ნატალია ჯვარიძე
31.05.2024

„გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეებისა და მომხრეებს შორის წარწერების საშუალებით დაპირისპირება გრძელდება, რაც, ერთი მხრივ, პოლარიზაციის გამძახილია, მეორე მხრივ კი მას კიდევ უფრო ამძაფრებს. სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი და უფრო მძიმე კონფრონატაციაში ხომ არ გადაიზრდება? ამ საკითხზე ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ ეს დროულად არ დასრულდა შესაძლოა, შეიძლება ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდეს. მეორე მხარე კი მიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„მე ასეთ სცენარს ნამდვილად არ გამოვრიცხავ გამომდინარე იქიდან, რომ ქართველები, ცოტა არ იყოს, ემოციური ხალხი ვართ და ჩვენ ქმედებებს ხშირ შემთხვევაში ვერ ვზომავთ," - აცხადებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ პროტესტანტების მხრიდან მსგავსი რამის მცდელობა არ იქნება, თუმცა იგი პატარ-პატარა კონფლიქტებს არ გამორიცხავს.

კანონის მოწინააღმდეგეებმა იმ დეპუტატების სახლებთან, რომლებმაც კანონის მიღებას ხმა მისცეს ასეთი და მსგავსი შინაარსის წარწერები დატოვეს: „აქ ცხოვრობს მოღალატე მონაჩკა ბოლქვაძე", „მონა ანზორა", „აქ ცხოვრობს მონა". მოგვიანებით საპასუხო წარწერები ენჯეოებისა და ოპოზიციის ოფისებთანაც გამოჩნდა, „მოღალატე ნაცები", „მთის ამბები - მოღალატე მონები" და ა.შ.

ძაბირაძის შეფასებით, ეს დაპირისპირება ოქტომბრამდე მივა, რადგან ხელისუფლებას რომც უნდოდეს, ამ კანონს უკან ვეღარ გაიწვევს, ყველაფერი კი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება არჩევნები.

„დაპირისპირება გაგრძელდება და ალბათ არჩევნებამდე მივა, მე სხვა გამოსავალს ნამდვილად ვერ ვხედავ, რადგან „ოცნება" ამ კანონს უკან ვეღარ გაიწვევს და რომც უნდოდეს, უკვე ძალიან გვიანია. შესაბამისად პროტესტი, რომელიც დიდი ხანია დაიწყო, გაგრძელდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მწვავე სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე არ მივა.

„მიჭირს იმის თქვა, თუ რა იქნება არჩევნებზე, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება. ფაქტობრივად, ეს იქნება გადამწყვეტი, არა მხოლოდ ამ კანონის გაუქმება-არგაუქმებაზე, არამედ საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომი განვითარებისთვის.

„შესაძლოა, ასეთი პატარ-პატარა კონფლიქტები მოხდეს და ჩვენ არჩევნების წინ ასეთი სამწუხარო გამოცდილებები გვაქვს. ასე იყო წინა ხელისუფლების პირობებში და ასეა ახლაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზული დაპირისპირებები არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა პროტესტანტების მხრიდან არ არის და იმედი მაქვს, რომ არც „ოცნებიდან" იქნება, სხვა შემთხვევაში რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტები არ იქნება. არა მგონია ამ ეტაპზე იყოს იმის საფუძველი, რომ ეს დიდ შეტაკებაში გადაიზარდოს," - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ეს დაპირისპირება დროულად დასრულდეს.

„სამწუხაროა, რომ დაპირისპირებამ ასეთი ფორმები მიიღო. საერთოდ კონფლიქტების თეორიიდან და ლოგიკიდან გამომდინარე, თუ ამას დროზე ბოლო არ მოეღო, დიდი ალბათობით, ეს წარწერების გაკეთების ეტაპს გასცდება და კონფლიქტის სხვა უფრო სერიოზულ ფორმებში გადაიზრდება. მე ასეთ სცენარს ნამდვილად არ გამოვრიცხავ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ, ქართველები, ცოტა არ იყოს, ემოციური ხალხი ვართ და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ქმედებებს ვერ ვზომავთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამიტომ საჭიროა ამ კონფლიქტის დროული დასრულება, სანამ რაიმე ცუდ შედეგს მივირებთ," - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×