თამთა ჩაჩანიძე
29.05.2024

„გავლენების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ დასავლეთიდან უმწვავესი კრიტიკა გამოიწვია. რა კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება აშშ-სგან და ევროკავშირისგან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კრიტიკა მწვავეა და ამასთან, მიიჩნევენ, რომ „ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად". „ქართული ოცნების" წევრები საპასუხოდ ამბობენ, რომ „ეს კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით, მათ ინტერესში და მათი დაკვეთით, რომ მას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია უცხოურ დაფინანსებაზე".

28 მაისს ვეტოს დაძლევის მერე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს საკითხი ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დაამატა. მიშელის თქმით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის" მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.

„ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამის გამო, საქართველოს [საკითხს] ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავამატებ", - წერს შარლ მიშელი.

„ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ყველა ვარიანტს განვიხილავთ და [საქართველოს] მთავრობას მოვუწოდებთ ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი.

დაანონსებული სანქციების მერე კანონის მიღებას აშშ-ს სახდეპი პირველად გამოეხმაურა, პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასებაც და დასავლელი, მათ შორის ამერიკელი პარტნიორების მოწოდებებიც. საქართველოსთან დაკავშირებით მეთიუ მილერს ჰკითხეს, რა კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მთავრობის "ქცევა შეიცვალოს" და შეზღუდვები, რომლებიც ცხადდება, იყოს არა "სადამსჯელო", არამედ სასურველი ცვლილებისკენ ბიძგი.

მილერმა თქვა, რომ სავიზო პოლიტიკის ცვლილება კონკრეტული პირების მიმართ, ისევე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილება სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ - ხუთშაბათს გამოქვეყნდა და ამას დრო დასჭირდება. თუმცა, ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეზღუდვების სამიზნეთა ვინაობა არ გასაჯაროვდება და შესაძლოა ჟურნალისტებმა ვერც გაიგონ, როდის და ვის წინააღმდეგ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

მილერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს სხვადასხვა მიმართულებით.

„ამერიკამ ასევე დაიწყო საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ "ქართული ოცნების" ქმედებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, როცა ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავალური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს", - განაცხადა მილერმა.

კანონის მიღებას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამოეხმაურა.

„ამ ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს ამ კანონის გაწვევის შანსი და შინაარსიან დიალოგში ჩართვაზე თქვეს უარი, უგულებელყვეს ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის ავტორიტეტული იურიდიული მოსაზრებები ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს ასახავს.

„შესაბამისად, ღრმად შეშფოთებული ვარ ამ კანონის უარყოფითი გავლენით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული შეკავებებისა და გაწონასწორების პოლიტიკაზე, რამაც პოტენციურად შეიძლება ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს", - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.

მისი თქმით, ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად.

გამოხმაურება იყო „ჰელსინკის კომისიისგანაც".

„სინამდვილეში, ეს მიუთითებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო [გზით] იძულება გამოიღებს შედეგებს. ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს დაიპყროს თავისი მეზობლები - განსაკუთრებით კი, მასზე ძველი ცივილიზაციები, უკრაინასა და საქართველოში, ვისი ისტორია და კულტურაც წინ უსწრებს მოსკოვს", - წერენ კონგრესმენები უილსონი და კოენი და ხაზს უსვამენ, რომ გმობენ არა მხოლოდ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას, არამედ "რეპრესიების იმ უფრო ფართო კამპანიასაც, რაც საქართველოს მთავრობამ აამოქმედა".

„ონგრესში ველით "მეგობარი აქტს" იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნების ამ შეურაცხყოფაზე ანგარიშვალდებულება უზრუნველვყოთ. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი მეგობრების, ქართველი ხალხის გვერდით, რათა დაიცვას ის სამუშაო, რაც ქართველთა თაობებმა, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, გასწიეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმ მექანიზმებით, რაც ამ კანონში (მეგობარი აქტში) და სხვაგანაც არის გაწერილი", - ვკითხულობთ "ჰელსინკის კომისიის" განცხადებაში.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქართველი ხალხის სახელით და მის ინტერესში ვიმოქმედოთ. ეს კანონიც მიღებულია ქართველი ხალხის სახელით, მათ ინტერესში და მათი დაკვეთით. ასე რომ, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომ მას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია უცხოურ დაფინანსებაზე," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა საუბრები უცხოელ დიპლომატებთან და ისინი ყალბი დილემებით შანტაჟში დაადანაშაულა.

„ზოგიერთი დიპლომატი ჩემთან, სხვა თანამდებობის პირებთან, მათ შორის იუსტიციის მინისტრთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: კი მაგრამ, გიღირთ, რომ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს და ამის შემდეგ დამთავრდება თქვენი ევროპული პერსპექტივა? პასუხს აგებთ სააკაშვილი, რომ მოკვდება, რომ თქვენ აღარც კანდიდატის სტატუსი გექნებათ? აი ასეთი პირდაპირი შანტაჟი გვქონდა ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ. ასეთი ყალბი დილემებით შანტაჟი. „გიღირთ, რომ მოკვდეს?" და რატომ უნდა მოკვდეს? რატომ არ უნდა მოგვცენ [სტატუსი]? ვიღაც რატომ არ უნდა დარეგისტრირდეს? ეს არის ქართველი ხალხის მიერ მიღებული კანონი და, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქე, რომელიც თავს მიიჩნევს კანონმორჩილად, ამ კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ვალდებულებაა საჭირო.

„ევროკომისია ღრმად დამწუხრებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე და ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტების უგულვებელყოფით, რომელიც მკაფიო რეკომენდაციას იძლეოდა, გაუქმებულიყო ეს კანონი. ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს კანდიდატის სტატუსის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში გაწერილი და ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი ცხრა ნაბიჯიდან, სულ მცირე, სამის შემთხვევაში უკუსვლას (დეზინფორმაციის, პოლარიზაციის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროპულ გზაზე. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღმა, ამ დრომდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებული არსებითი პროგრესის მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ მმართველი ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ვალდებულებაა საჭირო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ", - აღნიშნულია ევროკომისიისა და ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ამასთან, ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირმა დაიწყო კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირის რეაგირების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მომდევნო საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის, ივნისში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×