყანაში რა გინდათ, აქედან ხომ აგენტებს აფინასებენ?!",- მიმართეს მოაქლაქეებმა ბოლქვაძეს.

ბოლქვაძემ კი საპასუხოდ უთხრა, რომ პოლიციას გამოუძახებდა. ერთ-ერთს კი „იდიოტკა" უწოდა.

შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი ქალბატონი პოლიტიკოს ანა დოლიძის და იყო.

მსგავსი ინციდენტი მოხდა ორი დღის წინ, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის დეპუტატებმა კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და პარლამენტის შენობა დატოვეს. უმრავლესობის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს ერთ-ერთმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დეპუტატი, მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.

როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მეორე დილით ჯაფარიძე ბოდიშის მოსახდელად იმ მარკეტში მივიდა, საიდანაც ფორთოხალი ისროლა.

„ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო. რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი...რა წავართვიოოო??? მართლა არ მოელოდა ამ პასუხს. რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა....",- წერს მაღაზიის მეპატრონე „ფეისბუქზე" და ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) - მეგის ქარდავას ხელდასმმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) - მეგის ქარდავას ხელდასმმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს.ქარდავას პირადი ზონდერი. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ყველა გახმაურებული საქმის წარმოება სწორედ ამ არაკაცს ჰქონდა ჩაბარებული. სწორედ ამ ზონდერმა შეკერილი საქმეებით დაიჭირა ნანა ფაჟავა, ილია ჩაჩიბაია და კახა მიქაია ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

„ხალხის ძალის" რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე მისი მისამართით განხორციელებულ კამპანიას აფასებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ დემოკრატია ყველას აზრის პატივისცემას ნიშნავს.

„ამ კანონში სტიგმატიზება არისო, ამას ევროპელები გაიძახიან და მონაზე მეტი სტიგმა რა გინდათ? იცით საერთოდ მონა რა არის? კიდევ გავიმეორებ: მე ვარ მონა, ჩვენ ვართ მონები და 100 თუ 50 ლარის გულისთვის „სვისტოკი" რომ უკავია პირში ის თავისუფალი ადამიანია? შევეჩვიოთ, დემოკრატია არის კანონის ფარგლებში ცხოვრება და ეს გავითავისოთ ყველამ, რომ კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლება ყველას აქვს და პარლამენტზე შტურმის უფლება არავის აქვს," - განაცხადა ჯაფარიძემ.

მომღერალს და ბორჯომის მერის მოადგილეს ზურა ხაჩიძეს „გავლენების კანონის" მხარდაჭერის გამო ქუჩაში ერთ-ერთმა აქტივისტმა „მონა" უწოდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხაჩიძე ამის საპასუხოდ მოქალაქისთვის მობილურის წართმევასა და ვიდეოს გათიშვას ცდილობს. ადგილი ჰქონდა ურთიერთ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც, მოქალაქემ ხაჩიძეს უთხრა - „ხელი დაიმოკლე".

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ „იმედთან" იმ ინციდენტზე დეტალურად ისაუბრა, რომელიც ქუჩაში შეემთხვა და რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„ეს არ არის გუშინდელი ფაქტი, სადღაც ორი კვირის წინანდელია. პირველი დღეები იყო [გამჭვირვალობის] კანონის განხილვის. ჩემს უბანში, ვერაზე, გადმოვედი მანქანიდან და შევდიოდი მაღაზიაში, სულ სხვა მიმართულებით მივდიოდი და გავიგე ხმა, რომ ვიღაცა იძახის „მონას", მე მომმართავთ მეთქი? - ვკითხე. დავინახე, რომ პატარა გოგოსთან ერთად იდგა შუა ხნის ქალი, გვერდით კიდევ ბიჭი ედგა მცირეწლოვანი. როდესაც გავიგე, რომ მე მეუბნებოდა, დავიწყე გზაზე გადასვლა. მე რა მაქვს დასამალი, ჩემს სიცოცხლეში არასდროს ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ვინმეს დავემალო. ყოველთვის ვამაყობ ჩემი საქციელით. რატომღაც ყველას პარლამენტარი ვგონივარ. ვიდეოს რომ მიღებდნენ, იქაც მესმოდა პარლამენტარიო. სოციალურ ქსელებშიც სულ მიწერენ, რომ თითქოს ხმა მივეცი კანონს და ღილაკს რატომ მივაჭირე, მოღალატე ვარ. პირდაპირ ვეუბნები, არაფერს ვმალავ, მე ამ კანონს ვუჭერ მხარს, ვუჭერ ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას", - აღნიშნა ხაჩიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×