ელზა პაპოშვილი
02.06.2024

კანონი „უცხოური გავლენის გამჭირველობის შესახებ“, რომელიც ბოლო ორი თვეა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი გახდა, სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირაში ამოქმედდება. როგორ და რა ფორმით აპირებს ხელისუფლება კანონის მოწინააღმდეგეები აიძულოს ამ კანონის მოთხოვნებს დაემორჩილონ და რა პროცესები შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში ამ კანონის ძალაში შესვლით?

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვადის ბოლომდე დაცვის შემთხვევაში, კანონი „უცხოური გავლენის გამჭირველობის შესახებ“ მაქსიმუმ ოთხშაბათს, 5 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, შევა ძალაში.

იმ ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც აღნიშნული კანონი ვრცელდება, ღიად აცხადებენ, რომ მას არ დაემორჩილებიან და რომ „რუსული კანონი საქართველოში არ იმუშავებს“. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? შეძლებენ თუ არა ისინი თუნდაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მიღებას?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, ჯარიმების არგადახდის შემთხვევაში რა ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, რომ ურჩი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები დასაჯოს. თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ, დიდი ალბათობით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს იურისდიქციაში გადავა, რომელიც ჯარიმის ამოღებაზე იმუშავებს. ეს კი იქნება დროში გაწერილი პროცედურა - ერთჯერადად მოხდება გაფრთხილება, შემდეგ კი აღსრულება დაიწყება. თუმცა ეს შესაძლოა თვეების ან წლისს განმავლობაში გაგრძელდეს.

ხელმოწერა და გამოქვეყნება

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონს, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის კანონის დაბრუნებიდან ხუთი დღის ამოწურვის შემდეგ, კანონი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდება და შევა ძალაში.

ცნობისათვის, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 26 მაისს დაძლია.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღე ექნებათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრისთვის პორტალის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, დაახლოებით აგვისტოს დასაწყისიდან, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მნიშნელოვანი ნაწილისთვის, ვინც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, ამ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

კანონის თანახმად, თუკი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს იწყება ათვლა, რომლიდანაც ერთი თვის განმავლობაში (დაახლოებით სექტემბრის დასაწყისამდე) ის ვალდებულია იუსტიციის სახლში თავად წარადგინოს წერილობითი განცხადება და ითხოვოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება. 2 სამუშაო დღეში ის მიიღებს წვდომას შესაბამის ვებსაიტზე. დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში კი ორგანიზაცია ვალდებულია ელექტრონულად შეავსოს განაცხადი.  

თუ ორგანიზაცია უარს განაცხადებს დარეგისტრირებაზე, სახელმწიფო მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს რეესტრში. ამის შემდეგ კი მოსთხოვს ორგანიზაციას ატვირთოს საფინანსო დეკლარაცია. თუ ორგანიზაცია ამ მოთხოვნასაც არ შეასრულებს, მას კიდევ 10 ათასი ლარით დააჯარიმებენ.

სახელმწიფო იგივე ორგანიზაციას მომდევნო თვეს ისევ შეამოწმებს და თუ ისევ აღმოაჩენს მის „ურჩობას“, კიდევ 20 ათასი ლარით დააჯარიმებს. სახელმწიფოს ამ მიზეზით ორგანიზაციის 20 ათასი ლარით დაჯარიმება ყოველ თვეს შეეძლება.

გარდა ამისა, ნებისმიერ რიგით მოქალაქეს შეუძლია სახელმწიფოს წერილობით შეატყობინოს „უცხოური გავლენის ორგანიზაციის“ არსებობა. ამის საფუძველზე კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს (ეს ადამიანი კანონის ამოქმედების შემდეგ გაირკვევა) უფლება აქვს ნებისმიერ დროსდაიწყოს მოკვლევა. მას იმავეს გაკეთება შეუძლია სხვისი განცხადების გარეშეც.  

რა ხდება ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუ როგორ გაგრძელდება პროცესები ასეთ შემთხვევებში, ეს კანონმდებლებს უნდა განესაზღვრათ. თუმცა, „ხელისუფლების დღის წესრიგი სხვა იყო“ და ამიტომ აღსრულების ჯეროვანი მექანიზმი კანონში გაწერილი არ არის. 

„სავარაუდოდ, შესაძლოა ველოდოთ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ კანონ ქვემდებარე ნორმატიულ აქტს, სადაც იქნება ამ თანხის ამოღების პროცედურა გაწერილი. თუმცა ჯარიმების საკითხი საკანონმდებლო აქტით უნდა იყოს გათვალისწინებელი, რაც არ გვაქვს. 

„თუ დავუშვებთ, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ იქნება ქვემდებარე აქტში გამოცემული პროცედურები, მაშინ ეს პროცესი უკვე აღსრულების ეროვნულ  ბიუროს გადაეცემა და იქ  გაგრძელდება პროცედურები. როგორც მინიმუმ ქონების აღწერა, მოძიება და ა.შ. მხოლოდ აღსრულების  ევროვნული ბიუროს უფლებამოსილებაა. კანონმდებლობით შეიძლება ეს ყველაფერი გააგრძელონ. თუმცა პირდაპირ ბმა კანონში, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგ და ვინ უნდა იზრუნოს ამ ჯარიმების ამოღებაზე, გაწერილი არ არის“, - ამბობს ალაფიშვილი. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები და  ონლაინ მედიები ჯარიმას არ გადაიხდიან, მაშინ ამოქმედდება ჩვეულებრივი პროცედურები, რაც ჯარიმის არგადაუხდელობის შემთხვევაში ხდება ხოლმე.

„ჯარიმის ამოღება მოხდება ისე, როგორც ეს ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული. როცა საგზაო მოძრაობის  ან პარკინგის დროს ვჯარიმდებით, ასე მოხდება ამ შემთხვევაში. ნებისმიერ მოქალაქეზე, რომელიც არ იხდის ჯარიმებს, საურავები იწერება. შემდეგ უკვე ჯარიმის ე.წ. ამოღების პროცედურა იწყება, რომელსაც შესაბამისი სამსახური შეასრულებს. ეს კანონში არ წერია, მაგრამ ზოგადი სურათიდან თუ შეხვედავთ, ჯარიმის გადაუხდელობა შემდგომ ღონისძიებებს იწვევს, რათა ეს თანხა ამოღებული იყოს. 

„რასაკვირველია, თუ გაჯიუტდებიან „ნაცენჯეოები“ და არ გადაიხდიან ამ ჯარიმებს, მათ მიმართაც ჯარიმის ამოღების პროცედურები განხორციელდება. ოღონდ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამას დაარქმევენ პოლიტიკურ დევნას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ე.წ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. 

„თუმცა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რადგან კანონის დამცველებმა კანონი უნდა დაიცვან. ხომ გვახსოვს ჩვენ, რომ  რადიკალური პოლიტკური სიბრტყიდან ამბობდნენ, რომ კანონს არ დაამტკიცებინებდნენ ხელისუფლებას, თუმცა კანონიც დამტკიცდა და კანონიც აღსრულდება შესაბამის ვადებში, როგორც არის გაწერილი“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ეს ისევ ჰგავს 2020 წლის მსგავს ნარატივს, როცა ოპოზიცია ამბობდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა. თუმცა შემდეგ „პარლამენტში ერთმანეთს შესვლას ასწრებდნენ“. აბაშიძე ეჭვობს, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება.

„ჯარიმის გადაუხდელობა და მისი ამოღების პორცედურა არ არის მყისიერი და გაწერილია გარკვეული დროის განავლობაში. ეს შესაძლოა რამდენიმე თვეზე ან წელზეც იყოს გაწერილი. წინასაარჩევნოდ დაყადაღება და რაღაცის დახურვა, დიდი ალბათობით, გამორიცხულია. ვალის ამოღების  პროცედურა არაა მყისიერი, რამდენიმე გადაუხდელობის შემდეგ ხდება გაფრთხილება და შემდეგ იწყება აღსრულება. მე ველი, რომ არჩევნების შემდეგ, როცა დაინახავენ რომ წააგეს, დაიწყებენ ახლა იმის პორვოცირებას, ვითომ გაყალბდა. ამასაც რომ ვერ დაამტკიცებენ, მერე იძულებულები გახდებიან ამ რეესტრში დარეგისტრირდნენ“, - ამბობს აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×