რეზონანსი
19.06.2024

საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს სურს,რომ საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა.

„ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება თქვენი მეგობარი და ვინ თქვენი მტერი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ აქ საქართველოსთვის ვართ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ჩვენ აქ უკვე 16 წელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გვყავს, რომელიც დეესკალაციისთვის და ორი ოკუპირებული რეგიონის საკითხთან დაკავშირებით ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ქართულ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით ვუჭერდით მხარს. თქვენ მონაცემები ნახეთ, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით 10-ჯერ მეტია. ჩვენ ქართული ინსტიტუტებისა და ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად ყველა ინსტრუმენტს, გამოცდილებასა და ტრენინგს ვიყენებდით და ჩვენ აქ ვრჩებით.

საქართველოს გადასაწყვეტია ის, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი. ჩვენ საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში სრულად ვართ და გვსურს, რომ საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა და მოთმინებით ვართ, ამჟამად ჩვენი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის. ოქტომბერში არჩევნები გაიმართება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება, საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველო და ქართველები თავად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრები გახდნენ. ჩვენი მხრივ, საკითხი ძალიან ნათელია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გელოდებით“, - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ. ასევე, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აკავშირებთ.

„რა თქმა უნდა, ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქვს. ეს ურთიერთობა ვრცელდება არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ბევრ სხვა სფეროზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ, როგორც მსოფლიო ასპარეზზე ძალიან მნიშვნელოვან და შეუცვლელ პარტნიორს, მაგრამ ამავდროულად, ჩინეთის გავლენიდან გამომდინარე რისკების შემცირებას ვცდილობთ, რათა ჩვენი ეკონომიკა ჩინეთზე დამოკიდებული არ იყოს. საქართველომ და ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ის, თუ რომელ სახელმწიფოსთან როგორი ურთიერთობა სურთ“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინკსიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×