თამთა ჩაჩანიძე
29.05.2024

პრეზიდენტის იდეის განხორციელებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, ჩანასახშივე გარკვეული წინაღობები შეხვდა, პირველ რიგში, შეგროვებულ ხელმოწერებს რომ იურიდიული ძალა ჰქონდეს, პრემიერის თანახელმოწერა - ე.წ. კონტრასიგნაციაა საჭირო, რაზედაც ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ამაზე ირაკლი კობახიძე წავიდეს.

სადავოა „რეფერემდუმის შესახებ" კანონის კონკრეტული ჩანაწერიც, სადაც აღნიშნულია, რომ პროცესი „იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე". კონსტუტუციონალისტების ნაწილი ამბობს, რომ ეს არ შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ნაწილი კი ფიქრობს, რომ როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, „ეს ოკუპანტ რუსეთისთვის საჩუქარია".

თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ კონსტიტუციის თანახმად, კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად რეფერენდუმის ჩატარება იკრძალება.

„გავლენების კანონზე" ვეტოს დაძლევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ახალგაზრდებისგან რეფერენდუმისთვის არანალებ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა მოითხოვა, თუმცა სარეფერენდუმო კითხვა ჯერჯერობით არაა დაკონკრეტებული.

თუ საუბარია „გავლენების კანონის" გაუქმებაზე - კანონის გაუქმებისთვის, ან კანონის მისაღებად რეფერენდუმის გამართვას კონსტიტუცია კრძალავს. კანონმდებლობით, რეფერენდუმის ჩატარება ასევე არ შეიძლება: ამნისტიის ან შეწყალების გამო; საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ; ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ თუ კითხვის ფორმულირება იმ ფრაზის შინაარსიდან იქნება გადატანილი, რაც თავად პრეზიდენტმა მიმართვისას ახსენა - „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა", კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაა და ისედაც განსაზღვრულია, რომ ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.

ამასთან ფიქრობენ, რომ ეჭვები, რომელიც შედეგების შესაძლო გაყალბებაზე არსებობს, გაჩნდება რეფერენდუმის შედეგების დადგენასთან დაკავშირებითაც, რაც არასასურველი სცენარისკენ უბიძგებს ქვეყანას.

მაგალითად, 2016 წლის 9 აგვისტოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომლის მთავარი შეკითხვა, საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნით, უნდა ყოფილიყო - „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?" მარგველაშვილმა უარის ორი მთავარი მიზეზი დაასახელა - რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, რაც, ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდება, ხოლო დღევანდელ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება ოკუპანტ რუსეთს დამატებით სამართლებრივ არგუმენტს მისცემს. მეორე კი ის იყო, რომ საინიციატივო ჯგუფის წინადადებაში წარმოდგენილი ფორმულირება რეფერენდუმს არ ექვემდებარებოდა და რომ ეს საკითხი უკვე განსაზღვრული იყო საქართველოს კანონმდებლობით.

რას ამბობს პრეზიდენტი და რას ავალდებულებს კონსტიტუცია

29 მაისს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით კომენტარები „დაწვრილებით პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდება".

პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს 28 მაისს ვეტოს დაძელევის შემდეგ მიმართა,

„გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? - გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე! საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველა ერთად. 84 კაცი არავინაა იმასთან შედარებით, დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.

„მეორე მთავარი საქმე - თქვენი, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდების მთავარი მოვალეობა, მას შემდეგ, რაც ხელმოწერებს შეაგროვებთ და ჩემთან მოიტანთ, იქნება ის, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება იმიტომ, რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა, ასევე ჩვენი დიასპორის მინიმუმ ნახევარი მილიონი ხმა არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ბრძანებულებით რეფერენდუმის დანიშვნას, რა ინიციატივითაც 28 მაისს სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა - ე.წ. კონტრასიგნაცია სჭირდება. პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით, მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, რეფერენდუმი დანიშნოს, თუმცა პრემიერის მხრიდან თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეფერენდუმი ვერ გაიმართება.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერი დაჟინებით იძახის, „გავლენების კანონს" 60%-იანი მხარდაჭერა აქვსო, რეფერენდუმზე უარის არც თუ იოლი დასასაბუთებელი იქნებოდა.

კანონის თანახმად, რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ. ამასთან, კანონში პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იმართება. რეფერენდუმს ამზადებს და ატარებს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია.

ოპოზიციის ნაწილი გაურკვევლობაშია, ნაწილი კი არ ეთანხმება პრეზიდენტის იდეას, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და მისთვის გაუგებარია რეფერენდუმის იდეა, რასთან დაკავშირებითაც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, მაგრამ სრულიად მხარს ვუჭერ იმ ქარტიას, რომელიც პრეზიდენტმა გამოაცხადა. მხარს ვუჭერ როგორც რეფორმების ნაწილს, ასევე პოლიტიკურ ნაწილს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყველამ უნდა მოიპოვოს ნდობა, ვინც გადის არჩევნებზე. ეს ნდობა, უპირველეს ყოვლისა, არის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს, ჩვენ ძალაუფლებისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით ამ ქვეყნის გადასარჩენად", - აღნიშნა დეკანოიძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ კი „თაღლითური და მავნებლური კამპანია" უწოდა ზურაბიშვილის იდეას. წერს, რომ „ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რომელზეც მთელი ქვეყანა და საზოგადოება შეთანხმებულია, რომელსაც, სხვათა შორის, ნაცებმა ხმა საერთოდ არ მისცეს. რა რეფერენდუმი, ვინმემ ან უთხარით, ან გაახსენეთ, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი ჯერ კიდევ 7 წლის წინ შევიტანეთ კონსტიტუციაში".

რა პერსპექტივა აქვს რეფერენდუმს

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ეს იდეა მაინცდამაინც მიზაშეწონილი არაა, რადგან თუ ქვეყნის საგარეო კურზეა საუბარი, ეს ისედაც განსაზღვრულია კონსტიტუციით.

„კანონი ამბობს, რომ რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა გამოტოვოს რომელიმე ადგილი, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილი ოკუპირებულია, შესაბამისად, ხელისუფლება ობიექტურად ვერ უზრუნველჰყოფს ამ ორ ტერიტორიაზე რეფერენდუმის გამართვას. თუმცაღა, ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი, რადგან ეს არაა დამოკიდებული ხელისუფლების ნებაზე. თუმცა ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ასე არაა, რომ სანამ ტერიტორია მთლიანად არ აღდგება, მანამდე რეფერენდუმის გატარება არ შეიძლება - მე ამ აზრს არ ვიზიარებ. იმასაც გეტყვით, რომ რეფერენდუმის გამართვის პრეცედენტი უკვე იყო, ეს იყო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მასთან ერთად რეფერენდუმიც გაიმართა.

„კანონის გაუქმებისთვის, ან კანონის მისაღებად რეფერენდუმის გამართვვას კონსტიტუცია კრძალავს. ეს არ შეიძლება. თუ პრეზიდენტთან შემოწმებული ხელმოწერები მივიდა, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იურიდიულ ძალას მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ მიიღებს, ანუ თუ მთავრობას არ ენდომება, რეფერენდუმი ვერ გაიმართება.

„დღევანდელი მდგომარეობით, ეს იდეა მაინცდამაინც არ მხიბლავს, რადგან კონსტიტუციით ვალდებულებაა და ისედაც განსაზღვრულია, რომ ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ეს ჩვენი უმაღლესი კანონია და ყველა ვალდებულია შეასრულოს. ვინც არ ასრულებს, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ, რაც პირველ რიგში ვლინდება იმაში, რომ არჩევნებზე ასეთ ხელისუფლებას მხარი არ უნდა დავუჭიროთ. შევამოწმოთ, უნდათ თუ არა ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა? მე ვფიქრობ, რომ არც ეს საკითხი არ დამდგარა ეჭვქვეშ არასოდეს და არც არავის დაუყენებია. მაშინ რად გვინდა რეფერენდუმის ჩატარება?

„წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იძენს რეფერენდუმის ძალასაც იმდენად, რამდენადაც მმართველი პარტიის მოქმედება დღეს აშკარად ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღებით, საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები აღარ გაიმართება.

„ეს არჩევნები ამჟამად რეფერენდუმის შინაარსსაც ატარებს, ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ ახლა ეს ვითარებაა.ამიტომაც მიჩნდება კითხვა და პასუხი არ მაქვს - მაშინ რა საჭიროა რეფერენდუმის გამართვა? თან გავითვალისწინოთ, რომ ის ეჭვები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არსებობს არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, ეს ეჭვები გაჩნდება რეფერენდუმის შედეგების დადგენასთან დაკავშირებითაც და სჯობს, რომ ამ იდეას შევეშვათ",- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია.

„ყოველ ჯერზე ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ის არა მხოლოდ კონსტიტუციის ჩარჩოებიდანაა გასული, არამედ ადეკვატურობის და რაციონალურობის სივრციდანაც. როგორ შეიძლება რეფერენდუმის დანიშვნა, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მორღვეულია?! ამითი რა საჩუქარს უკეთებს ოკუპანტ რუსეთს, თუ რეფერენდუმი ჰიპოთეტურად ჩატარდა საქართველოში, რომელსაც დროებით კონტროლი არ აქვს ერთ მეხუთედზე, ესე იგი სეპარატისტებს აღიარებს და ამითი ახარებს რუს ოკუპანტს?

„მისი ზოგადი აბსურდული იდეა იყო ევროპა თუ რუსეთი, ეს უკვე კონსტიტუციის 78-ე მუხლითაა განსაზღვრული „ქართულ ოცნების" პირობებში ჩაწერილით. ეს განსაზღვრულია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და ამითი რას აპირებს, კონსტიტუციის რევიზიას? ამ ტოტალურ აბდა-უბდაში შეუძლებელია, რომ სერიოზულად აღიქვა სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი გამოხტომა, რომელიც უწინარესად უკავშირდება იმას, წარმოაჩინოს თავი, რომ ის საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, ხშირად მოხვდეს ჰედლაინებში და დიდი ყურადღება ჰქონდეს, მაგრამ ყურადღების მიქცევას სახელმწიფო მოღვაწეები ახერხებენ რაციონალური პოლიტიკისა და რაციონალური განცადებების გაკეთებით, რაც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში არ ჩანს.

„რეფერენდუმის ინიცირებას მინიმუმ 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა სჭირდება, ქვეყნდება პრეზიდენტის ბრძანება, რომელსაც ასევე კანონმდებლობით ესაჭიროება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა და როგორ ჰგონია ზურაბიშვილს,რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე მას ხელს მოუწერს ამ მორიგ კონსტიტუციურ სიგიჟეზე?! ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ამას ზურაბიშვილი გამოიყენებს იმისთვის, რომ მორიგჯერ „ქართული ოცნების" ხელისუფლებას თავს დაესხას, რომ თითქოს ანტიევროპულია, პრორუსულია და ა.შ. მისი ნებისმიერი არგუმენტი ტრაგიკომიკურია უწინარესად მისი და მისი გარემოცვისთვის და მისი საპარლამენტო მდივანი ვნახეთ როგორ ჯამბაზობდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

„მისი აბსურდული განცხადება ასევე არასერიოზულია იმ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც თითქოს მის გარშემო არიან გაერთიანებულები, კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა ნაცრადიკალებიდან, რომ ეს არის აბსოლუტურად აბსურდული ინიციატივა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონმდებლობასთან, კონსტიტუციასთან და ადეკვატურობასთან. ამითი ზურაბიშვილი რას ცდილობს, რომელმაც ორბელიანების სასახლეში მოდერნიზირებული ფანჩატური შექმნა - უცნობია. სასაცილოა და პოლიტიკური შაპიტოს დონეზეა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×