ელზა პაპოშვილი
03.06.2024

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დილიდან ათონელის რეზიდენციაში მივიდნენ - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" და ხელს აწერენ დოკუმენტს. 

"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მან პარტიის სახელით ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. „ქართულ ქარტიას“  შეუერთდა  „ლელოც“ - მას ხელი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოაწერა. აგრეთვე, უერთდება  "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ქართულ ქარტიას ხელი პაატა მანჯგალაძემ მოაწერა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" დაპირისპირებაში ქართველ ხალხთან შევიდა, რაც მისი დასასრულების მომასწავებელია. ქარტიის ხელმომწერი „დროას“ ლიდერი  ელენე ხოშტარიაც გახდა. 

ჯამში კი ამ ეტაპზე ქარტიას ხელს 9 ოპოზიციური პარტია აწერს. თუმცა, არიან პარტიები, რომლებიც ამ ეტაპზე ზურაბიშვილის ქარტიას ხელს არ აწერენ და სავარაუდოდ, არც აპირებენ. გიორგი გახარიას პარტია და „გირჩი“ ქარტიის ხელმომწერები არ არინ.   

ქარტიას  ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობა“. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედიდან“ განაცხადა, რომ მისი პარტია პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებას იღებს და ქარტიას ხელს მოაწერენ. 

რაც შეეხება თავად ქარტიას, პრეზიდენტი გადამწყვეტი არჩევნების წინ, ოპოზიციურ პარტიებს "ქართულ ქარტიას" და სამოქმედო გეგმას სთავაზობს. 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ საგანგებო მიმართვისას თქვა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდობითა და სტაბილურობით უნდა მივიდეს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმა სწორედ "ქართული ქარტიის" ირგვლივ გაერთიანებაა, რომლის პუნქტების შესრულებაც, მისი თქმით, არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოს დემოკრატიისთვისაა აუცილებელი. 

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეალურად, არჩევნები იქნება სახალხო რეფერენდუმი, გვინდა თუ არა ევროპა.  

ზურაბიშვილის განცხადებით ,ქართული ქარტია" სრულად უპასუხებს ევროკავშირის 9 პუნქტს. პრეზიდენტმა ის სფეროები ჩამოთვალა, სადაც ცვლილებები გატარდება. საუბარია სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, შსს-ს და სუსის ძირეულ რეფორმებზე, სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებაზე, ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, მათ შორი, საუბარია რუსულ კანონზე. პრეზიდენტის თქმით, ქარტიის ფარგლებში 2024 წლის  აქციებზე პოლიტიკურად მოტივირებულ ყველა საქმეს ამნისტია შეეხება.  

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ "ქართულ ქარტიას" მხოლოდ 3-4 პუნქტში ეთანხამება, ამიტომ დოკუმენტს ხელს ვერ მოაწერდა. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ტექსტის შინაარსი ოპოზიციას ერთობლივად უნდა შეედგინა. 

„დაახლოებით 20-დან 3, 4 პუნქტს თუ დავეთამხებოდი მანდ. დანარჩენ პუნქტებთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვერ დავიცავთ საჯარო სივრცეში, ამიტომ არ გვინდა ავიღოთ ვალდებულება, ხელი მოვაწეროთ იმას, რასაც არ ვეთანხმებით. 

„ჩვენ მივესალმეთ პრეზიდენტის ამ ინიციატივას, იმიტომ, რომ უფრო მეტი გვინდა, ეს არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ გვემუშავა კონსტიტუციის ტექსტზე, რომელიც შეთანხმდებოდა ოპოზიციასთან. არა ის, რომ ვიღაცამ ტექსტი მოამზადოს და მე ხელი მოვაწერო, არამედ ამ ტექსტის შინაარსზე და უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ტექსტი და არა მხოლოდ „ქარტია“, ერთად მუშაობის შედეგად უნდა გამოიკვეთოს ეს პოზიცია, ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი, - ამბობს იაგო ხვიჩია.  

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ქარტია მისთვის სრულიად გაუგებარი მოვლენაა. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გასაგებია ზურაბიშვილის  მცდელობა რაღაც გააკეთოს. ოღონდ ქარტიას პოლიტიკურად არჩევნების შემდეგ რა დატვირთვა ექნება, ძალიან გაუგებარია. 

„ჩვენ გვახსოვს აფეთქებასავით იყო სააკაშვილის დროს სალომე ზურაბიშვილის პოპულარობა, როცა ის გადააყენეს საგარეო საქმეთა მინისტრობის თანამდებობიდან. მაშინ მან გამოაცხადა, რომ ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. იპოდრომზე გვახსოვს საკმაოდ ბევრი ხალხი მივიდა მის მხარდასაჭერად. მერე გამოაცხადა, რომ მოდი ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს და ყვავილები მივიტანოთო. ყვავილების მიტანა, როგორც კი ახსენა და ამ რეჟიმში გადაიყვანა ურთიერთობა, ის მუხტი ჩაქრა, აღარც ყვავილები მიიტანა ვინმემ და რეიტინგიც დაკარგა მას შემდეგ. 

„ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ დაახლოვებით იგივე შთაბეჭდილება მრჩება ამ ქარტიაზეც. ის კეთილგანწყობის თუ რაღაცა მსგავსი დამოკიდებულების ანარეკლი არის, მაგრამ საქმიანი არ არის. ქარტიის ჩანაფიქრია ასეთი, რომ არჩევნების მერე უნდა ამუშავდეს, როცა ეს პარტიები გავლენ და მათ უნდა დაიცვან ეს წესები, რომელიც ამ ქარტიაშია გაწერილი. 

„ჯერ ერთი რომ ზურაბიშვილი თავად პრეზიდენტი აღარ იქნება და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს წესები დაცული იქნება. ხოლო სახელმწიფოები არღვევენ ხელშეკრულებებს და პარტიები რატომ დაიცავენ, გაუგებარია. მითუმეტეს ნაციონალური მოძრაობა რატომ დაიცავს, რომლის მიმართაც ნდობა ძალიან ნაკლებია. არაერთხელ დაურღვევიათ მსგავსი ხელშეკრულებები“,-ამბობს საყვარელიძე. 

მისივე თქმით, თუკი კოალიციურ ხელისუფლებაზე წავიდა საქმე, ალბათ პირველი დამრღვევი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. საყვარელიძე ეჭვობს, რომ ამ ქარტიას ვერ ექნება ვერანაირი პოლიტიკური გავლენა და ბევრი დაუზუსტებელი დეტალია, რომელიც ამ ქარტიას პოლიტიკურ მნიშვნელობას ვერ მისცემს. 

„საუბარი იმაზე, რომ ეს ქარტია ქმედითი იქნება და პოლიტიკურ ველზე რამეს შეცვლის ძალიან ღიმილის მომგვრელია. ჯერ ოპოზიციის მთავარი ამოცანა არჩევნები უნდა იყოს და ელექტორატის იმაში დარწმუნება უნდა შეძლონ რომ ხმა მისცენ. ამისთვის კი არც არაფერს აკეთებენ, გარდა დესტრუქციული რიტორიკისა. ამიტომ იქამდე ასეთი პროექტების დადება, ჯერ მოუკვლელი დათვის ტყავის განაწილებას წააგავს“,-ამბობს საყვარელიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×