თამთა ჩაჩანიძე
10.06.2024

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო პარტნიორები 9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ „საპარლამენტო არჩევნებს" გმობენ და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს კრემლის მორიგი თამაშია, თუმცა ამით არაფერი არ იცვლება ოკუპირებულ ცხინვალში, რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, ექსპერტების თქმით, ეს დადებითი ფაქტორია, როცა არაღიარების პოლიტიკა კვლავ შენარჩუნებულია.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული „საპარლამენტო არჩევნების" პირველადი შედეგების თანახმად, ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის" ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ამჟამინდელი ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასი", მესამეზე კი „კომუნისტური" პარტია.

ოკუპირებულ ცხინვალისე.წ. არჩევნებში მონაწილეობდა შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი", „ნიხასი", კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა", „ირი ფარნი", „ერთობა" და 111 მაჟორიტარი კანდიდატი. ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი" გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი - მოსკოვში, ე.წ."სამხრეთ ოსეთის" საელჩოში და ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში". ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.

.საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს საგარეო უწყება „არჩევნებს" გმობენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს" გმობს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

„ვგმობთ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს" საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან", - აღნიშნულია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში.

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს - წერს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

"ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. "საპარლამენტო არჩევნები" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი", - წერს სტანო პლატფორმა „იქს"-ზე.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაი პოპშოი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. როგორც მიხაი პოპშოი წერს, საქართველოს დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს მიხაი პოპშოი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებითგადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

„არაღიარების პოლიტიკა შენარჩუნებული გვაქვს"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს კრემლის მორიგი თამაშია, თუმცა კარგი ისაა, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შენარჩუნებული აქვს, საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ.

„ყველაფერი ძველებურადაა და არაფერი არ შეცვლილა, ეს კარგიცაა საქართველოში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით იმ მხროვ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობის საქმეში მყარად გვიჭერენ მხარს. თავად ბიბილოვის პარტიის დაწინაურებას მე თუ მკითხავთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს სცენარი ისედაც კრემლის ადმინისტრაციის მიერაა ორკესტრირებული და დადგმული.

„კრემლის ადმინისტრაციის მოადგილე სწორედ ამ მიმართულებას კურირებს, ამიტომ აქ არაფერი იცვლება. ბიბილოვი რუსეთში იყო, საგანგებო სიტუაციების სამინისტროში მუშაობდა, საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო ყოფილ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ხაზით, ახლა შოიგუ რუსეთში უშოშროების საბჭოს მდივანია და როგორც ჩანს, ცხინვალის რეგიონში კრემლის ინტერესები შენარჩუნდა. თან ოკუპირებულ ცხინვალში განლაგებული მეოთხე სამხედრო ბაზა, 58-ე არმიის შემადგენლობაშია შესული, მოქმედი სამხედრო ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფია.

„ბუნებრივია ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა ის, რაც უნდა გამიეხატა, ამით ვითარება არ იცვლება, თუმცა კარგი ისაა, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა ჯერჯერობით შენარჩუნებული გვაქვს, ესეც დადებითი ფაქტია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ეს კლანებს შორის ბრძოლაა, რასაც უკავშირდება კორუფციის მაღალი მაჩვენებელი და რის გამოც მოსახლეობა მასობრივად გადის ცხინვალიდან, რადგან არ იქმნება საცხოვრებელი პირობები.

„კიდევ ერთი უკანონო ე.წ. არჩევნები ჩატარდა, თუ არ ვცდები, რვა ე.წ. პოლიტიკური პარტიაა, ყველა პრორუსულია და ყველა ერთმანეთს ეჯიბრება თუ რამდენად ლოიალურია რუსეთის წინაშე, მათი მიზანია, რომ სხვადასხვა ვითომ პროექტების დასაფინანსებლად კრემლისგან გადმორიცხული თანხებიდან რომ მოითბონ ხელი. ესაა კლანებს შორის ბრძოლა.

„იმასაც გეტყვით, რომ დღეს ცხინვალის რეგიონში უფრო ნაკლები ოსი ცხოვრობს, ვიდრე მაგალითად მხოლოდ თბილისში. ცხინვალი მოსახლეობისგან იცლება, მოსახლეობა სადღაც 30-ათასიდან 40 ათასამდეა. გარბიან იმიტომ, რომ პირობებს არ უქმნიან, კორუფციის ძალიან მაღალი მაჩვნებელია. მათ რუსული პასპორტები აქვთ და ურჩევნიათ ან რუსეთში გადავიდნენ, ან ჩრდილო ოსეთში, ვიდრე ცხინვალის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკა კვლავ იქნება, თუნდაც „ქართული ოცნებაც" რომ იყოს კიდევ ხელისუფლებაში, დასავლეთის დემოკრატიული სამყაროდან არავინ არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×